კუხის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია

კუხის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (ფირაანთ ეკლესია, პეტრიანთ საყდარი, გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესია) ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გომარეთში მდებარეობს. იგი XI საუკუნით, 1014-1022 წლებით თარიღდება. ნაგებობა ამჟამად ძალიან დაზიანებულია, ჩაქცეულია კამარა და კონქი, რომელთაგანაც მხოლოდ რკალის საწყისი ნაწილია შემორჩენილი (წყობის 2-3 რიგის დონეზე). შესასვლელის ბალავრის ქვაზე რამდენიმე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი: „ქრისტე ადიდე ლიპარიტ ერისთავთ ერისთავი და შვილნი მისნი“, „სტეფანოსს და მამას და ყოველსა ერსა მათსა წმიდაო ეკლესიაო სიგრილე ყავ დიდსა მას დღესა“, „სახელითა ღმრთისათა მას ჟამსა ოდეს ძრიელმან და უძლეველმან გიორგი აფხაზთა მეფემან შეიპყრა ზვიად მარუშიანი, მაშინ ესე ბალავარი დვა ხელითა ცოდვილისა მიქელ ხუცეს-გალატოზისაითა“. ბალავრის ქვის გვერდით ფასადზე ჩართულია კიდევ ერთი წარწერიანი ქვა: „ქრისტე, სახელითა ღმრთისაითა მე კუხმან შევწირე წმიდას ამას ეკლესიასა წისქუილნი, ჟამის საწირვად დღე ხარებაი. მღუდელთ წირონ დღე ეგე“. ეკლესია დარბაზულია და აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც სწორკუთხედშია მოქცეული. აფსიდის იატაკი დარბაზთან შედარებით ორი საფეხურითაა შემაღლებული. ტაძრის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. თაღი, რომელიც დასავლეთ კედელს ებჯინება შეკიდულია, პილასტრებს არ ეყრდნობა. პილასტრები სადა, თაროს, წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი კაპიტელებით სრულდება. ეკლესია მთლიანად თლილი ბაზალტის კვადრებითაა მოპირკეთებული, თუმცა განსაკუთრებით სუფთად გამოყვანილია პილასტრები და თაღები. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის აფსიდში ორი სარკმელია, ერთი თაღოვანია, მის ქვემოთ კი მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთითაც თაღოვანი სარკმელი ყოფილა, რომელიც ამოუქოლავთ, სამი თაღოვანი სარკმელი კი სამხრეთის კედელშია გაჭრილი, ჩრდილოეთის კედელი ყრუა. საკურთხეველში ერთი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიშია. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, იგი დარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი – თაღოვანი. შესასვლელის ბალავრის ქვა ძალიან ლამაზი და დახვეწილი ჩუქურთმებითაა შემკული, აქ გვხვდება გეომეტრიული ორნამენტები, წნული ჯვარი, მცენარეული და ცხოველთა გამოსახულებები და ერთგვარი გველეშაპის გამოსახულება (ადამიანის ტანითა და ხელებით). სამხრეთის ფასადზე ასევე გვხვდება მოწითალო და მოცისფრო ქვის მცირე ორნამენტული ჩანართები და მზის საათი. აღმოსავლეთის სარკმელზე შემორჩენილია წითელი ქვის ორნამენტირებული მოჩარჩოების ფრაგმენტი. ღვთისმშობლის დაძრიდან რამდენიმე ათეულ მეტრში IX-X საუკუნეების წმ. გიორგის ტაძარი დგას, სოფლის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ეკლესიაა.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *