მირტაშენის (დისველის) ეკლესია გალავნითა და კოშკით

მირტაშენის (დისველის) ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დისველთან მდებარეობს, მირტაშენის დაბლობზე. იგი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი დარბაზულია და აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ეკლესიას ჩრდილოეთის მხრიდან გვიანი შუასაუკუნეების მინაშენი აქვს, რომელიც ასევე აფსიდიანია. ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ტაძრის შიდა გადახურვა თაღოვან-კამაროვანია. თაღების საყრდენ პილასტრებს კაპიტელები ამკობს. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით. დასავლეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლებში სარკმლებია გაჭრილი, სამხრეთის სარკმელი სწორკუთხაა, დანარჩენი ორი კი – თაღოვანი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლები დეკორირებულია შეწყვულებული ლილვების პილასტრებზე გადასული თაღით. ლილვებთან ერთად გამოყენებულია სადა, ბურთულისებური დეკორი. დასავლეთის სარკმლის მოჩარჩოებაში გამოყენებულია ვარსკვლავისებური ორნამენტებიც. აღმოსავლეთის სარკმლის ლილვები ცენტრიდან ვერტიკალურად ეშვება ცოკოლამდე. იმავე სარკმლების ორივე მხარეს და თავზე განლაგებულია კოპები მარტივი ორნამენტით. ზედა კოპებს ეყრდნობა საფასადო დიდი ზომის ჯვრები, რომლებიც გლუვი ლილვებისგან შედგება. დასავლეთ ფასადის კოპებთან ორი რელიეფური ჯვრის გამოსახულება გვხვდება, ფრობტონის არეში კი – ადამიანის ფიგურა. აღმოსავლეთ ფასადზე ჯვრის მკლავებს ზემოთ ადამიანის ფიგურებია ჩასმული, ჯვრის მარცხნივ რელიეფური ფილა ასომთავრული წარწერითა და ხუროთმოძღვრის გამოსახულებით, სამხრეთის მკლავის გვერდით კი თევზის მცირე ზომის ფუგურაა გამოსახული. თაღოვანი პატარა სარკმელი აქვს მინაშენსაც, რომელიც კიდეებგადაკეცილი, თაღოვანი სათაურითა და ორი რელიეფური ჯვარითაა დეკორირებული. ფასადებს სადა პროფილის მქონე ლავგარდანი ასრულებს. შესასვლელი ერთადერთია – სამხრეთიდან. არქიტრავულ შესასვლელს, სარკმლების მსგავსად, ლილვოვან პილასტრებზე გადასული თაღი ამკობს, ფრონტონის არე სადაა დატოვებული. ტაძრის აღმოსავლეთით ორსართულიანი კოშკი დგას, რომელიც ნახევრადდამუშავებული ქვითაა ნაგები. კოშკი გვიანი შუასაუკუნეებისაა. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები და რელიეფური საფლავის ქვები. მირტაშენის გალავნიანი ეკლესია გადაჰყურებს V-VII საუკუნეების დარბაზულ ტაძარს. მოშორებით კი ხრამის ხეობის კლდის სოფლებსაც დაინახავთ.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *