ნინოსხევის ჩანჩქერი (გურგენიანის ჩანჩქერი)

ნინოსხევის ჩანჩქერი
ნინოსხევის ჩანჩქერი
ნინოსხევის ჩანჩქერი
ნინოსხევის ჩანჩქერი
ნინოსხევის ჩანჩქერი
previous arrow
next arrow
Slider

 

ნინოსხევის ჩანჩქერი (იგივე გურგენიანის ჩანჩქერი) კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ნინოსხევზე, სოფელ გურგენიანთან ახლოს. მისი სიმაღლე 40 მეტრია. მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერი, უზარმაზარი ლოდები და ჩანჩქერის ლურჯი აუზები სამოთხისებურ გარემოს ქმნის. ეს ადგილები გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე განსაკუთრებით ლამაზია. ნინოსხევის ჩანჩქერი ძალიან პოპულარულია და უამრავი ადამიანი სტუმრობს გასაგრილებლად, საპიკნიკედ თუ სასიამოვნო თავგადასავლების საძიებლად. მარშრუტი გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება და მდინარე ნინოსხევის პარალელურად მიემართება. ფეხით გასავლელი 8 კმ გექნებათ, ამას დაახლოებით 3-4 საათი დასჭირდება. ბილიკი მარკირებულია. გზად აღმართები არ არის, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე დიდი ლოდების გადავლა და წყლის გადალახვა მოგიწევთ, რაც ცოტათი ართულებს სვლას, თუმცა გზას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ლაგოდეხის ნაკრძალი ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ნინოსხევის ჩანჩქერის ბილიკზეც შეხვდებით იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, როგორიცაა: ლაგოდეხის ნაღველა, ლაგოდეხის თეთრყვავილა, იულიას ფურუსულა, ჯონჯოლა, ლაფანი, ქართულ მუხა და სხვა. თუკი მეტი ექსტრემი გსურთ შეგიძლიათ ჩანჩქერის თავზეც ახვიდეთ. მაღლა ასასვლელი ბილიკი გვიმრნარში იმალება, ძალიან ციცაბოა და ხშირად ტალახიანი, ამიტომაც სიფრთხილე გმართებთ, თუმცა საოცარი სანახაობა რაც გელით ნამდვილად ღირს ძალისხმევად. დიდი სიფრთხილეა საჭირო ჩანჩქერთან, არ გირჩევთ ზევიდან გადმოხედვას როცა ლოდები სველია. ნინოსხევის ჩანჩქერი უდავოდ ერთ-ერთი ულამაზესია საქართველოს ჩანჩქერებს შორის. ბედნიერ და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ…

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.