მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი
მარტვილის კანიონი
previous arrow
next arrow
Slider

 

მარტვილის კანიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 210 მეტრზე. იგი ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია საქართველოში და მტელი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს. კლდეთა მასივებს შორის ნავით სეირნობა, მომწვანო-მოლურჯო წყალი და ჩანჩქერები სამოთხისებურ გარემოს ქმნის. მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლი მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას წარმოადგენს. მისი სიგრძე 2400 მეტრია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, სიგანე კი – 5-10 მ. კანიონის ტერიტორიაზე კარსტული მღვიმე ყოფილა, რომელიც ჩამოშლილა, ამაზე კანიონში ორ ადგილას არსებული კირქვის ბუნებრივი ხიდები მეტყველებს. კანიონის შუა წელში 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები გვხვდება. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა “დადიანების საბანაოს” სახელით ცნობილი ადგილი – ოფუცხოლე. “დადიანების საბანაოზე” ჩასასვლელად კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებულ კიბეს უნდა ჩაუყვეთ. მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორაა განვითარებული, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი, სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები და სხვა. მარტვილის კანიონზე მოწყობილია ქვით მოკირწყლული, 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და დადიანების ისტორიულ ბილიკს გაივლის. ბილიკზე 2 ხიდი და 3 გადასახედი პლატფორმაა მოწყობილი, საიდანაც ულამაზესი ხედებით დატკბობას შეძლებთ. კანიონზე ასევე შეგიძლიათ ნავით გასეირნება მდ. აბაშის 300 მეტრიან მონაკვეთზე, გამოგყვებიან მენავეები და ნავის მართვაში თქვენც მიიღებთ მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის თქვენს ტურს. ტურები წლის ყველა სეზონზე ხორციელდება, თუმცა წვიმასა და თოვლში სანაოსნო მონაკვეთზე გასვლა აკრძალულია, რადგან წყლის დონე იმატებს. 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.