ორეთის ტბა

ორეთის ტბა თუშეთში მდებარეობს, თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ის კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. ორეთის ტბის ბილიკი ერთ-ერთი საინტერესო და ულამაზესი სალაშქრო მარშრუტია თუშეთში. ბილიკი საშუალო სირთულისაა, სიგრძით ჯამში 12-13 კმ-ა და სოფელ ქუმელაურთასთან ახლოს იწყება. ქუმელაურთამდე მიდის სამანქანო გრუნტის გზა. ლაშქრობა ერთდღიანია. ტბისკენ გზის ნახევარზე ცოტა მეტს ტყიანზე გადიხართ და ამ მონაკვეთში საკმაოდ მკვეთრი აღმართებია, ალპურში კი აღმართები ბევრად მარტივდება. გზად ფიჭვნარი, არყნარი და შესანიშნავი ხედებია, ასევე მოცვისა და მინდვრის მარწყვის დაგემოვნებასაც შეძლებთ. ტბის მიმდებარე ფერდობებიდან თუშეთის საოცარი ხედები იშლება, დაინახავთ ქვემო და ზემო ომალოს, კესელოს ციხეს, კიდევ რამდენიმე სოფელს, მწვერვალ თებულოს და ღრუბლებში გახვეულ მყინვარებს. თუკი ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გორაკზე ახვალთ შეძლებთ ორეთის ტბა ომალოსა და კესელოს ფონზე იხილოთ. ორეთის ტბის მიდამოებში შესაძლებელია კავკასიური როჭოსა და შურთხის ნახვა. ტბიდან დაბრუნებისას მთელი გზა დაღმართებია და მანძილს საკმაოდ სწრაფად დაფარავთ. გაითვალისწინეთ, რომ ტბამდე წყალი არსად შეგხვდებათ და საკმარისი რაოდენიბით უნდა წაიღოთ. ორეთის ტბის გზაზე მწყემსების ბანაკია, სადაც მწყემსი ძაღლებიც არიან, სჯობს სიფრთხილე გამოიჩინოთ ძაღლებთან გავლისას. ბილიკი მარკირებულია.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.