ნეკრესის მონასტერი

ნეკრესის მონასტერი

ნეკრესის მონასტერი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად მდებარეობს.
ისტორიული ქალაქი ნეკრესი დაარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.).  IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი – აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.

 

არქიტექტურა

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. ნეკრესის ეს უადრესი ეკლესია (ზომით 4.6×3.8 მ) მსგავსად ამ რეგიონის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით და დგას საგანგებოდ შექმნილ საყრდენზე, რომელშიც კრიპტაა (საძვალე) მოწყობილი. ეკლესიის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავიდან ცენტრალური ბევრად მაღალია გვერდითებზე) და უგულებელყო ამ ტიპის ისეთი არსებითი მხარეები როგორიცაა: ხაზგასმული გრძივი ღერძი, ნავთა გამყოფი სვეტის მწკრივი და სხვა. ეს დარღვევები მიგვანიშნებს, რომ ეკლესია ბაზილიკური ტიპის შენობის სიტყვიერი აღწერის საფუძველზე შეიძლება იყოს აგებული. ნაგებობა გარეთა სივრცისკენ თაღებით იხსნება. ეკლესიის ცენტრალური ნავი ძალიან ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით მთავრდება. ასევე ნალისებრია ფართო ფორმის თაღები, რომლითაც ცენტრალური ნავი გვერდითებს უკავშირდება. მკაფიოდ გამოვლენილი ნალი, ქართული ხროთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ადრეული ფორმა, არაერთგზის არის გამოყენებული ამ სამლოცველოშიც. ასეთივე ნალისებრი ფორმის თაღით სრულდება ყველა სარკმელი. ადრეული პერიოდის მანიშნებელია კრიპტის არსებობა და აღმოსავლეთ კედელში კარის გაჭრა, რაც მომდევნო საუკუნეებში აღარ გვხვდება. ნეკრესის ეს მცირე ბაზილიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქრისტიანულ ნაგებობას საქართველოში, აშენებულს ბაზილიკური კომპოზიციის პროგრამის მიხედვით, მაგრამ მასში მკვეთრად ვლინდება ის საფუძვლები, რომლებიც განვლო ამ ტიპმა ნამდვილი ბაზილიკური ფორმის შეთვისების გზაზე.
დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის საკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. სამეკლესიიანი ბაზილიკა სრულიად თვითმყოფად და მხოლოდ ქართველათვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ტიპს წარმოადგენს. გარედან იგი ინარჩუნებს ბაზილიკურ სილუეტს, ინტერიერში კი განსხვავებულია: თითოეული ნავი ყრუ კედლით არის გამოყოფილი და დამოუკიდებელი “ეკლესიის” სახეს იღებს. ამ ორიგინალური ტიპის წარმოშობა დაკავშირებული იყო დღის განმავლობაში რამდენიმე წირვის გადახდის საჭიროებასთან, რაც წესისამებრ ცალკე საკურთხეველს ითხოვდა. ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით, კუთხეებსა და ყველა კონსტრუქციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. ეკლესიის ფასადები სადაა. ერთადერთ დეკორაციულ ელემენტს დასავლეთ ფასადძე გამოკვეტილი ჯვარი წარმოადგენს, აღმოსავლეთ ფასადზე კი, იმავე შირიმის წარბი სარკმლის თავზე. ინტერიერში მთავარი ეკლესია ღრმა საკურთხევლით სრულდება. მის ორივე მხარეს სწორკუთხა პასტოფორუმებია განთავსებული (სამსხვერპლო და სადიაკვნე), ხოლო მათ გაგრძელებაზე, სიმეტრიულად, აპსიდებით დასრულებული გვერდითი “ეკლესიებია” მოცემული, რომლებიც გაერთიანებულია დასავლეთ მინაშენით. ამგვარად ცენტრალური ეკლესიის ირგვლივ სამმხრივი გარშემოსავლელი იქმნება.  ეკლესია XVI საუკუნეში მოუხატავთ და თითქმის სრულადაა შემონახული ბაზილიკის ცენტალურ ეკლესიაში. აქ დაცულია ქართული და ნაწილობრივ ბერძნული ფრესკული წარწერები. ამ ეკლესიის სამხერთ კედლის დასავლეთ ნაწილში მხატვრობის დამკვეთნი, მეფე ლეონ (1520-1574 წწ.) და მისი მეუღლე თინათინი არიან გამოსახულნი.
გუმბათიანი ეკლესია კომპლექსს IX საუკუნეში დაემატა. ეკლესია მსგავსად ამ კომპლექსის სხვა ძეგლებისა ნაგებია ფლეთილი ქვით, კონსტრუციულ ნაწილებში შირიმია გამოყენებული. სახურავი კრამიტისაა. გეგმით იგი უჩვეულო შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს არის გუმბათიანი ეკლესია, რომლის კომპოზიციაში სამეკლესიანი ბაზილიკის ელემენტები გამოყენებული. ეკლესია თითქოს სხვადასხვა ნაწილებისაგან არის შედგენილი. მშენებლობის თვალსაზრისითაც ეს ნაწილები მიშენებულია ერთმანეთთან. მთავარი ბირთვი ნაგებობისა არის მცირე ზომის გუმბათქვეშა კვადრატი, რომელსაც მაღალი გუმბათი ასრულებს. აღმოსავლეთიდან მას მიშენებული აქვს ხუთწახნაგა საკურთხეველი, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან ვიწრო გარშემოსავლელი. ამ უკანასკელის სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილები აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. საყურადღებოა, რომ ჩრდილოეთის ეკლესია სრულიად გაუნათებელია და ბნელი, ვიწრო დერეფნის შთაბეჭდილებას ტოვებს, არსებობს მოსაზრება, რომ ეკლესიის ეს ნაწილი დაკრძალვამდე ბერების ცხედართა დასასვენებლად იყო განკუთვნილი.
გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ხევის პირას აუგიათ გრძელი, ორსართულიანი საეპისკოპოსო სასახლე. სასახლის ოთახები ანფილადური წესით არის განლაგებული; პირველი სართულის მთავარ დარბაზში შემორჩენილია რვაწახნაგა სვეტი, რომელსაც ზედა სართულის იატაკის სისტემის მთავარი კოჭები. მოგვიანებით, ამ სვეტის ორივე მხარეს, კედელი ჩაუშენებიათ. სასახლის დარბაზში უამრავი ნიში და უზარმაზარი ბუხრებია მოწყობილი. გადახურვა ბრტყელი უნდა ყოფილიყო და სრულდებოდა ორკალთიანი სახურავით. სასახლის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით, განლაგებულია ერთსართულიანი შენობა, რომელშიც მარანია მოწყობილი. მარნის შემდეგ ამავე ჭერზე მოქცეულია მცირე დამხარე სათავსო. ამ სათავსოთა იატაკის ქვეშ ორი სართულია. მარნის შემდეგ იმავე ღერძზე მოქცეულია მცირე დამხმარე სათავსო. ამ სათავსოთა იატაკის ქვეშ ორი სართულად არის განთავსებული რიგი სათავსოებისა პირველ ზედა სართულში განლაგებულია ოთახები კამაროვანი გადახურვით, ქვედა სართულში კი, რამდენიმე ცალკეული სენაკია.
მარნის თავზე XVI საუკუნეში ააშენეს ოთხასართულიანი ოთხკუთხა თავდაცვითი დანიშნულების მქონე კოშკი, რომელშიც მოხვედრა უშუალოდ მარნიდანაა შესაძლებელი. კოშკი მაღალია, სართულშუა გადახურვები ხისაა. ნეკრესის მონასტერის ტერიტორიაზე შედარებით უკვე შემონახულ გვიანი ხანის საზოგადოებრივი დანიშნულების მქონდე ნაგებობათა შორის ყურადღებას იპყრობს საკმაოდ დიდი ზომის სწორკუთხა შენობა კედლის თაღების რიგით, განლაგებული გუმბათიანი ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც მკვლევართა აზრით სატრაპეზოს წარმოადგენდა. ანსაბლი გარშემორტყმულია ქვის გალავნით. შემოსასვლელი გალავანს სამხერთ-დასავლეთით ჰქონდა. გვიან შუა საუკუნეებში კომპლექსს მცირე ზომის, კოხტა დარბაზული სამლოველო შეემატა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *