ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინავარი

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინავარი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწრაროს მუნიციპალიტეტში, გუდარეხის მონასტერში მიმავალ გზასთან მდებარეობს. გზის პირას მანიშნებელი პატარა აბრაც შეგხვდებათ. იგი კლდის ბუნებრივ ქვაბულს წარმოადგენს. სავარაუდოდ აქ წითელ არმიასთან ბრძოლის პერიოდში თავს აფარებდა საქართველოს ეროვნული გმირი – ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი. იგი 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა სოფელ მატანში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა, 1919 წელს კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ მან საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი. 1921 წელს თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, თუმცა ქაქუცა მათ არ გაჰყოლია, სათავეში ჩაუდგა შეფიცულთა რაზმს და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. მრავალი ბრძოლისა და მარცხის შემდეგ ის თანამებრძოლებთან ერთად საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი – ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინო კი ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი 1930 წლის 27 ივნისს ემიგრაციაში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რადგან ასე უფრო იოლი იქნებოდა მისი საქართველოში გადასვენება. ანდერძი არ შესრულდა და იგი სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *