მესტია – ლალხორი – უშგული

სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი, ეგზოტიკური და მიმზიდველი მხარეა. დათოვლილი მწვერვალები და ფერდობებს შეფენილი, სადარაჯოზე მდგომი სვანური კოშკები ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. აქ ყოველ ნაბიჯზე უნიკალურ კულტურულ ძეგლს ხვდები და გარშემორტყმული ხარ გრანდიოზული მწვერვალებით, ყვავილოვანი მინდვრებითა და უკიდეგანო, თვალწარმტაცი ხედებით. თუკი ხეტიალის მოყვარული ხართ და ფეხით სიარული არ გეზარებათ, სვანეთში უამრავ საინტერესო ადგილს იპოვნით. მესტია-ლალხორი-უშგულის ბილიკი კი ერთ-ერთი ულამაზესი და მრავალფეროვანი მარშრუტია სვანეთში. მართალია გასავლელი საკმაოდ დიდი მანძილია, მაგრამ გზად გაივლით კოშკოვან სოფლებს, მოინახულებთ უძველეს ტაძრებს და ველური ბუნებით, ტყეებითა და ხელგასაწვდენზე აელვარებული თეთრი მწვერვალებითაც დატკბებით. ფეხით გასავლელი მანძილი 45 კმ-ა. ბილიკი მარტივია, მხოლოდ ერთი მონაკვეთი შეგხვდებათ შედარებით რთული. გზა ბოლომდე მარკირებულია. ღამისთევა შეგიძლიათ როგორც კარავში, ასევე საოჯახო სასტუმროებში. სასტუმრო ყველა სოფელშია, საბანაკე მინდვრებსაც ადვილად იპოვნით. წყლის დიდი მარაგის ტარება არ გჭირდებათ, თუმცა საჭმელი სჯობს მესტიაში მოიმარაგოთ, რადგან სოფლებში ყველაფერი ბევრად ძვირია. ეს მარშრუტი შესანიშნავია, როგორც კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ასევე მთებსა და ტყე-ღრეში ლაშქრობის მოყვარულთათვის. სოფლებში, რომლებსაც ამ გზაზე გაივლით, მანქანით მისვლაც შესაძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში უამრავ საოცარ სანახაობას გამოტოვებთ. ჩაალაგეთ ზურგჩანთა და მოემზადეთ თავგადასავლებისთვის და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის.

 

დღე პირველი, დღე მეორე

სვანეთის გაცნობას ვიწყებთ მესტიის დათვალიერებით. გირჩევთ მესტიას 2 დღე დაუთმოთ, რადგან სანახავი ნამდვილად საკმაოდ ბევრია. აუცილებლად უნდა ეწვიოთ უმდიდრეს სვანეთის მუზეუმს, სადაც სხვადასხვა პერიოდის უნიკალური ექსპონატებია დაცული. უნდა მოინახულოთ ასევე ლეგენდარული ქართველი მთამსვლელის – მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი. გარდა მიხეილ ხერგიანის ნივთებისა აქ გაეცნობით ეთნოგრაფიულ მასალასაც და სვანურ სახლს – მაჩუბს, ტრადიციული ატრიბუტებითურთ და ხერგიანის კოშკიდან მესტიის შესანიშნავი ხედებითაც დატკბებით. ხერგიანის მუზეუმთან მდებარეობს VIII – XIII საუკუნეების ლაღამის მაცხოვრის ეკლესია. ეს უსაყვარლესი ტაძარი გამოირჩევა მაღალმხატვრული ფრესკებით. მოხატულია ეკლესიის ფასადებიც. მესტიის ტაძრებიდან აღსანიშნავია ასევე ღვთაების ეკლესია (ფუსდი), ლეხთაგის ლამარია, ნესგუნის ეკლესია და მხერის ეკლესია. ამის შემდეგ კი აუცილებლად უნდა გაეშუროთ ჰაწვალის საბაგიროსკენ, საიდანაც მესტიისა და თოვლიანი მწვერვალების საოცარ ხედებს იხილავთ. და ბოლოს მესტია არ უნდა დატოვოთ უგემრიელესი კუბდარის გასინჯვის გარეშე. მესტიაში ჩაინიშნეთ თბილისისკენ მიმავალი მძღოლის ნომერი, რათა შინ დაბრუნებისას ადგილის წინასწარ დაჯავშნა შეძლოთ. ზაფხულში სვანეთში ძალიან ბევრი ტურისტია და თადარიგს თუ არ დაიჭერთ შესაძლოა ადგილის გარეშე დარჩეთ. პირველი ღამე სჯობს ცოტა შემაღლებულ ადგილას გაათიოთ, მაგრამ ცენტრიდან ძალიან შორს არა, რათა განათებული ღამის მესტიის სილამაზით დატკბეთ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით მდებარე პატარა მინდორია. მეორე ღამის გასათევად სჯობს სასტუმრო ბანგურიანისკენ წახვიდეთ და ცოტათი გზა შეიმოკლოთ მომდევნო დღისთვის. სასტუმროს რომ გასცდებით მრავლად ნახავთ მოხერხებულ ადგილებს დასაბანაკებლად.

 

დღე მესამე

მესამე დღეს განაგრძობთ გზას მულახის თემის მიმართულებით. სამანქანო გზას მიუყვებით. სასტუმრო ბანგურიანიდან დაახლოებით 2 კმ-ის გავლის შემდეგ ბილიკი ტყეში შედის და მიახლოებით 500 მეტრიანი მკვეთრი აღმართის ავლა მოგიწევთ. ამის შემდეგ ბილიკი კვლავ მარტივდება. გზად ხედებს დიდებული უშბის მწვერვალი დაგიმშვენებთ. სულ მალე კი მთელს მულახის თემს გადახედავთ ზემოდან, რაც ულამაზესი სანახაობაა. ამის შემდეგ კი დაღმართები იწყება მულახის თემში ეშვებით. სოფელ ჟამუშში რომ შეხვალთ აუცილებლად უნდა შეჩერდეთ და ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია მოინახულოთ. ჟამუშიდან დაინახავთ სოფელ ლახირს, რომელიც სვანეთის ულამაზეს სოფლად მიიჩნევა. შეგიძლიათ გზას გადაუხვიოთ და ცოტა ხნით ლახირსაც ესტუმროთ. ამის შემდეგ კი სოფელ ჩვაბიანისკენ გაემართებით, სადაც ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიას მოინახულებთ. სოფელში შეგიძლიათ იკითხოთ ვის აქვს გასაღები, გააღებინოთ ეკლესია და უნიკალური ფრესკებითაც დატკბეთ. აქ შეგიძლიათ საფუძვლიანად დაისვენოთ, რადგან მესამე დღის მოგზაურობა სწორედ ჩვაბიანში ან მის გვერდით მდებარე სოფელ ჟაბეშში სრულდება. ჟაბეშის ღირსშესანიშნაობა მაცხოვრის ეკლესიაა, რომელიც სამწუხაროდ უახლოეს წარსულში დაამახინჯეს მინაშენებით, თუმცა მაინც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მომდევნო დღეს ადიშში უნდა გადახვიდეთ. ადიშისკენ წასვლა შსაძლებელია როგორც ჩვაბიანიდან, ასევე ჟაბეშიდან, ორივე ბილიკი მალევე ერთმანეთს უერთდება. მოძებნეთ საბანაკე ან საოჯახო სასტუმრო და ტკბილად დაისვენეთ, მეორე დღეს საკმაოდ აღმართები გექნებათ გასავლელი.

 

დღე მეოთხე

მეოთხე დღეს შეუდგებით ადიშისკენ მიმავალ ბილიკს. ტყიანს მიუყვებით. ბილიკი დასაწყისიდანვე აღმართიანია. მკვეთრი აღმართები დაახლოებით 2,5 კმ-ში სრულდება და ალპურ ზონაშიც გადიხართ. აქ მდებარეობს თეთნულდის საბაგირო. ამის შემდეგ მარტივი გზაა, მსუბუქი აღმართები. გზად თეთნულდის მომაჯადოებელი სილამაზით დატკბებით. ეს ბილიკი ძალიან ლამაზია, ათასფერი ყვევილები, ჩრდილები, ტყეები, მინდვრები, გაშლილი სივრცეები და მწვერვალები სამოთხეში გაგრძნობინებთ თავს. 3-4 კმ-ის გავლის შემდეგ კი დაღმართები იწყება. და მომდევნო 3 კმ-ის გავლის შემდეგ სოფელი ადიშიც გამოჩნდება. აქ კი შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ, დაათვალიეროთ, მიმოიაროთ გარშემო, რადგან ეს ღამე ადიშში უნდა გაათიოთ. ამ სოფელში რამდენიმე ეკლესიაა, თუმცა განსაკუთრებულად გამორჩეული წმ. გიორგის სახელობის ტაძარია. ეს ეკლესია გამოირჩევა როგორც ინტერიერის ფრესკებით, ასევე ფასადების მოხატულობით. სოფელთან ახლოს მინდვრებია, სადაც კარვის გაშლას შეძლებთ, არის სასტუმროებიც. 

 

დღე მეხუთე

მეხუთე დღეს ჩხუტნიერის (ჩხუნდერის) უღელტეხილისკენ მიემართებით, რომლითაც ხალდეში უნდა გადახვიდეთ. პირველი 4,5 კმ ძალიან მარტივია, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი მარშრუტის ყველაზე რთული მონაკვეთი იწყება. აქ მდინარის გადალახვა მოგიწევთ, რაც ცხენის გარეშე თითქმის არასდროსაა შესაძლებელი. მდინარე ძალიან სწრაფია. აქ ყოველთვის არიან ადგილობრივები ცხენებით, რომლებიც გარკვეულ საფასურად მდინარეზე გადაგიყვანენ. მდინარის გადავლის შემდეგ დაახლოებით 2 კმ მკვეთრი და დამღლელი აღმართებია. თუმცა მთელი გზის განმავლობაში საოცარი ხედებია, რაც შემართებას გმატებთ. ჩხუტნიერის უღელტეხილის უმაღლეს წერტილს რომ მიაღწევთ, მაშინ კი ნამდვილად დაუჯერებელი, ზღაპრული სანახაობა გელოდებათ. თქვენს წინ აზიდული თეთნულდი და ჯანღა, მათ შორის ამოწვერილი გისტოლა, შორს, უსასრულო სივრცეში ამომართული უშბა და ნისლების მოძრაობა. აღუწერელი შთაბეჭდილებები, გულის აჩქარება, დაუვიწყარი საოცრებათა სამყარო ყოველგვარ დაღლას დაგავიწყებთ. გაიხადეთ ფეხზე, წამოწექით ბალახებში და დატკბით თეთრი მწვერვალებით. აქედან ხალდემდე 6კმ-ა და აღმართები აღარ შეგხვდებათ. 2,5 კმ მკვეთრი დაღმართებია, დანარჩენი გზა კი მარტივია. ხალდე ისტორიული სოფელია, სადაც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ არცერთი კოშკი აღარაა გადარჩენილი. სოფელში მოინახულეთ მაცხოვრის ეკლესია, სადაც X საუკუნის წმ. გიორგის ჭედური ხატია დაცული. ხალდედან კი სოფელ იფრარისკენ უნდა წახვიდეთ. გასავლელი დაახლოებით 3 კმ-ა. იფრარში დგას მთავარანგელოზის ეკლესია, სადაც მეფისმხატვარ თევდორეს საოცარი მოხატულობაა. იფრარიდან ასევე დაინახავთ კალის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიას (ლაგურკა), სადაც ასევე მეფისმხატვარ თევდორეს მხატვრობაა. ლაგურკას გასაღები სოფელ ლალხორში უნდა მოიკითხოთ, გამოგყვებათ ადამიანი, ვისაც გასაღები აქვს ჩაბარებული და ეკლესიას გაგიღებთ. იფრარიდან ლალხორამდე დაახლოებით 1,5 კმ-ა. ეს ღამე შეგიძლიათ გაათიოთ როგორც იფრარში, ასევე ლალხორში. 

 

დღე მეექვსე

მეექვე დღეს უშგულისგენ გასწევთ საფეხმავლო ბილიკით ან ავტოსტოპით. ბილიკი უმეტესად ტყიანზე გადის და რაც უკვე გამოიარეთ, იმის შემდეგ განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღარ მოგეჩვენებათ. ამიტომაც თუ ხანგრძლივი მოგზაურობით დაიღალეთ და კიდევ 11 კმ-ის გავლა აღარ გსურთ, შეგიძლიათ ავტოსტოპი სცადოთ. სვანეთიდან უშგულის უნახავად არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოხვიდეთ. სოფელი ჩაჟაში, რომელიც მუზეუმადაა გამოცხადებული და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია, ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია, სვანეთის უდიდესი სალოცავი – უშგულის ლამარია შესანიშნავი მოხატულობითა და არქიტექტურით, თამარის ციხე, მრავალი კოშკი, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი – შხარა, მთები, მინდვრები და გაშლილი სივრცეები მომაჯადოებლად მოქმედებს ნებისმიერ მნახველზე. შეუძლებელია უშგულმა არ მოგნუსხოს და კვლავ არ მოგინდეს ნახვა. საფუძვლიანი ხეტიალისა და დათვალიერების შემდეგ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ერთი ღამე უშგულში დარჩეთ, რომ უკეთ დატკბეთ, ან დაბრუნდეთ მესტიაში. შეგიძლიათ სცადოთ ავტოსტოპი, თუმცა ლოდინი ალბათ დიდხანს მოგიწევთ, რადგან აქ თავისუფალი ტრანსპორტი იშვიათობაა. თუ ბევრი ლოდინი გეზარებათ უშგულიდან მესტიისკენ მრავალი სამარშრუტო დადის. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *