ლაღამის მაცხოვრის ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ტაძარია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის ერთ-ერთ ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. იგი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურული, ისე ფრესკული მხატვრობის თვალსაზრისით. ეკლესია ორსართულიანი, კრიპტიანი ნაგებობაა. პირველი სართული VIII- IX საუკუნეებშია აგებული, XIII საუკუნეში მეორე სართული დაუშენებიათ, მშენებლობის მესამე ეტაპი კი დასავლეთის მინაშენია. ქვედა ეკლესია ძალზე მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, მარტივი, სადა ინტერიერით და ბრტყელი საკურთხევლით. ქვედა ეკლესიას მოგვიანებით გაკეთებული მინაშენი აქვს, რაც ზედა ეკლესიის მშენებლობით აიხსნება. ზედა ეკლესია, უფრო მოზრდილი, დარბაზული ნაგებობაა, რომლის ინტერიერი პილასტრებზე დაყრდნობილი კედლის თაღებით და კამარის ორ თანაბარ ნაწილად გამყოფი საბჯენი თაღით არის დანაწევრებული. დასავლეთი მხრიდან მასაც მინაშენი ახლავს. ტაძრის ფასადებზე სარკმლებია, რომლებიც სადა, ლილვოვანი საპირეებითაა მორთული. როგორც ქვედა, ისე ზედა ეკლესიები და ზედა ეკლესიის სამი ფასადი მოხატულია. პირველი სართული ნატეხი კლდის ქვით, მეორე სართული კი შირიმის კარგად ნათალი კვადრებითაა ნაშენი. მინაშენში ნატეხი კლდის ქვაა გამოყენებული, მხოლოდ კონსტრუქციული ნაწილებია შირიმის ქვაში გამოთლილი.

ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის ინტერიერის მოხატულობაში შემორჩენილი საქტიტორო წარწერებიდან ვგებულობთ, რომ ლაღამის ზედა ეკლესიის მაშენებელი შალვა ქირქიშლიანი იყო, ხოლო მოხატულობის მომგებელი – მისი ძმა, ნექე. ტაძარში თავმოყრილია სხვადასხვა პერიოდის, განსხვავებული სტილის ფრესკები. გარდა ამისა აქ დაცულია ისტორიულ პირთა, ადგილობრივ აზნაურთა – ქირქიშლიანების – საერო პორტრეტები. ლაღამის ზედა ეკლესიის მოხატულობა სვანეთში შემორჩენილი ე.წ. “პალეოლოგოსთა ხანის” მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშებია (პალეოლოგოსთა სტილი XIII საუკუნის ქრისტიანულ ხელოვნებაში გავრცელებული ახალი მიმდინარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტერესი ანტიკურობისადმი, მეტი თავისუფლება და დინამიკურობა, ფერწერულობა და ემოციურობა). ფრესკები ძალიან მრავალფეროვანია და შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის სცენებს, წმინდანთა გამოსახულებებს და “სამების” ძალიან იშვიათ იკონოგრაფიულ სქემას (ისეთივეს, როგორიც უბისის ტაძარში გვხვდება).
ლაღამის ეკლესიიდან 250 მეტრში მდებარეობს საოცარი ქართველი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ თუკი მესტიას ესტუმრებით.

 

ზედა ეკლესიის მოხატულობის რეპერტუარი

სცენები: “სამება”, ადამ და ევას ისტორია, ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმად შესვლა, ჯვარცმა, მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ამაღლება.
ციური ძალნი: ანგელოზი, ქერობინი, მთავარანგელოზები.
წინასწარმეტყველები: წმ. დავით, წმ. სოლომონ, ესაია, დანიელი.
მოციქულნი: წმ. პეტრე, წმ. პავლე.
ეკლესიის მამები: წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი.
დიაკვნები: წმ. სტეფანე პირველმოწამე, წმ. გერმანე.
წმინდანები: წმ. გიორგი, წმ. მარინე, წმ. დემეტრე, წმ. ირინე, წმ. ეკატერინე, წმ. ბარბალე, წმ. კვირიკე, წმ. ივლიტა, წმ. ქრისტინე, წმ. თეკლა.
სიმბოლური გამოსახულებები: გოლგოთის ჯვარი, განედლებული ჯვარი.
საერო პირები: მთავრები, ერისთავები, ფეოდალები, შალვა ქირქიშლიანი.
ორნამენტები: კიბისებური, ყვავილოვანი, სტილიზებური ყლორტი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *