ქართული ხუროთმოძღვრება

სამთავისი

ქართულ ხუროთმოძღვრებასა და კულტურას დიდი ისტორია აქვს. მთელს საქართველოში უამრავი სხვადასხვა პერიოდის ძეგლია შემორჩენილი, გამორჩეული მაღალმხატვრულობითა თუ ისტორიული მნიშვნელობით. ცნობილია, რომ ადამინის საცხოვრებლის პირვანდელი სახე ბუნებრივი გამოქვაბულები იყო. ხუროთმოძღვრული ხელოვნების დასაწყისად კი შეგვიძლია ნეოლითის ხანა ჩავთვალოთ. ნეოლითური ალიზის საცხოვრებლების შემდეგ არქიტექტურამ ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო. იცვლებოდა და იხვეწებოდა სამშენებლო ტექნიკა და გეგმარება. იცვლებოდა რელიგიური რწმენები და პოლიტიკური ვითარება, რაც კულტურაზეც აისახებოდა. თანდათან გაჩნდა გრანდიოზული ციკლოპური სიმაგრეები, მეგალითური საკულტო ნაგებობები, საზეიმო დარბაზები და წარმართული ტაძრები. ქართულ ხუროთმოძღვრებაში ქრისტიანობის შემოსვლამ გარდამტეხი როლი შეასრულა. ამ პერიოდიდან საეკლესიო არქიტექტურის ახალი ტიპები ყალიბდებოდა და იხვეწებოდა. არქეოლოგიური აღმოჩენები და კვლევები საშუალებას გვაძლევს ნათლად დავინახოთ ეს ცვალებადობა და ეტაპები. სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიას უძველესი პერიოდებიდან განვითარებულ შუასაუკუნეებამდე.

 

წინარექრისტიანული პერიოდის ხუროთმოძღვრება

საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ადამიანის საცხოვრებლის პირველი ტიპი ბუნებრივი გამოქვაბულები იყო. ხუროთმოძღვრული ხელოვნების ყველაზე ადრეული ნიმუშები კი გვიანი ნეოლითის ხანას მიეკუთვნება. კარგად ცნობილი ნეოლითური ნასოფლარებია იმირისა და შულავერის გორები, რომლებსაც ძვ.წ. V-IV ათასწლეულებით ათარიღებენ.

შულავრის გორა. წყარო: ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (ვ. ბერიძე)

ეს ნამოსახლარები წრიული გეგმარების, ალიზით ნაგებ საცხოვრებელი უჯრედების ჯგუფებს წარმოადგენენ. დიდი ზომის უჯრედების დიამეტრი 2.5-3 მეტრია. თითოეული მათგანის ცენტრში კერაა მოწყობილი. სამეურნეო უჯრედების დიამეტრი კი 1.5 მეტრს არ აღემატება. ოთახები კონუსური გუმბათით იყო გადახურული. გამოვლენილია ბრტყელგადახურვიანი საცხოვრებლებიც. გადახურვისთვის გამოყენებული იყო ხის ბოძები და კოჭები. კერის თავზე, სახურავში ხვრელობი იყო კვამლისთვის. მომდევნო პერიოდში თანდათან გეგმარება უფრო ჩამოყალიბებული ხდება. აღსანიშნავია ქვაცხელების ნამოსახლარი, რომელიც ძვ.წ III ათასწლეულს მიეკუთვნება. საცხოვრებული ოთახები აქ უკვე კვადრატული ფორმისაა. თუმცა წრიული გეგმარების გავლენა ჯერ კიდევ რჩება, ქვაცხელებში ოთახის კუთხეები მომრგვალებული ფორმისაა. გადახურვა ბრტყელია. ოთახის ცენტრში ბოძია, ბოძის წინ კი – კერა. ბოძი და კერა წმინდათაწმინდად ითვლებოდა. ოთახს წინ ტალანი ჰქონდა. კედლები გვხვდება როგორც ალიზის, ასევე დაწნული. დაწნული კედლები შიგნიდანაც და გარედანაც თიხის რამდენიმე ფენით იყო შელესილი. II-I ათასწლეულებში განსხვავებული ტიპის დასახლებები ჩნდება. ესენია ხელოვნურად გამაგრებულ გორაკებზე განლაგებული საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობები. შენობების საძირკველი და კედლის ქვედა ნაწილი რიყის ქვის იყო, ზემო ნაწილი კი ხის. გვიანი ბრინჯაოს ხანის უმნიშვნელოვანესი ქალაქური დასახლებაა ნაომარი გორა. აქ ვხედავთ საცხოვრებლებისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების შესანიშნავ პროექტირებას, ქალაქის საკომუნიკაციო კვანძის მოწყობას, ასევე წყალმომარაგების რთული საიდუმლო სისტემის დაგეგმარებასა და სხვა. ქალაქის დასავლეთ შემაღლებულ ნაწილში დიდი კვადრატული ფორმის ციტადელია, რომელიც შემოსაზღვრულია გალავნის ოთხი რიგით. პირველი გალავნით შემოსაზღვრულ სივრცეში სამლოცველოა, პირველ და მეორე გალავანს შორის, ელიტარული, შესაძლოა, ქურუმთა საცხოვრებლებია. მესამე და მეოთხე გალავნები კი ტერასულადაა განლაგებული და მათ წმინდა თავდაცვითი დანიშნულება უნდა ჰქონოდა. ძვ.წ. III ათასწლეულს მიაკუთვნებენ მეგალითურ (ციკლოპურ) ნაგებობებსაც. მათი ზუსტი დათარიღება რთულია. ციკლოპური ძეგლებით განსაკუთრებით მრავლად გვხვდება თრიალეთში. მეგალითები ნაგებია დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით, დუღაბის გარეშე. ციკლოპური დასახლებები ხშირ შემთხვევაში მოცავს სიმაგრეს, საცხოვრებლებს, დარნებს, გვირაბებს, დოლმენებს და ა.შ.

აბული
აბულის ციხე

აღსანიშნავია აბულისა და შაორის ციხეები, გოგიჩაანთღელის ნამოსახლარი, გოხნარის ლოდოვანი, თეჯისის მეგალითები და მრავალი სხვა. მეგალითური ფორმებიდან მრავლად გვხვდება მენჰირებიც, რაც ვერტიკალურად აღმართულ ლოდს წარმოადგენს (ჭიქიანის, თეჯისის, მურჯახეთის, სამშვილდის მენჰირები და სხვა). ბრინჯაოს ხანაში ვხვდებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსებსაც, როგორიცაა უფლისციხე. უფლისციხე მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა ადრეულ ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. საცხოვრებელი, სათავდაცვო და საკულტო ხუროთმოძღვრების განვითარებასთან ერთად შემუშავდა სამარხების არქიტექტურაც. ბრინჯაოს ხანაში გავრცელებულია ყორღანული სამარხები. ყორღანი ქვით ნაგებ, დასაკრძალავდარბაზიან გორასამარხს წარმოადგენს. ყორღანთან მიდიოდა დაახლოებით 500 მეტრიანი, ქვებით მოწყობილი სარიტუალო გზა. საქართველოში არქიტექტურა და ქალაქგეგმარება მაღალ საფეხურზე იდგა ანტიკურ პერიოდშიც. ამას ადასტურებს ანტიკური ნაქალაქარები და არქეოლოგიური მასალა.

არმაზციხე
არმაზციხე (ბაგინეთი)

კოლხეთისა და იბერიის სახელმწიფოების ქალაქების, სოფლებისა და მშენებლობის თავისებურებების შესახებ შემორჩენილია ბერძენი და რომაელი ავტორების მნიშვნელოვანი ცნობები. ამ პერიოდში გვხვდება კარგად გამაგრებული ქალაქები, შესანიშნავად მოწყობილი ქუჩებით, სასახლეებით, აბანოებით, აუზებით, ტაძრებით. შემორჩენილია მოზაიკის უნიკალური ნიმუშები. განვითარებული ყოფილა ფრესკული მხატვრობაც, აღმოჩენილია ქალღმერთთა გამოსახულებების მცირე ფრაგმენტები. ანტიკური ქალაქების ძლიერებაზე, მათ მოწყობაზე, ამ პერიოდის განვითარებულ კულტურაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან არმაზციხის, ვანის, ნოქალაქევის, ძალისის ნაქალაქარები. ანტიკური პერიოდი უკვე არქიტექტურულ ფორმათა მრავალფეროვნებით ხასიათდება. ყურადღებას იქცევს ამ პერიოდის ნეკრესის მზის ტაძარი, ასევე არმაზციხის ექვსაფსიდიანი ტაძარი. წინარექრისტიანული საქართველოს შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გაურკვეველი და უცნობი. ჩვენ წინ მუდმივად ახალი და ახალი აღმოჩენებია, რაც თანდათან უფრო მეტად ჰფენს ნათელს უდიდეს წარსულს.

 

შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრება

წინარექრისტიანული პერიოდებისგან განსხვავებით შუასაუკუნეების მრავალი ძეგლი შემოგვრჩა სრულყოფილი სახით. ეს საშუალებას გვაძლევს განვითარების უწყვეტ სურათს მივადევნოთ თვალი. ვხედავთ შემოქმედებით ძიებებს, სტილთა ცვლას, მხატვრული აღმასვლისა და კრიზისის პერიოდებს. ჩვენ ვხედავთ ეროვნული თავისებურებებით გაჯერებულ არქიტექტურას, რომელიც მუდმივად ვითარდებოდა და არასოდეს დაუკარგავს თვითმყოფადობა. შუასაუკუნეების ქართულ არქიტექტურას ოთხ ძირითად ეტაპად ყოფენ: ადრეული შუასაუკუნეების არქიტექტურა, გარდამავალი ხანის არქიტექტურა, განვითარებული შუასაუკუნეების არქიტექტურა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურა. ადრეული შუასაუკუნეების არქიტექტურა მოიცავს პერიოდებს IV საუკუნიდან VII საუკუნის შუა წლებამდე. ეს პერიოდი ნაწილობრივ ემთხვევა ევროპული და წინააღმოსავლური ხელოვნების “ძველქრისტიანულ ხანას” და შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის პირველი აყვავების ხანაა. გარდამავალი ხანის არქიტექტურა VII საუკუნის მეორე ნახევრიდან X საუკუნის შუა წლებამდე გრძელდება. ამ დროს ხდება წინა პერიოდებში შემუშავებული პრინციპების თანდათანობითი უკუგდება და ახალი სტილის ჩამოყალიბება. განვითარებული შუასაუკუნეების არქიტექტურა X საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება და XIV საუკუნემდე გრძელდება. ეს შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების მეორე აყვავების ხანაა და ქრონოლოგიურად დასავლეთ ევროპაში რომანული ხელოვნების საუკუნეებს და გოთური ხელოვნების დასაწყისს ემთხვევა. გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურა XIV-XVIII საუკუნეებს მოიცავს. ამ დროს საქართველო აგრესიული ძალებით იყო გარემოცული და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ქვემოთ შემოგთავაზებთ არქიტექტურის, შენობათა ტიპებისა და მშენებლობის ტექნიკის უფრო დაწვრილებით მიმოხილვას.

 

ადრეული შუასაუკუნეების არქიტექტურა (IV-VII სს)

ნეკრესის ბაზილიკა
ნეკრესის IV საუკუნის ბაზილიკა. ტაძარი ე.წ. “ღია ეკლესიების” ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად ადრეულ შუა საუკუნეებშია გავრცელებული. ამ ტიპის ეკლესიების ერთი ან რამდენიმე კედელი დიდი თაღითაა გახსნილი. არსებობს ვარაუდი, რომ “ღია ეკლესიები” მემორიალურ სამლოცველოებს წარმოადგენდა.

ადრეული შუა საუკუნეები მოიცავს პერიოდებს IV საუკუნიდან VII საუკუნის შუა წლებამდე. ამ პერიოდში გვხვდება როგორც ბაზილიკები, ასევე გუმბათოვანი ტაძრები. ერთ-ერთ უადრეს საეკლესიო ნაგებობად ნეკრესის IV საუკუნის ბაზილიკა მიიჩნევა, უადრეს გუმბათოვან ეკლესიად კი – მანგლისის სიონი. არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა IV საუკუნის მეფე მირიანის ბაზილიკა, რომელმაც დაადასტურა, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პირველივე ეტაპზე იქმნებოდა არქიტექტურულად შემუშავებული, ჩამოყალიბებული სატაძრო ნაგებობები. ადრეულ შუა საუკუნეებში იქმნება ე.წ. დიდი ბაზილიკები (ბოლნისის სიონი, კაწარეთის სამება, ურბნისის სიონი და ა.შ.), რომლებიც საქართველოში პირველ ნამდვილ ბაზილიკებად მიიჩნეოდა, თუმცა ეს მოსაზრება ჭაბუკაურისა და დოლოჭოპის ბაზილიკების აღმოჩენამ შეცვალა. ადრეულ შუა საუკუნეებში ჩნდება ასევე სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც მხოლოდ საქართველოშია ცნობილი. VI საუკუნის მეორე ნახევარსა და VII საუკუნეში ნაგებობათა ზომებიც იზრდება და კომპოზიციაც რთულდება. ამ დროს იქმნება მცხეთის ჯვარი – კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი, რომელიც ჯვრის ტიპის ძეგლებს (ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილის ტაძარი) უყრის

მცხეთის ჯვარი
მცხეთის ჯვარი

საფუძველს. VII საუკუნემდე ყველა გუმბათიანი ეკლესია ცენტრულია და გუმბათის ყელი ეყრდნობა კედლებს, ცალკე მდგომი ბურჯები არ გვხვდება. ადრეული შუა საუკუნეების ბოლო ეტაპზე შენდება წრომი, რომელიც პირველი ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძარია, წრომში ასევე პირველად ჩნდება ცალკე მდგომი ბურჯები და საფასადო ნიშები. ადრეულ შუა საუკუნეებში, გარდა ნაგები ტაძრებისა, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსებიც ჩნდება, როგორიცაა დავით გარეჯის მონასტრები. აღნიშნულ პერიოდში გავრცელებულია თაღებისა და აფსიდების ნალისებრი მოხაზულობა. ადრეული შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელია აგებულების სიმკაცრე, სრული წონასწორობა, მასების სიმეტრიულობა, მონუმენტურობა და ძუნწი მორთულობა, სამკაული მხოლოდ მახვილებად გამოიყენება ნაგებობის გარკვეული ნაწილის ხაზგასასმელად. ამ პერიოდის ძეგლებში მძაფრად იგრძნობა დაუფარავი კონსტრუქციის სილამაზე, მთელისა და ნაწილის სრული ჰარმონია.

 

გარდამავალი ხანის არქიტექტურა (VII – X სს)

გარდამავალი ხანის არქიტექტურა VII საუკუნის მეორე ნახევრიდან X საუკუნის შუა წლებამდე პერიოდს მოიცავს. მთავარი ადგილი კვლავ საეკლესიო და სათავდაცვო ნაგებობებს უჭირავს. საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში თემატიკურად მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. გუმბათიანი ეკლესიები კვლავ მთავარ ადგილს იკავებს, თუმცა ბაზილიკების შენებაც გრძელდება. ძირითადი საშენი მასალა ისევ ქვაა, თლილ ქვასთან ერთად გვხვდება ნატეხიც. ნატეხი ქვის გამოყენებას ეკონომიკური მდგომარეობაც განსაზღვრავდა. კახეთში VIII საუკუნეში რიყის ქვასა და აგურსაც იყენებდნენ. გარდამავალ ხანაში ზოგიერთი კონსტრუქცია იცვლება. ტრომპებს თანდათან აფრები ანაცვლებს. VIII-IX საუკუნეებში ხანდახან ტრომპები და აფრები ერთდროულადაა გამოყენებული. მომდევნო პერიოდში კი ტრომპები სრულიად ქრება. თანდათან ქრება აგრეთვე თაღების, კამარებისა და აფსიდების ნალისებრი მოხაზულობა, რაც მანამდე ძალიან გავრცელებული იყო. თუმცა გარდამავალი ხანის არქიტექტურის მთავარი მახასიათებელი გეგმებისა და ხუროთმოძღვრული თემების მრავალფეროვნებაა. ხდება წინა პერიოდის მკაცრი სტილის დათმობა და იწყება ახალი ხუროთმოძღვრული გზების ძიება.

გურჯაანის ყველაწმინდა. წყარო: ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (ვ. ბერიძე)

ჩნდება დეკორატიული და ცხოველხატული ტენდენციები. აქა-იქ პერიოდულად ამოტივტივდება არქიტექტურული თემები, ფორმები და დეტალები, რომლებიც ფეხს ვერ მოიკიდებს, თუმცა აღმოცენდება ისეთი მოტივები და კომპოზიციებიც, რომლებიც შემდგომში განვითარდება და ადგილს დაიმკვიდრებს. ძიებათა პროცესში შეიქმნა ისეთი ნიმუშები, რომლებიც საყურადღებოა არამხოლოდ ევოლუციური თვალსაზრისით, არამედ მხატვრული ღირებულებებითაც. ამ პერიოდის ძეგლთაგან საყურადღებოა კუპელ-ჰალეს ტიპის ვაჩნაძიანის ყველაწმინდა და ორგუმბათიანი გურჯაანის ყველაწმინდა. X საუკუნეში ჩნდება მანამდე უცნობი ექვსაფსიდიანი გუმბათიანი ეკლესიები, როგორიცაა: გოგიუბის, კიაღმის, ოლთისისა და ბოჭორმის ეკლესიები. აღსანიშნავია აგრეთვე რვააფსიდიანი ტაოსკარის ტაძარი. X საუკუნეში იქმნება ბაზილიკის ძალიან საინტერესო ნიმუშები. ძველი ბაზილიკებისგან განსხვავებით აქ გვხვდება ზეატყორცნილი “გოთიკური” პროპორციები, მკვეთრად გამოყოფილი შუა ნავი, სახურავთა ციცაბო კალთები და ფასადების დამუშავება ვიწრო და მაღალი დეკორატიული თაღებით. ასეთ ბაზილიკებს მიეკუთვნება ოთხთა ეკლესია და პარხალი. რაც შეეხება სამოქალაქო შენობებს, შემორჩენილია რამოდენიმე სასახლე. ტიპურად ისინი ერთმანეთს ენათესავება: ისინი წარმოადგენენ გრძელ სწორკუთხა შენობებს. ჩვეულებრივ არ გვხვდება შვერილები, აივნები ან ლოჯია. ქვემო სართული დამხმარე სადგომებისთვისაა, ზედა სართული კი საცხოვრებელია და საზეიმო იერი აქვს. სახასიათოა ფართო სარკმლები, რომლებიც იატაკიდან იწყება. დარბაზებში უზარმაზარი ბუხრებია. გადახურვა ხის იყო, ბრტყელი, კოჭებიანი. ასეთი ტიპისაა ნეკრესის, ვაჩნაძიანისა და ვანთას ფეოდალთა საცხოვრებლები.

 

განვითარებული შუასაუკუნეების არქიტექტურა (X-XIV სს)

განვითარებული შუასაუკუნეების არქიტექტურა X საუკუნის მეორე ნახევრიდან XIV საუკუნემდე პერიოდს მოიცავს. X საუკუნის შუა წლებში და მომდევნო ათწლეულებში ახალი სტილისტური ნიშნები უკვე გამოკვეთილი და შემუშავებულია. აქედან იწყება აყვავების ხანა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ზოგად კულტურულ აღმავლობასთან ერთად მშენებლობაც უჩვეულო მასშტაბებს აღწევს. მაღალ საფეხურზეა ციხე-ქალაქების, გზების, ხიდების, წყალსადენების მშენებლობა, თუმცა განვითარების ყველაზე სრულსა და ნათელ სურათს საეკლესიო არქიტექტურა გვიჩვენებს.

სამთავისი
სამთავისი

საკულტო არქიტექტურაში უმთავრეს ადგილს გუმბათოვანი ტაძრის ტიპი იკავებს, მკაფიოდ გამოხატული სიგრძივი ღერძით და მასებით, რომლებიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის. დამახასიათებელია გუმბათის მაღალი ყელი, რომელიც ოთხ ბოძს ეყრდნობა. საკურთხევლის აფსიდი ძირითადად გარე კედლების სწორკუთხედის ფარგლებში რჩება, თუმცა შვერილი აფსიდებიც გვხვდება. X საუკუნის მეორე ნახევარსა და XI საუკუნეში ხშირად მიმართავენ ტრიკონქის ტიპს, რომელიც მომდევნო პერიოდში სრულიად ქრება. ტრიკონქის თვალსაჩინო ნიმუშია მხატვრულობითა და დიდებულებით გამორჩეული ოშკი. ტეტრაკონქები ამ დროს უკვე მივიწყებულია. უგუმბათო ნაგებობათაგან კი მხოლოდ დარბაზული ეკლესიები განაგრძობს არსებობას. განვითარებული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრებისთვის სახასიათოა შენობათა მასშტაბების ზრდა, ასევე შეიცვალა პროპორციებიც: თვალსაჩინო გახდა ზემოთკენ მისწრაფება, რასაც ხელს უწყობს მრავალსარკმლიანი, დაგრძელებული გუმბათის ყელი. ტაძართა უმრავლესობას აქვს კარიბჭე. ადრეული შუასაკუნეებისთვის სახასიათო მკაცრი ფასადების ნაცვლად დინამიკურობა და დეკორატიული გაფორმების სიმდიდრე მხატვრული შთაბეჭდილების საფუძვლად იქცა. ამ დროის ტაძრები გაფორმებულია დეკორატიული თაღების მთელი სისტემებით.

ნიკორწმინდა
ნიკორწმინდა

ძალიან ვითარდება ქვაზე კვეთა. X საუკუნიდან XIII საუკუნეებამდე მსუბუქი, მცირე სიღრმის გრაფიკული ორნამეტი ღრმა, შუქ-ჩრდილით გაცოცხლებულ პლასტიკურ ჩუქურთმებად გადაიქცა. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მოხატული იყო. საშენი მასალები და კონსტრუქციების თვალსაზრისით პრინციპულად ახალი არაფერია. ფასადთა პერანგისთვის თლილ ქვას კვლავ მთავარი ადგილი უჭირავს. სიახლეა პოლიქრომიის ეფექტის გამოყენება, ოსტატები ერთსა და იმავე შენობის ფასადებისთვის იყენებენ სხვადასხვა შეფერილობის ქვებს. კედლების კონსტრუქცია ორმხრივი მოპირკეთებისა და მათ შუა ამოვსებისგან შედგება. სახურავი ქვის ფილებისა და კრამიტისაა. შემორჩენილია მთლიანად აგურით ნაშენი ეკლესიებიც. განვითარებული შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები ნაგებია უხეშად დამუშავებული კვადრების წესიერი წყობით. გადახურვის უმთავრეს საშუალებად თაღი და კამარა რჩება. შესრულების ტექნიკური ხარისხი კვლავ დიდ სიმაღლეს აღწევს. ქრონოლოგიურად ამ პერიოდის პირველი ღირსშესანიშნავი ნიმუში ბაგრატის ტაძარია, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრებაში. განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლთაგან აღსანიშნავია ალავერდის, სვეტიცხოვლისა და სამთავისის საეპისკოპოსო ტაძრები, რომელთაც დიდი გავლენა იქონიეს ქართული ხუროთმოძღვრების შემდგომ განვითარებაზე. განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა:  ნიკორწმინდა, კაცხი, იშხანი, ყინწვისი, სამთავრო, ვარძია და მრავალი სხვა. 

 

გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურა (XIV-XVIII სს)

გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურა XIV-XVIII საუკუნეებს მოიცავს. ამ პერიოდში ქართული კულტურის განვითარებისთვის აღარ იყო ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორც განვითარებულ შუასაუკუნეებში. შემოქმედებით აღმავლობას ხელს უშლიდა როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე მტრული სახელმწიფოები და მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის. მიუხედავად ამისა გვიანი შუასაუკუნეების ბევრი ძეგლი გვაქვს შემონახული. ხუროთმოძღვრების ძირითადი თემატიკა და იდები იგივეა, რაც წინა საუკუნეებში. საეკლესიო არქიტექტურას კვლავ დიდი ადგილი უჭირავს. შენდება XII_XIII საუკუნეების მიჯნაზე შემუშავებული გეგმის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრები. ხშირია უბრალო დარბაზული სასოფლო ეკლესიები. ნიშანდობლივია, რომ აქა-იქ ამოტივტივდება კარგა ხნის დავიწყებული თემებიც. იშვიათად გვხვდება სამნავიანი და სამეკლესიიანი ეკლესიები. მოიძებნება თავისუფალი ჯვრის ტიპის რამდენიმე მაგალითი და კუპელ-ჰალეს სხვადასხვა ვარიანტებიც. აღმოსავლეთ საქართველოში საშენ მასალად ფართოდ გავცელდა აგური. მრავლადაა შემორჩენილი სათავდაცვო ნაგებობები. არამხოლოდ მეფეებსა და მსხვილ ფეოდალებს, თავისი ციხე ან კოშკი თითოეულ მცირე აზნაურსაც უნდა ჰქონოდა. XVI-XVIII საუკუნეებში გვხვდება სათავდაცვო ნაგებობათა შემდეგი ტიპები: ციხე-სიმაგრეები, ციხე-დარბაზები, მონასტრეთა გალავნები და ცალკე მდგომი კოშკები. ბევრ მათგანს თავდაცვით ფუნქციასთან ერთად საცხოვრებელი დანიშნულებაც ჰქონდა. ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელ ოთახს მოიცავდა სამრეკლოებიც. გვიან შუასაუკუნეებში თავი იჩინა ეკლექტიზმის ელემენტებმა, ცალკეული შემადგენელი ნაწილების ორგანული მთლიანობის დაკარგვამ, სიმშრალემ, თუმცა კვლავ გვხვდემა მხტატვრული ღირებულების მქონე, შემოქმედებითი ნაგებობები.

გერგეტის სამება
გერგეტის სამების მორთულობა

გვიანი შუასაუკუნეების კარგად ცნობილი ძეგლია გერგეტის სამება, რომელიც მიუხედავად შედარებით დაბალი ხარისხის ოსტატობისა, გულუბრყვილო უშუალობით შესრულებული მორთულობითა და საოცარი გარემოთი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. XVI საუკუნის უმნიშვნელოვანესი ძეგლია გრემის ნაქალაქარი, რომლის მთავარი ელემენტიც მსუბუქი, ჰარმონიული პროპორციებით გამორჩეული მთავარანგელოზთა ტაძარია. აღსანიშნავია აგრეთვე: ახალი შუამთა, ნინოწმინდის ტაძრის სამრეკლო, ანჩისხატის სამრეკლო, ანანურის ციხე, ბარაკონი და სხვა. აქვე უნდა ვახსენოთ მრავალფეროვანი ქართული ხალხური არქიტექტურა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და გვიან შუასაუკუნეებშიც განაგრძობს არსებობას. დარბაზი, ოდა, მაჩუბი, კალოიანი სახლები თუ კოშკური საცხოვრებლები ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია. 

 

წყარო: ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (ვახტანგ ბერიძე)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *