მუცო

მუცო

მუცო ისტორიული ციხე-სოფელია, რომელიც მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში მდებარეობს, მდინარე არდოტის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში. იგი უძველესი დროიდან ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემასა და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ სადარაჯო სიმაგრეს წარმოადგენდა. მუცო უძველესია ხევსურეთში შემორჩენილ ნასახლართაგან. 1769 წელს იგი გადაუწვავთ და დაუნგრევიათ, 1820 წელს შამილის მოლაშქრეების შემოსევის შემდეგ კი ციხე-სოფელში სიცოცხლე ფაქტობრივად სამუდამოდ ჩაკვდა. ამ ისტორიულ სოფელს რამდენიმე ლეგენდაც უკავშირდება. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ხატისთვის მოძღვნილ უძვირფასეს, მრავალრიცხოვან საგანძურს და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ. საგანძურის საიდუმლო ადგილსამყოფელი მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა. საგანძურიცა და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე – “ათენგენობაზე” გამოჰქონდათ. მედროშეები ზანზალაკებიან დროშას ჩამოატარებდნენ, დროშასთან მუხლს მოიყრიდნენ ხატის ყმები. გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავსე “ხატის თასებს” ჩამოურიგებდნენ და იმით სამშობლოსთვის თავდადებულთა მოსაგონარს სვამდნენ. შემდეგ დაწყებულა ჟამიანობა და საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეები დაიხოცნენ, ვიდრე ღირსეულ ახალგაზრდას იპოვნიდნენ საიდუმლოს გადასაცემად. მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა ლეგენდად დარჩა. მუცოელებს სჯერათ, რომ ხატი თავად ამოარჩევს ღირსეულს და ძილში უჩვენებს საგანძურის ადგილსამყოფელს. 

 

არქიტექტურა

მუცო რთული რელიეფის სამ ტერასაზეა განლაგებული. საშენ მასალად გამოყენებულია ფიქალი, თერმოიზოლაციის მიზნით ფიქლებს შორის სიცარიელე ამოვსებულია დუღაბით. ზედა, ყველაზე ძველი ტერასა, ჩრდილოეთიდან თორღვაის კოშკით, სამხრეთიდან ციხე-სახლებით, ხოლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ციცაბო კლდის ქარაფებითაა დაცული. ტერასის შუა ნაწილში განლაგებულია წმ. გიორგის ხატი და მაღალი სათვალთვალო კოშკი. ხატის სამხრეთით ყორით შემოფარგლული ეზო, ე.წ. “ბროლის კალო” და ციხე-სოფლის ერთადერთი საჯინიბო იყო. შუა ტერასა მთლიანად საცხოვრებელ ნაგებობებს ეკავა. შენობები ერთმანეთის მიჯრით დგას და მათი გარეთა კედლები საბრძოლო ზღუდეს ქმნის. ნაგებობებათა უმრავლესობა ოთხსართულიანია, თუმცა ყოფილა ექვსსართულიანიც. ციხე-სახლების პირველ სართულზე უმეტესად ბოსელია მოწყობილი, II სართულზე კი – საცხვარე, III და IV სართულები საცხოვრებელია. V სართულს სურსათის მარაგის, სამუშაო და საბრძოლო იარაღის შესანახად იყენებდნენ. სართულები ერთმანეთს სართულშუა გადახურვებში დატანებული ხვრელობებითა და მისადგმელი ხის კიბით უკავშირდება. გვხვდება ხის მორზე ამოკვეთილი საფეხურებიანი კიბეებიც. სარკმლები სათოფურების როლსაც ასრულებდა, ამიტომ მათ განლაგებასა და პროპორციებიში გათვალისწინებულია თავდაცვითი დანიშნულება. თავდაცვითი, საფორთიფიკაციო ფუნქცია გათვალისწინებულია აგრეთვე ციხე-სოფლის ყველა ქუჩის, ჩიხისა თუ შესახვევს მშენებლობაშიც. ციხე-სახლები გადახურულია დახრილი ცალფერდა სახურავებით – სიპებით ან ბანით. ციხე-სოფლის მესამე, ქვედა ტერასაზე, დაბლა, სოფლის სასაფლაოა. აქ, განლაგებულია სამლოცველოები, რომლებსაც მოსახლეობა აკლდამებადაც იყენებდა. მუცოს ციხე-სოფლის შემადგენლობაშია ძეგლები: ბორჩაშვილების ციხე-სახლი, ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი, თორღვაის კოშკი, თორღვაის ციხე-სახლი, კოშკიანი ციხე-სახლი, ჩოლოყაანთ კოშკი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *