კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. სატაძრო კომპლექსი ღვთისმშობლის ტაძარს, გალავანს, კოშკებსა და სამრეკლოს მოიცავს. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღადგინეს მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტიანი სამკაულები. ტაძრის თავისებურებას და მისი გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს თორმეტსარკმლიანი გუმბათი წარმოადგენს, რომლის ყელიც ზევითკენ მკვეთრად ვიწროვდება. მეტეხის ტაძარი ასახავს ამ პერიოდისათვის დამახასიათებელ ტენდენციებს, თუმცა ის ამავდროულად საგრძნობლად ინდივიდუალურია. ტაძარი არ არის დატვირთული ხორცოვანი ჩუქურთმებით, ასევე მის საფასადო მორთულობას დროთა განმავლობაში დიდი ცვლილებები განუცდია (ნაწილობრივ გადანაცვლებულია, ნაწილობრივ კი დაკარგული), თუმცა მისი მხატვრული გადაწყვეტა ყურადღებას იქცევს. კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.

 

არქიტექტურა

კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გეგმით იგი “ჩახაზულ ჯვარს” წარმოადგენს. ეკლესია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებითაა ნაგები, ფასადებში ჩართულია მწვანე ფერის ქვებიც. გუმბათი აფსიდის კედლებსა და დასავლეთის წყვილ ბურჯს ეყრდნობა. აღმოსავლეთის აფსიდი ნახევარწრიულია და იატაკის საერთო დონიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდში სამი სარკმელია. ტაძრის აღმოსავლეთ მკლავებშორისი მონაკვეთები გაყოფილია ორ სართულად. პირველ სართულზე, საკურთხევლის ორივე მხარეს, სამკვეთლო და სადიაკვნეა, მათ თავზე კი სამალავი სენაკებია მოწყობილი. ყველა სათავსს ნახევარწრიული აფსიდი და ვიწრო სარკმელი აქვს. ნაგებობის განივი მკლავები ტოლია, გრძივი მკლავები კი საკურთხეველზე ღრმა ბემის დამატებითაა გათანაბრებული. გუმბათქვეშა თაღები ორსაფეხურიანი და ნახევარწრიულია. ისინი ამავე დროს გუმბათის ყელისა და მკლავების კამარების საყრდენს წარმოადგენენ, მათ უშუალოდ ადევს წრიული თარო, რომელიც გუმბათის ფუძეზეა შემოყოლებული. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათის ყელი თორმეტსარკმლიანია და ზევით ძალიან ვიწროვდება. გუმბათის ყელი ინტერიერში ყვავილისებურ ვიზუალს იძენს და საინტერესო აქცენტს ქმნის. ტაძრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარებით. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები არასწორი მოყვანილობის დაბალ თაღებზეა ამოყვანილი. თაღები ერთ მხარეს გუმბათქვეშა ბურჯს ეყრდნობა, მეორე მხარეს კი – ორნაწილიან პილასტრებს. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე შიგნიდან თაღოვანია, გარედან – სწორკუთხა.

 

საფასადო მორთულობა

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის გარე მასების კომპოზიციურ ცენტრს ზევითკენ შევიწროვებული, თორმეტწახნაგა გუმბათი წარმოადგენს, რომელსაც გლუვი რთულპროფილიანი ლავგარდანი ევლება. საფასადო მორთულობა დაზიანებულია, საპერანგე ქვებიც და ორნამენტული ელემენტებიც ბევრგან შეცვლილია, გადაწყობილია ან საერთოდ აღარ არსებობს. მეტეხის ტაძრის მორთულობის შემკვრელი დეკორატიული თაღედი იყო, რომლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ასეთი თაღედი გასდევდა ძირითადი მკლავების გვერდით კედლებსაც. შემორჩენილია თაღედის ქვედა ლილვები. ოთხივე ფასადზე ერთი და იგივე დეკორატიული მოტივი მეორდება: დიდი ჯვარი, სარკმლის მოჩარჩოება და მრავალი მედალიონი. მედალიონები უმთავრესად კედლების ცენტრალურ არეებზეა თავმოყრილი. გვიანდელი ჩუქურთმები მშრალი და ნაკლებად პლასტიკურია. აღმოსავლეთის ფასადი ერთგვარად იმეორებს სამთავისისეულ მოტივს – სამკუთხა ნიშები და დიდი ზომის რელიეფური ჯვარი, თუმცა აქ არ გვხვდება თაღედი და სარკმლის ქვეშ განლაგებული კვადრატები. კვადრატები შესაძლოა დაკარგულიც იყოს, რადგან ლილვების კონა, რომელსაც სარკმელი ეტყობა ძირისკენ ლოგიკური დასასრულის გარეშე წყდება. აღმოსავლეთ ფასადის ჯვარს, რომელსაც თითქმის მთელი ცენტრალური მკლავი უჭირავს, დაბალი რელიეფით შესრულებული ჩუქურთმები ამკობს. მას გლუვი არშია ევლება. თითოეული მკლავის ბოლოში მრგვალი მედალიონია ჩასმული, მკლავების გადაკვეთის ადგილი კი გირჩითაა ხაზგასმული. ქვევით ჯვრის ლილვები უწყვეტად გადადის ჯერ მედალიონების, შემდეგ კი საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მოჩარჩოებაში, ვერტიკალურად ეშვება და შუა ფასადზე წყდება. ეკლესიაში დევს ტაძრის ერთი რელიეფური ქვა ყურძნის გამოსახულებით.

 

გალავანი, კოშკები და სამრეკლო

ტაძარს ნატეხი ქვით ნაგები გალავანი ევლება. წყობაში ბევრგან ჩართულია მოზრდილი ზომის ლოდები, გვხვდება ასევე აგური და რიყის ქვაც. ჩრდილო-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით გალავანში კოშკებია ჩაშენებული. ერთი კოშკი სწორკუთხა ყოფილა (მთლიანად დანგრეულია), მეორე ცილინდრულია და ზევით საგრძნობლად ვიწროვდება. კოშკს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს. გალავანი და კოშკები გვიანდელ ფეოდალურ ხანას განეკუთვნება. XIX საუკუნეში გალავანზე დასავლეთიდან რიყის ქვით ნაგები სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა მიუშენებიათ. გალავანს სამხრეთით კარიბჭე ჰქონია. 
ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით აგურით ნაშენი სამრეკლოა. იგი XIX საუკუნეში დაუშენებიათ გალავანში ჩართულ ცილინდრულ კოშკზე. სამრეკლოს გუმბათი შიგნით ნახევარსფერულია, სახურავი – პირამიდული. იგი ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი. თაღები ნახევარწრიულია და ოთხკუთხა დეკორატიულ ჩარჩოებშია ჩასმული.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *