ოჟიოს (ბაიხოს) სამების ეკლესია კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჟიოში მდებარეობს, ნასოფლარ ბაიხოს ტერიტორიაზე. იგი VII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ტაძარი გეგმით სამნავიანი ბაზილიკის თავისებურ ვარიაციას წარმოადგენს. მთავარი და ჩრდილოეთის ნავები აქ ერთმანეთს თაღებით უკავშირდება, თუმცა, ტიპური სამნავიანი ბაზილიკისგან განსხვავებით, სამხრეთის ნავი მთავარი ნავისგან კედლითაა გამოყოფილი. ოჟიოს სამება გეგმა მატანის ცხრაკარისა და ახმეტის ღვთაების ფორმებს იმეორებს. ეკლესია ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით, გამოყენებულია შირიმიც, გვიანი შუა საუკუნეების აღდგენისას აგურიც გამოუყენებიათ. მთავარ და სამხრეთის ნავებს დამოუკიდებელი შესასვლელები აქვთ დასავლეთიდან. მთავარი ნავის შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან — თაღოვანი, სამხრეთის ნავისა კი — თაღოვანი. მთავარ ნავში მოხვედრა, გარდა დასავლეთის მთავარი შესასვლელისა, შესაძლებელია ასევე სამხრეთის ნავიდანაც. შენობის გეგმა ერთიან სწორკუთხედშია ჩაწერილი. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება, რომელიც ბემითაა დაგრძელებული. აფსიდის სამხრეთ ნაწილში პატარა კვადრატული ნიშია. საკურთხევლის იატაკი, დარბაზის იატაკთან შედარებით, სამი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხეველი დარბაზისგან აგურით ნაშენი გვიანდელი კანკელითაა გამოყოფილი. მთავარი ნავი ჩრდილოეთის ნავისგან სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი ორი თაღითაა გამოყოფილი. ბურჯს მთავარი ნავის მხრიდან ორსაფეხურიანი პილასტრი ასდევს. ერთი ორსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული ნავის სამხრეთ კედელიც. ბურჯისა და სამხრეთ კედლის პილასტრებზე კამარის საბჯენი თაღია გადაყვანილი. მეორე საბჯენი თაღი დასავლეთ კედელთანაა, იგი ერთსაფეხურიან, დასავლეთ კედელზე მიბჯენილ პილასტრებს ეყრდნობა. სამივე ნავი გადახურულია სხმული კამარებით. მთავარი ნავი ორი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ერთი აფსიდშია გაჭრილი, მეორე კი — დასავლეთ კედელში. ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთ ნაწილში უაფსიდო სამკვეთლოა, რომელიც აღმოსავლეთის სარკმლით ნათდება. სამკვეთლო მხოლოდ შესაბამის ნავს უკავშირდება დასავლეთის ღიობით. მთავარი ნავი სამხრეთის ნავს კარით უკავშირდება. კარი შუა ნავის მხრიდან თაღოვანია. სამკვეთლოს გრძივ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთის ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული, უსარკმლო აფსიდით სრულდება. ნავი სამხრეთის სარკმლით ნათდება. ნავის სამხრეთ კედელში სამი პატარა სწორკუთხა ნიშია. ტაძრის ფასადები სადაა. მთავარი ნავის აღმოსავლეთ სარკმელს ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი შირიმის თაღოვანი თავსართი ამკობს. ფასადებს წრეთარგისა და თაროსგან შედგენილი პროფილის მქონე შირიმის ლავგარდანი ასრულებს. მთავარი ნავი, ტრადიციისამებრ, უფრო მაღალია, ვიდრე გვერდითა ნავები. მთავარ ნავს ორკალთა გადახურვა აქვს, გვერდითა ნავებს კი — ცალფერდა. ეკლესია ძალიან დაზიანებული იყო, აღადგინეს 1967-68 წლებში.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Г.Н.Чубинашвили. Архитектура Кахетии. Тбилиси, 1959. (მიჰყევით ბმულს).
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი II. თბილისი, 2008.
რესურსები ინტერნეტში:
- ბაიხოს ეკლესია. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- სამების ეკლესია (ოჟიო). memkvidreoba.gov.ge ⇒
- ბაიხოს სამების ეკლესია. ka.wikipedia.org ⇒
- ბაიხოს (ოჟიოს) სამების ეკლესია. georgiantravelguide.com ⇒