პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე (ყუმისთავის მღვიმე, ღლიანის მღვიმე) კარსტული მღვიმეა იმერეთის მხარეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. იგი ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში მდებარეობს, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში.  მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე მას სიფონური ტბა ახშობს, რომლიდანაც მდინარე ყუმი გამოდის. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. იგი სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მეტრია, ჭერის სიმაღლე კი – 20-25 მეტრი, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მეტრს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია, რომლებიც მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით განსხვავდებიან. პრომეთეს მღვიმე ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით, მათ შორის გვხვდება: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. მღვიმე კეთილმოწყობილია, აქ არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება და ლაზერ-შოუ. პრომეთეს მღვიმეს ორი გასასვლელი აქვს: ერთი მდინარით ბოლოვდება, რომელზეც ნავით შესაძლებელია ნავით გასეირნება, მეორე გასასვლელი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ. მღვიმეში არსებული ტურისტული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ჯამური სიგრძე კი – 20,000 მეტრი. პრომეთეს მღვიმის ბილიკზე არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ულამაზეს დარბაზებს გაივლით, საბოლოოდ კი მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე ნავით 15 წუთიანი გასეირნება ზღაპრულ სამეფოში მოგზაურობის შესანიშნავი დასასრულია. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.