ხერთვისის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში მდებარეობს (კოორდინატები: Lat: 41.479636°; Lon: 43.286857°). ის არტაანის და ჯავახეთის მტკვრის შესართავთან დგას და სამხრეთიდან მომავალ მთავარ გზას დარაჯობდა ხეობის ვიწრო გასასვლელში. ხერთვისის ციხის შესახებ ისტორიული ცნობები ძალიან მწირია. პირველი ცნობა, რომელშიც ხერთვისია მოხსენიებული, ლეგენდური ხასიათისაა, ლეონტი მროველი ალექსანდრე მაკედონელის ქართლში ლაშქრობის შესახებ თხრობისას (ალექსანდრე მაკედონელს ქართლი არ დაულაშქრავს) ასახელებს საქართველოს ციხე-ქალაქებს, რომლებიც აქ ალექსანდრეს დახვდა, მათ შორის ხერთვისსაც – “შემდგომად ამისსა განძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქუეყანა, და აღმოვიდა ქუეყანასა ქართლისასა. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერთვისი მტკურისა…“ (ქ.ც.). სამშენებლო წყობაში ანტიკური პერიოდის ფენა არ დასტურდება, თუმცა ძეგლი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ციხე-სიმაგრის კედლების სამშენებლო წყობის მიხედვით, უძველესი ფენა X საუკუნით თარიღდება. ძეგლზე აღმოჩენილია ორი წარწერიანი ქვა, დღეისათვის ორივე დაკარგულია. ხერთვისის ციხის ეკლესიის დაზიანებულ წარწერიან ქვაზე მხოლოდ სიტყვების – „მეფეთა-მეფე“ და თარიღის – 985 წ. ამოკითხვა მოხერხდა. მეორე წარწერიანი ქვა ციხის შესასვლელზე ყოფილა მოთავსებული და მისი ტექსტის თანახმად მეფის მოლარეთუხუცესს – ზაქარია ქამქამისშვილს 1354-1356 წლებში გალავანი და კოშკი აუგია: „სახელითა ღვთისათა, ოხითა და შეწევნითა წმიდისა მშობელისა ღვთისათა, მინდობითა წმიდისა იოანე მახარობლისათა, ვიწყე მეფეთ-მეფისა მოლარეთუხუცესმა ზაქარია, ძემან ქამქამისშვილისამან, ოფელმან, კოშკი და გალავანი ესე მბ (1354) და გავათავეთ მდ (1356)“. ირან-ოსმალეთის ომის დროს, 1578 წელს, საქართველოში შემოჭრილ ლალა ფაშას, არფაქსად იოთამის ძემ ხერთვისი და კიდევ ხუთი ციხე გადასცა. ოსმალებმა ის ლივისა და სანჯაყის ცენტრად აქციეს. 1588 წელს მანუჩარ II ათაბაგმა ხერთვისის ციხე შაჰ-აბასს დაუთმო. 1624 წელს გიორგი სააკაძემ ციხე ყიზილბაშებისგან გაათავისუფლა, მაგრამ იძულებული იყო ოსმალებისთვის გადაეცა. ამის შემდეგ იგი ოსმალეთის ფაშის რეზიდენციაა. ვახუშტი ბაგრატიონი ხერთვისის ციხის შესახებ წერს: „და სად ერთვის მტკუარს ჯავახეთის მტკუარი, ამ ორს მდინარეს შორის არს ხერთვისი, მტკურის აღმოსავლეთის კიდეზე და ჯავახეთის მტკურის სამხრით. და შენი არს აქა ციხე ფრიად მაგარი, და დგანან აწ იენგიჩარნი“. 1771 წელს ციხე ერეკლე II-მ აიღო, თუმცა ვერ შეინარჩუნა. ციხე-სიმაგრე საქართველოს 1828 წელს, ადრიანოპოლის ზავის საფუძველზე დაუბრუნდა.
ძეგლის აღწერა
ხერთვისის ციხე კლდის კეხს მიყვება და რთული ნაგებობაა, რომელსაც გეგმაში წაგრძელებული მრავალწახნაგას ფორმა აქვს. ციხე ციტადელისა და ქვედა ციხისგან შედგება. ციტადელი ორ მონაკვეთადაა გაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს კარით უკავშირდებოდა. დასავლეთ ნაწილში ოთხწახნაგა კოშკი და დარბაზული ეკლესია დგას, აღმოსავლეთ ნაწილი ხუთწახნაგა კოშკით სრულდება, ამ მონაკვეთის სამხრეთის კედელს ოთხწახნაგა კოშკი ეკვრის. ოთხწახნა კოშკი პრიზმული ნაგებობაა (ზევითკენ არ ვიწროვდება) და მისი გეგმა კუთხეებმომრგვალებულ კვადრატს წარმოადგენს. იგი მოგვიანებით საცხოვრებლად გადაუკეთებიათ. ციტადელის კედლები გამაგრებულია კონუსური კონტრფორსებით. მის გალავანს ეკვრის ასევე ნახევარცილინდრული, ბურჯისებრი, რამდენიმესართულიანი კოშკები. დასავლეთ მონაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კლდის შვერილზე მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. შესასვლელი ერთია – დასავლეთიდან. ეკლესიის შესასვლელთან მისვლა მრუდხაზოვანი კიბითაა შესაძლებელი, რომელიც კლდეს ებჯინება. საკურთხევლის იატაკი კლდეშია გამოკვეთილი და, დარბაზის იატაკთან შედარებით, ერთი საფეხურითაა შემაღლებული. ინტერიერი აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითო თაღოვანი სარკმლით ნათდება. დარბაზი გადახურულია ცენტრისკენ შემაღლებული კამარით. ფასადებს თაროსებრი ლავგარდანი ასრულებს.
ქვედა ციხე საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას ფარგლავს და სამ მონაკვეთად იყოფა. ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ნაწილები საცხოვრებელ სახლებს ეჭირა. ქვედა ციხის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მტკვრისკენ მიმავალი გვირაბი იწყება, რომელიც კლდოვან ფერდობს ჩაუყვება. გვირაბის ბოლოს სათოფურებით აღჭურვილი ვრცელი სათავსია. ქვედა ციხის გალავანი ნახევარცილინდრული ბურჯებითაა გამაგრებული. სამხრეთ ნაწილში ორი სწორკუთხა ბურჯია ჩართული, ბურჯებს შორის კი გალავანში შესასვლელია მოწყობილი.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ვ. ბაგრატიონი – აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტომი IV. 1973 წ. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ბაგრატიონი – საქართველოს ისტორია (დ. ბაქრაძის რედაქციით). 1885 წ. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე – ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი. 2013 წ. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- პ. ზაქარაია – ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია. 2002 წ. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ლ. მროველი – შემოსვლა ალექსანდრესი და მეფენი ფარნავაზიანნი, ქართლის ცხოვრება. 1955 წ. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- საქართველოს ისტორია, ტომი I. 2012 წ. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ა. ფრონელი – დიდებული მესხეთი. 1914 წ. გორი. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ცისკარიშვილი – ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო. 1959 წ. თბილისი.
რესურსები ინტერნეტში:
- ხერთვისი. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- ხერთვისის კომპლექსი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ხერთვისის ციხე. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ხერთვისის ციხე. ციხე-სიმაგრე. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ხერთვისი. დონჟონი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ხერთვისი. მე-10 საუკუნის კოშკი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ხერთვისის კომპლექსის კოშკი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ხერთვისი. ეკლესია. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ხერთვისის ციხე. novators.ge ⇒
- ხერთვისის ციხე. saunje.ge ⇒
- ხერთვისის ციხე. ka.wikipedia.org ⇒
- ხერთვისის ციხე. georgiantravelguide.com ⇒
ხერთვისის ციხეზე ლეგენდა მინდა.
ხერთვისის ციხის შესახებ მოგვეპოვება ეს ლეგენდა: თამარ მეფეს ორი კალატოზისთვის, ოსტატისა და შეგირდისთვის, ორი კოშკის აგება უბრძანებია. ოსტატს აღმოსავლეთის კოშკი უნდა აეშენებინა, შეგირდს კი – დასავლეთისა. ვინც უფრო ლამაზ კოშკს ააგებდა მეფე დიდ ჯილდოს დაჰპირებია. ხელოსნებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მუშაობა დასრულებული, რომ ხალხს ყაყანი დაუწყია – შეგირდის კოშკი უკეთესიაო. თამარ მეფესაც შეგირდის ნამუშევარი უფრო მოსწონებია და იგი წინასწარვე უხვად დაუჯილდოვებია. ოსტატი განრისხებულა, დრო იხელთა და როდესაც შეგირდი კოშკის თავს ასრულებდა, კიბე გამოაცალა. შეგირდი კიბის გარეშე დაბლა ვეღარ ჩამოდიოდა, ამოტომაც დარჩენილი ფიცრებით ფრთები გაუკეთებია, წელზე ცული დაუმაგრებია და ჯავახეთის მტკვრის მეორე ნაპირზე გაფრენილა. იგი ძირს უხერხულად დაშვებულა, ცულით დაჭრილა და გარდაცვლილა. ამ ადგილს ხერთვისელები მსხვერპლის ადგილს ეძახიან.
სად მდებარეობს ხერთვისი?
ხერთვისის ლეგენდა მინდა.
ხერთვისი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, რუკაზეც გვაქვს მონიშნული. ხერთვისის ციხის შესახებ მოგვეპოვება ეს ლეგენდა: თამარ მეფეს ორი კალატოზისთვის, ოსტატისა და შეგირდისთვის, ორი კოშკის აგება უბრძანებია. ოსტატს აღმოსავლეთის კოშკი უნდა აეშენებინა, შეგირდს კი – დასავლეთისა. ვინც უფრო ლამაზ კოშკს ააგებდა მეფე დიდ ჯილდოს დაჰპირებია. ხელოსნებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მუშაობა დასრულებული, რომ ხალხს ყაყანი დაუწყია – შეგირდის კოშკი უკეთესიაო. თამარ მეფესაც შეგირდის ნამუშევარი უფრო მოსწონებია და იგი წინასწარვე უხვად დაუჯილდოვებია. ოსტატი განრისხებულა, დრო იხელთა და როდესაც შეგირდი კოშკის თავს ასრულებდა, კიბე გამოაცალა. შეგირდი კიბის გარეშე დაბლა ვეღარ ჩამოდიოდა, ამოტომაც დარჩენილი ფიცრებით ფრთები გაუკეთებია, წელზე ცული დაუმაგრებია და ჯავახეთის მტკვრის მეორე ნაპირზე გაფრენილა. იგი ძირს უხერხულად დაშვებულა, ცულით დაჭრილა და გარდაცვლილა. ამ ადგილს ხერთვისელები მსხვერპლის ადგილს ეძახიან.