მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მიხეილ ბესარიონის ძე ხერგიანი გახლავთ ქართველი ალპინისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1963), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1967), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. იგი დაიბადა 1932 წლის 25 მარტს მესტიაში, დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. ის არის ალპინიზმში სსრკ სამგზის, კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრებისა და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის ჩემპიონი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც საბჭოთა, ისე უცხოეთის მთასვლელთა შორის. დაიღუპა იტალიაში, მწვერვალ სუ-ალტოზე ასვლისას. ხერგიანის მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. მას დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მას ”კლდის ვეფხვი” ვეფხვი უწოდეს და ეს სახელი სამუდამოდ შერჩა. მისი სახელი მიენიჭა მწვერვალებს კავკასიონსა და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე, ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში, კლდეს იაილის მასივზე ყირიმში, ახალგაზრდულ კლუბ “ბეთქილს”, საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში, მცირე პლანეტას ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე. დაწესებულია მიხეილ ხერგიანის ყოველწლიური მემორიალი მეკლდეურობაში (1967), მესტიაში გახსნილია მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983). მიხეილ ხერგიანის კოშკიდან მესტიის შესანიშნავი ხედი იშლება.
მისამართი: სვანეთი, მესტია, მ.ხერგიანის ქუჩა 32.
სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00 – 18:00.