პატარა კლდეისის ნამოსახლარი

პატარა კლდეისის ნამოსახლარი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა კლდეისში მდებარეობს. ნამოსახლარი შუასაუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს, თუმცა აქ უფრო ადრეულ პერიოდებშიც უნდა ყოფილიყო მეგალითური კომპლექსი. ასეთი შემთხვევები ხშირად გვხვდება – შუასაუკუნოვანი დასახლების განვითარება მეგალითურ ნაშთებზე: სამშვილდე, დაღეთი, ნახიდური, გოგიჩაანთღელე და სხვა. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავლად გვხვდება მიმოფანტული დიდი ზომის ლოდები და ლოდთა ჯგუფები. ნაგებობები ნაშენია ციკლოპური წყობით, დაუმუშავებელი ქვებით დუღაბის გარეშე. ნამოსახლარს დიდი ტერიტორია უჭირავს. სადგომთა უმრავლესობა წრიული გეგმარებისაა, გვხვდება ერთმანეთთან დაკავშირებული განყოფილებები. როგორც ჩანს, დასახლება გალავნით უნდა ყოფილიყო დაცული. აღსანიშნავია, რომ კლდეისზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზა, რომელიც სამშვილდეს თრიალეთთან აკავშირებდა. კლდეისის ხევში მდებარე მონასტერსა და ციხეს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი, ის ასევე აღწერს ხორხების საყინულეს. ხორხები პატარა კლდეისის ძველი სახელწოდებაა. ხორხების საყინულე (კლდეისის საყინულე) სწორედ აღნიშნული ნამოსახლარის განაპირას მდებარეობს. კლდეისის ნამოსახლართან ახლოს ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ დიდი კლდეისის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ეკლესიები.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *