პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში მდებარეობს. ძეგლი თარიღდება X საუკუნით, ჩანს სხვადასხვა დროის შეკეთებათა კვალი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ორი ფენის ნაშთები, პირველი ფენა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება, მეორე ფენა — XV-XVI საუკუნეებით. საქართველოს კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნებისა და კულტურის დაცვის სამმართველოს არქივში დაცული ყოფილა პერევისის ეკლესიის წარწერიანი ხუროთმოძღვრული დეტალის ფოტონეგატივი. წარწერა თარიღდება XII-XIII საუკუნეებით და შემდეგნაირად იკითხება: “წმიდაო გიორგი, შეიწყალე ზვიად და…”. ფოტონეგატივისა და არქიტექტურული დეტალის ამჟამინდელი მდებარეობა ჩემთვის უცნობია. 

პერევისის წმ. გიორგის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესიას სამი მხრიდან მინაშენები ჰქონდა. შესასვლელი სამია, დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. დასავლეთისა და სამხრეთის შესასვლელები გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი — თაღოვანი. ჩრდილოეთის შესასვლელი ორივე მხრიდან არქიტრავულია. ნაგებობა ერთსაფეხურიან სადა ცოკოლზე დგას. საკურთხეველი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი და გადახურულია კონქით. მისი იატაკი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხევლის აფსიდის წინ სოლეაა, ცენტრში ნახევარწრიული ამბიონით. აფსიდის კედლის ჩრდილოეთ ნაწილში თაღოვანი, დაბალი, ღრმა ნიშაა მოწყობილი. საკურთხეველში ტრაპეზი დგას, რომლის კედლებშიც დატანებულია XI საუკუნის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები. დარბაზის კედლები ერთიანია, დაუნაწევრებელი. დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით, რომელიც შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. კამარა და თაღი აღარ არსებობს, შემორჩენილია თაღის ქუსლები. ამჟამად ეკლესიას კოჭოვანი გადახურვა აქვს. ინტერიერი სამი ნახევარწრიული სარკმლით ნათდება, რომლებიც ინტერიერისკენ ფართოვდება. თითო სარკმელია გაჭრილი საკურთხეველში და სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ეკლესიის ფასადები სადაა, ერთადერთი დეკორატიული ელემენტები დასავლეთისა და სამხრეთის სარკმლების საპირეებია. სარკმელთა შემკულობა კედლების ძირითადი სიბრტყიდან ამოზიდული, ბრტყელი, სრულიად სადა მოჩარჩოებაა. დასავლეთისა და სამხრეთის შესასვლელებს გვიანდელი, სავარაუდოდ XIX ს-ის, მოჩარჩოება აქვთ. დასავლეთის შესასვლელის საპირე სწორკუთხაა და მარტივი პროფილის, საკმაოდ უხეშად შესრულებული არშია შემოსდევს. სამხრეთის შესასვლელის საპირე თაღოვანია, არქიტრავის თავზე გამოყოფილია ტიმპანის არე. საპირეს ორი ლილვისგან შედგენილი პროფილი აქვს, რომელსაც შიგა მხრიდან ვიწრო კბილანა ორნამენტი შემოუყვება. ფასადები დახრილი სიბრტყის პროფილის ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიას სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მინაშენები ეკვროდა. ჩრდილოეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილი უფრო განიერია, მინაშენის დანარჩენ მონაკვეთთან შედარებით. ეკლესიის დარბაზი ჩრდილოეთის კარით ჩრდილოეთ მინაშენის აღმოსავლეთ სათავსს უკავშირდებოდა. სათავსს შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდანაც. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის თლილი ქვით კირის დუღაბზე. 

ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ორი ფენის, XIII-XIV საუკუნეებისა და XV-XVI საუკუნეების, ფრაგმენტები. მხატვრობის ზედა ფენა შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით. მეორე რეგისტრში გამოსახულია მღვდელმთავართა რიგი. საკურთხევლის სარკმლის თავზე, მღვდელმთავართა შორის ექვსფრთედის გამოსახულებაა. დასავლეთ კედელის ქვედა რეგისტრი საერო პირთა გამოსახულებებს ეთმობოდა, შემორჩენილია ფრაგმენტულად. მხატვრობის პირველი ფენა ნაწილობრივ შემორჩენილია საკურთხეველში, დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე, ძალიან მცირე ფრაგმენტები არის ასევე ჩრდილოეთ კედელზეც. როგორც შემორჩენილი მცირე ნაშთებიდან ჩანს, პირველ ფენაზე საკურთხევლის კონქში გამოსახული უნდა ყოფილიყო ვედრების კომპოზიციის ვრცელი რედაქცია (თ.დ.). ამჟამად განირჩევა სამეუფო ტახტის მცირე ნაწილი, ექვსფრთედი ტახტის სამხრეთით, იოანე ნათლისმცემლის გამოსახულების ქვედა ნაწილი და ჩანს ასევე კიდევ ერთი ფიგურა კონქის სამხრეთ კიდეში, რომელიც მთავარანგელოზი უნდა იყოს. უკეთ არის შემორჩენილი მეორე რეგისტრი, სადაც მღვდელმთავართა რიგია წარმოდგენილი. პირველ ფენაში სარკმლის თავზე გოლგოთის ჯვარი ყოფილა გამოსახული. დასავლეთ კედლის მეორე რეგისტრში განირჩევა ჯვარცმისა და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის კომპოზიციები. მესამე რეგისტრში სამხრეთიდან პირველი კომპოზიციისგან მცირე ნაშთია დარჩენილი. მეორე კომპოზიციის ზედა ნაწილი ჩანს და აქ გამოსახული უნდა ყოფილიყო წმ. გიორგი კირის ორმოში (თ.დ.). სავარაუდოდ, ეს რეგისტრი წმ. გიორგის ცხოვრების სცენებს ეთმობოდა. წმ. გიორგის ცხოვრების სცენები ყოფილა გამოსახული ჩრდილოეთ კედელზეც, მაგრამ დღეს უმცირესი ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში წმ. მხედართა ფეხზე მდგომი გამოსახულებებია. იმავე კედლის დასავლეთ ნაწილში საერო პირთა გამოსახულებები ყოფილა, რომლისგანაც ფიგურათა და წარწერის მცირე ნაწილია შემორჩენილი. წარწერის გადარჩენილი ნაწილი შემდეგნაირად იკითხება: “…მო… …მვედრ… …სა… …ენსა… …თე…”. კამარის საყრდენ თაღზე წინასწარმეტყველთა და ქრისტეს გამოსახულებები ყოფილა წარმოდგენილი, ამჟამად თაღი ჩამონგრეულია და მხოლოდ ქუსლებია შერჩენილი. მოხატული ყოფილა ტაძრის მინაშენებიც, ეკლესიის ფასადების იმ ნაწილებზე, რომელიც მინაშენთა ინტერიერი იქნებოდა, შემორჩენილია საღებავის კვალი. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

ძეგლი მოვინახულე ს. გოგოლაურის ორგანიზებული ექსპედიციის ფარგლებში. მადლობას ვუხდი მას და ექსპედიციის წევრებს — დ. ხოშტარიას, თ. ჯოჯუას, კ. ბახტაძეს. ს. გოგოლაურს მადლობას ვუხდი ასევე ძეგლის შესახებ მასალის მოძიებაში გაწეული დახმარებისთვის. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *