ნიკორწმინდა

ნიკორწმინდა

ნიკორწმინდა XI საუკუნის გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. ტაძარი გამორჩეულია დიდი ოსტატობით შესრულებული უხვი და დახვეწილი ჩუქურთმებით. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლია. ტაძარს არსებობის განმავლობაში დიდი ცვლილებები არ განუცდია. ეს კი იშვიათი შემთხვევაა. ტაძრის გუმბათი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.

 

არქიტექტურა

ნიკორწმინდა ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარია. იგი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია. აფსიდის შვერილებს ეყრდნობა გუმბათის 12 სარკმლიანი ყელი. აფსიდები გუმბათის ყელზე  აფრების მეშვეობით გადადის. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, თუმცა ინტერიერი ფართო და კარგად განათებულია. ნიკორწმინდის ფასადები და ეკვდერები, გარდა ჩუქურთმებისა, უაღრესად მნიშვნელოვანი რელიეფური ქანდაკებებით არის მორთული: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები, რეალური და ფანტასტიკური ცხოველები. განსაკუთრებით გამოირჩევა ტაძრის კამარა, რომელზედაც გამოსახულია ორნამენტულად მორთული სხივი და მასში ჩასმული ჯვარი. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება. ტაძრის ეზოში აღმართულია სამსართულიანი სამრეკლო რომელიც XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.

 

მოხატულობა

ტაძრის მოხატულობა XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. გამოვლენილია მხატვრობის ორი ფენა. აქ მრავლადა გვხვდება საერო პირთა პორტრეტები, რომელთაც თან ახლავს წარწერები. ვარკვევთ, რომ ნიკორწმინდა გვიანშუასაუკუნეებში ადგილობრივი თავადების, წულუკიძეთა საძვალეს წარმოადგენდა. ხატწერისა და მხატვრობის მეორე ფენა ეკუთვნის XVII საუკუნეს. როგორც სურათებიდან ვასკვნით, იგი მოხატული უნდა იყოს წულუკიძეთა ფეოდალური გვარის მიერ ამავე საუკუნის მეორე ნახევარში.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.