ლეჩურის ღვთისმშობლის ეკლესია (“ადგილის დედა”)

ლეჩურის ღვთისმშობლის ეკლესია ("ადგილის დედა")

ლეჩურის ღვთისმშობლის ეკლესია (“ადგილის დედა”) კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მდებარეობს. ძეგლის პასპორტის მიხედვით იგი ადრეული შუა საუკუნეებით თარიღდება, თუმცა დათარიღების საკითხი, ვფიქრობ, გადახედვას და დამატებით კვლევას საჭიროებს, საეჭვო ჩანს ნაგებობის ადრეულობა. ეკლესია დარბაზულია, სამხრეთისა და დასავლეთის მინაშენებით. ნაგებობა აზიდული პროპორციებით ხასიათდება. ინტერიერში სიმაღლისკენ სწრაფვის განცდას აძლიერებს დეკორატიული თაღებიც. ფასადები სრულიად მოურთველია. ძეგლი ძალიან დაზიანებულია, ჩამონგრეულია თაღ-კამარები, აღმოსავლეთ კედელი ორადაა გახსნილი და ნაწილობრივ ჩამოშლილია, ჩამონგრეულია დარბაზისა და დასავლეთ მინაშენის გამყოფი კედელი. ყველა კედელს ბზარები აქვს. ნაწილობრივაა შემორჩენილი სამხრეთ მინაშენიც, მისგან დარჩენილია აფსიდი და დასავლეთ კედლის ფრაგმენტი. ტაძრის ინტერიერი დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე ნაშალითა და მიწითაა ამოვსებული. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით დუღაბზე, ალაგ-ალაგ (კაპიტელებისთვის, შესასვლელის ტიმპანის თაღისთვის და ა.შ.)  გამოყენებულია დამუშავებული შირიმიც. წყობაში რეგულარობა დაცული არ არის. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან. იგი არქიტრავულია, თუმცა ორივე მხრიდან ნახევარწრიული ტიმპანი აქვს. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი, ოდნავ ნალისებრი აფსიდით სრულდება, რომელიც ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. დარბაზი ერთი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ნაწევრდება. პილასტრების ზედა საფეხურებზე კამარის საბჯენი თაღი გადადიოდა, ქვედა საფეხურებზე კი დეკორატიული თაღებია გადაყვანილი, რომლებიც აღმოსავლეთითა და დასავლეთით აფსიდის მხრების ქვედა საფეხურებსა და კუთხის პილასტრების ქვედა საფეხურებს ეყრდნობიან. სატრიუმფო და დეკორატიული თაღები მარტივი პროფილის მქონე (დახრილი სიბრტყე და თარო) კაპიტელებს ეყრდნობა. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. დარბაზი სამი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, თითო კი – ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში. სამივე სარკმელი თაღოვანია და მათი წირთხლები შიგნითკენ ფართოვდება. მთავარი დარბაზი დასავლეთით ორსართულიან მინაშენს უკავშირდება. იგი ექსტერიერში დარბაზს განუყოფლად ებმის, ცალკე არ განირჩევა და მხოლოდ ინტერიერში გამოიყოფა კედლით. მინაშენი ერთი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა სარკმლით ნათდება, თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კადელშია გაჭრილი, სწორკუთხა კი – ჩრდილოეთისაში. ეკლესიას სამხრეთით მთელს სიგრძეზე მინაშენი გასდევს – კარიბჭე-ეკვდერი. სამხრეთ მინაშენი აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი, უსწორმასწორო მოხაზულობის აფსიდით სრულდება. მის ცენტრალურ ნაწილში კარიბჭე ყოფილა მოწყობილი. ეს მონაკვეთი ამაღლებული იყო და დამოუკიდებელი კამარა და ორკალთა სახურავი ჰქონდა. ტაძრის სამხრეთ კედელზე შემორჩენილია კარიბჭის ამაღლებული ნაწილის კვალი. ეკვდერის აფსიდში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. როგორც ჩანს, ეკვდერს შესასვლელი დასავლეთიდანაც ჰქონია. განსხვავებით ორმხრივი ან სამმხრივი მინაშენების მქონე დარბაზული ეკლესიებისგან, ლეჩურის ღვთისმშობლის ეკლესიაში დასავლეთ სათავსი მხოლოდ მთავარ დარბაზს უკავშირდება, სამხრეთის მინაშენისგან კი იზოლირებულია. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ს. გოგოლაურს. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  • ძეგლის პასპორტი. პ. კიკაჩეიშვილი. 1989. 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *