პეტრას ციხე

previous arrow
next arrow
Slider

 

პეტრას ციხე

პეტრა ადრეული შუასაუკუნეების ციხე-ქალაქია ისტორიულ ეგრისის სამეფოში. იგი აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარეობს. ეს ადგილი ხელსაყრელი იყო სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამიტომაც ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილზე VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანემ ქალაქი გააშენა. პეტრას ციხე იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით იოანე სტრატეგოსმა ააშენა 535 წელს. შუასაუკუნეებში მას ქაჯეთის ციხესაც უწოდებდნენ. აქვე დაარსდა ლაზიკის ეპარქიის ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრიც. ქალაქის ტერიტორიაზე ზღვისპირა ვიწრო გზა გადიოდა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანთან და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა აკონტროლებდა ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალ საზღვაო-საკაბოტაჟო ნაოსნობას. პეტრამ ბიზანტიურ ხანაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბიზანტია და ირანი დაინტერესებული იყვნენ, რომ პეტრა მათ მფლობელობაში ყოფილიყო, რადგან ამ რეგიონში მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია პეტრას კონტროლზე იყო დამოკიდებული. სწორედ ეს გახდა VI საუკუნის შუაწლებში ბიზანტია-ირანის ომის ერთ-ერთი მიზეზი. პეტრამ შემდგომ საუკუნეებშიც შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს და ძლიერადაც გაამაგრეს. რუსეთ-თურქეთის ომებისას ციხისძირთან რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, თუმცა მისი აღება ვერ მოხერხდა. 1878 წელს ციხისძირი საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით. ციხის დასავლეთი ნაწილი XIX საუკუნეში ააფეთქეს, ბაქო-ბათუმის რკინიგზის გაყვანის დროს. პეტრას აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა, კლდოვანი რელიეფიც იცავდა. იგი ზღვის ნაპირიდან მცირედით დაშორებულ მაღალ ქედზე მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს ციხეს, შუაფეოდალური ხანის ნაეკლესიარსა და სასახლისა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. 1989 წლიდან ფუნქციონირებს პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა. ექსპონატები მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით. აქ ნახავთ არქიტექტურულ დეტალებს, მოზაიკის ფრაგმენტებს, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალებს, სამსხვეპრლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის ნაშთებს, კერამიკულ და ნუმიზმატურ მასალას და სხვა. პეტრა ადრეფეოდალური ხანის ქართული მატერიალური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ბრწყინვალე ძეგლია. იგი მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სტრატეგიულ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.

 

არქიტექტურა

ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარე პეტრას ციხეს, გარდა გალავნისა, ბუნებრივი რელიეფიც იცავდა, იგი მიუვალ ციხედ ითვლებოდა. კომპლექსი შედგება ციხის, შუაფეოდალური ხანის ნაეკლესიარის, სასახლის და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობისაგან. ციხე-სიმაგრე განლაგებული იყო ორ ბორცვზე. შედარებით მაღალ და მოზრდილ ჩრდილოეთ ბორცვზე განლაგებული საფორტიფიკაციო სისტემა, რომელიც შედარებით მომცრო სამხრეთ ბორცვზე მდგარ კოშკს ორმაგი კედლით უკავშირდებოდა. მანძილი კედლებს შორის 3 მეტრია. აღმოსავლეთ კედელს თაღნარი აქვს, რომელიც ნიშების რიგს ქმნის, დასავლეთ კედელი სადაა. ციხე ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. გამოიყოფა ორი სამშენებლო პერიოდი: ადრე შუა საუკუნეებისა და ოსმალთა პერიოდის. კედლების სიმაღლე შემორჩენილია 10-12 მეტრზე. სამხრეთის კოშკი წრიული ფორმისა იყო, ისევე როგორც ციტადელზე გადარჩენილი აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკები. 1991-1994 წლებში ჩატარებული არქეოლოგიუირ გათხრების შედეგად ციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა გალავნის შიდა მხარეს არსებული ხუთი კონტრფორსი. ციხის სამხრეთ ნაწილში ქვითკირით ნაგები, ორსართულიანი მოზრდილი სასახლე იდგა. სასახლიდან მხოლოდ ქვედა სართულის ნაშთებია შემორჩენილი. აკროპოლისის ცენტრალურ ნაწილში საეპისკოპოსო ტაძარი იყო. იგი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, შვერილი აფსიდით. მოგვიანებით VI საუკუნის ტაძრის ნანგრევებზე დარბაზული ეკლესია დაუშენებიათ. ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი დანგრეულია მიწის პირამდე. უკეთ იკითხება აღმოსავლეთი, სამხრეთი და დასავლეთი კედლები, რომელთა სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს. დარბაზული ეკლესია ოსმალთა მფლობელობის პერიოდში სამეურნეო სათავსოდ იყო გადაკეთებული. ტაძარი ნაგებია დაუმუშავებული ქვებით კირის ხსნარზე. ინტერიერი მოხატული ყოფილა. ფრესკების ფრაგმენტები გამოჩნდა ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთი კუთხის გაწმენდის დროს. პეტრას დარბაზული ეკლესია X-XIV საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთითი შემორჩენილია გეგმით ვიწრო ნაგებობა, რომლის კედლების სისქე 1 მეტრია. კედლები შიგნიდან შებათქაშებული იყო. მკვლევართა აზრით, იგი პროდუქტების შესანახ ხაროს ან ხორცის დასამარილებელ ცისტერნას წარმოადგენდა. ციხის ტერიტორიაზე დაცულია ორი რომაული აბანოს ნანგრევები, შემორჩენილია: პორტიკის სვეტების ბაზისები, ოთახები აუზებით, გუმბათის ნაშთები. აბანოს კედლები შემორჩენილია 1 მ. სიმაღლეზე. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. გუმბათი შედგება ოთხი კედლისაგან რომელთაგან სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები აგურით ნაშენი თაღებია, საყრდენი დასავლეთის კედელი აგურისა და ქვების ვერტიკალური რიგებითაა ნაგები, ნანგრევებში არ ჩანს არმოსავლეთის კედელი. გუმბათის თავის ცენტრალურ ნაწილში ერდოა დატანებული, რომელსაც სარკმლის მინა ფარავდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.