ნათლისმცემლიდან მრავალწყარომდე

გარეჯის უდაბნო საქართველოს ერთ-ერთი მრავალფეროვანი, ეგზოტიკური და საინტერესო ადგილია. დავით გარეჯის უნიკალური და უძველესი მონასტრები, ფერადი, დაზოლილი მთები და საოცარი თვალუწვდენელი ხედები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ნათლისმცემლიდან მრავალწყარომდე – ამ მარშრუტის განმავლობაში გარეჯის ფერადი უდაბნოს გავლით მოინახულებთ დავით გარეჯის ოთხ მონასტერს: ნათლისმცემელი, წამებული, შავი სენაკები, მრავალწყარო. საფეხმავლო ბილიკი ნათლისმცემლის მონასტრიდან იწყება, ზღვის დონიდან 680 მეტრზე და მრავალწყაროს წყალსაცავთან სრულდება, ზღვის დონიდან 518 მეტრზე. მარშრუტის სიგრძე 10 კმ-ა. ბილიკი ამჟამინდელი ადმინისტრაციული დაყოფით ქვემო ქართლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, ფაქტობრივად გარდაბნისა და საგარეჯოს საზღვარს გასდევს. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი წერტილი ზღვის დონიდან უფრო მაღლაა, ვიდრე საბოლოო, სულ დაღმართით სიარული არ გიწევთ, რამდენჯერ უნდა ახვიდეთ მთებზე და დაეშვათ, გზად აღმართები და დაღმართები ერთმანეთს ენაცვლება. მონასტრების ზოგიერთი ქვაბული რთულად მისადგომია და დიდი სიფრთხილე გმართებთ, ასევე შლად ქანებზე სიარულიც მოგიწევთ. ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი კარგი ძირით (ძალიან რომ არ ცურავდეს). გაითვალისწინეთ წყალი გზად არსად შეგხვდებათ და საკმარისი რაოდენობით უნდა წაიღოთ. თუკი კულტურული ძეგლებიც გაინტერესებთ და ეგზოტიკური ბუნებაც გხიბლავთ, ეს მარშრუტი უდავოდ განსაკუთრებულია. ფერად ლაბირინთებში სიარული, სიმაღლეებიდან გადაშლილი თვალუწვდენელი ხედები, არქიტექტურული თავისებურებებითა და ფრესკული მხატვრობით გამორჩეული კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, მრავალწყაროს წყალსაცავი და მასში არეკლილი წითელი მთები, ცოცვა-ძრომიალი და ცოტა ექსტრემიც ნამდვილად ქმნის ჯადოსნურ თავგადასავალს. ნათლისმცემლიდან მრავალწყარომდე გავლილი გზა ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება თქვენთვის. ლაშქრობისთვის აუცილებლად მზიანი პერიოდი შეარჩიეთ, ნაწვიმარზე ეს ბილიკი მეტისმეტად ტალახიანია. რეკომენდებული სეზონებია გაზაფხული და შემოდგომა, ზაფხულში გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე ბევრი გველია და სიცხეც ბევრად შემაწუხებელი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.