ქორეთის მაცხოვრის ეკლესია

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში მდებარეობს. იგი აგებულია 1000 წელს. ეკლესია აზიდული პროპორციებით ხასიათდება, თუმცა ეს ნაკლებად აღქმადია სამკაოდ ვრცელი და მაღალი ორმხრივი მინაშენის გამო. ნაგებობა მაღალმხატვრული, ღრმა კვეთით შესრულებული, ნატიფი დეკორითაა შემკული. განსაკუთრებით გამორჩეულია აღმოსავლეთ ფასადის მხატვრული გადაწყვეტა –  ხუროთმოძღვარმა სარკმლის საპირეს მორთულობა მოაცილა და მაღლა ფრონტონის სიბრტყეში მოათავსა (ფრონტონის არეში ყრუ სარკმლის მორთულობაა, ქვემოთ კი მოურთველი სარკმელი), რითაც მხატვრული აქცენტი ზემოთ მიმართა და საინტერესო კომპოზიცია შექმნა. შესამჩნევია გვიანი აღდგენის კვალი, რელიეფური მორთულობის ფრაგმენტები, უარელოდ, არეულადაა ფასადებზე ჩართული. ტაძარი მდიდარია ლაპიდარული წარწერებით, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის ტიმპანის წარწერა: “სამებაო წმიდაო შეიწყალე და ადიდე მარიამ დეოფალი და შვილნი მისნი გიორგი და ხურსი. ესე ბალავარი დაიდვა ქრონიკონსა 220-სა (1000წ)”. გარდა იმისა, რომ აღნიშნული წარწერა ძეგლს ზუსტად ათარიღებს, მისი შესწავლითა და სავანის ეკლესიის წარწერებთან შედარების საფუძველზე გაირკვა, რომ ეს ორი ტაძარი ერთი ფეოდალური სახლის წარმომადგენელთა აგებულია. სავანის ეკლესიის წარწერა შემდეგნაირად იკითხება: “სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერისთავთ ერისთავმან, ავაშენე ესე წმინდაი ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა “ხ” ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისთვის და შვილისა ჩუენისა გოლიათისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი, მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა. ამენ იყავნ. ქორონიკონი იყო 266 (1046 წ), აეშენა მეფობასა ბაგრატ კურაპალატისასა”. ქორეთის ეკლესიის წარწერის საფუძველზე გაიშიფრა სავანის წარწერაში მოხსენიებული “ხ” ერისთავის სახელი – ხურსი. როგორც ჩანს მარიამ დედოფალმა 1000 წელს ქორეთის ეკლესია ააგო, მისმა შვილმა – ერისთავთ ერისთავმა გიორგიმ კი – სავანის ეკლესია 1046 წელს. საინტერესოა ასევე ანა დედოფლის უთარიღო წარწერა, რომელიც ტაძრის სამხრეთის მინაშენის სამხრეთ ფასადზეა მოთავსებული (წარწერა პალგოგრაფიული ნიშნებით გვიანდელია): “ქ. მე დედოფალთ დედოფალმან ანა აღვაშენე წმიდაი მონასტერი ესე მაცხოვრისა. გაუჩინე აღაპი გამოცხადობისა დღესა: ერთი ცხვარი შეუხებელი, ერთი კაბიწი პური, ექვსი კოკა ღვინო; ამის მეტი არა ეთხუებოდეს, არა სალაშქრო, არაფერი არა ამა მონასტრისა, გლეხთა, ვინცა ესე შემ… (სიტყვები აკლია) …ლების… (ტექსტი ბოლოშიც ნაკლულია)”. გიორგი ბოჭორიძე მიიჩნევს, ტექსტში მოხსენიებული დედოფალთ დედოფალი ანა უნდა იყოს ბაგრატ V-ის მეუღლე – ანა კომნენოსი. წარწერაში შესაძლოა იგულისხმებოდეს ტაძრის განახლება – ე.წ. მეორედ აშენება ან მონასტრის დაარსება. ეკლესიის ინტერიერში შემონახულია გვიანი შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა. ქორეთის მაცხოვრის ეკლესია თავისი მაღალმხატვრული ღირებულებით ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო და გამორჩეული ნიმუშია.

 

არქიტექტურა

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან მინაშენები ეკვრის. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და დასავლეთით. ეკლესიის საკურთხეველი სწორკუთხაა. საკურთხევლის სწორკუთხედი, კუთხეებში ადამიანის სიმაღლეზე მოწყობილი თითო, ოდნავ მორკალული თაღის საშუალებით, ნახევარწრიულ მოხაზულობაზე გადადის და კონქითაა გადახურული. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა შემაღლებული და დარბაზში ღრმად არის შემოჭრილი. საკურთხეველი ერთი თაღოვანი სარკმლით ნათდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშაა გამოკვეთილი, ჩრდილოეთის ნიშა თაღოვანია, სამხრეთისა კი – სწორკუთხა. დარბაზისა და საკურთხევლის გამმიჯნავ ორსაფეხურიან პილასტრებს კონქის თაღი ეყრდნობა. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრითა და პილასტრებსა და დასავლეთის ორსაფეხურიან ნახევარპილასტრებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. პილასტრების მეორე საფეხურზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი.  ინტერიერი მთლიანად მოიხატა XVI ს-ში, გვხვდება ფრესკული წარწერებიც. მხატვრობა ე.წ. ხალხური მხატვრობის ნიშნებს ატარებს, პროპორციები დარღვეულია, გამოსახულებები სიბრტყობრივ-ხაზოვანია. კონქში ვედრების კომპოზიციაა გამოსახული (ტახტზე მჯდომი ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ანგელოზები), მეორე რეგისტრში – მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში – ეკლესიის მამები, კამარასა და კედლებზე გვხვდება სახარებისეული სცენები და წმინდანთა გამოსახულებები. სამხრეთ კამარასა და კედელზე წარმოდგენილია: ხარება, შობა, წმ. ანა და წმ. ელისაბედი, წმ. გიორგის ბორბალზე წამება, წმ. თევდორე და წმ. დემეტრე, პილასტრზე – ორი წინასწარმეტყველი. დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია: ლაზარეს აღდგინება, ღვთისმშობლის მიძინება და ისტორიულ პირთა რიგი. ჩრდილოეთ კამარაზე და კედელზე გამოსახულია: ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, იერუსალიმად შესვლა, ფერისცვალება, ამაღლება, ნათლისღება, წმ. ესტატეს ნადირობა და წმ. გიორგი, პილასტრზე – ორი წინასწარმეტყველი. დარბაზი სამხრეთისა და დასავლეთის თითო თაღოვანი სარკმლით ნათდება. იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული. ტაძრის სამხრეთის მინაშენის ცენტრალური ნაწილი კარიბჭეს წარმოადგენს, რომელიც ფრონტონით სრულდება და ორკალთა გადახურვა აქვს, იგი ინტერიერში ვარსკვლავისებური, ჩუქურთმით შემკული კამარითაა გადახურული. კარიბჭე აღმოსავლეთით თაღით უკავშირდება მცირე ზომის აფსიდიან ეკლესიას. აფსიდის სამხრეთი მხარი ერთსაფეხურიანია, ჩრდილო კი – სამსაფეხურიანი. საკურთხეველში ერთი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით თაღოვანი, გეგმით სწორკუთხა ნიშაა გამოკვეთილი. კარიბჭის დასავლეთის თაღით სწორკუთხა გეგმის სათავსში შევიდვართ. სათავსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ბუხარია, რომელიც დასავლეთ კედლის სარკმელს ფარავს. სათავსი ფართო თაღოვანი გასასვლელით ეკლესიის დასავლეთ მინაშენს უკავშირდება, რომელსაც დასავლეთიდანაც აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. კარიბჭის მსგავსად, ოფერდა გადახურვა აქვს დასავლეთის მინაშენსაც. ტაძრის ფასადები დახვეწილი დეკორითაა შემკული. დასავლეთის სარკმელს ფართო მოჩუქურთმებული ჩარჩო აქვს, რომელიც ცრემლისებრი მოტივით შემკული ლილვისა და წნული ორნამენტისგან შედგება. სარკმლის ზემოთ ორნამენტულ წრეში მოქცეული ე.წ. აყვავებული ჯვრის მცირე ფრაგმენტია ჩართული. ასეთივე რელიეფური ჯვრის კიდევ ერთი ფრაგმენტი ეკლესიის დასავლეთ მინაშენის ფასადზე გვხვდება. აღმოსავლეთის სარკმელი მოურთველია, სარკმლის მორთულობა კი ფრონტონის არეშია მოთავსებული (ყრუ სარკმელი). ყრუ სარკმელს მცენარეული მოტივით შემკული მოჩარჩოება აქვს. ჩარჩოს ზემოთ ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი მოჩუქურთმებული თავსართია. სარკმლის ორივე მხარეს თითო ჩუქურთმიანი მედალიონია, რომელთა ცენტრალურ ნაწილებში წარწერებია ამოტვიფრული. ტაძრის სამხრეთ კარიბჭის შესასვლელი სხვადასხვა მორთულობების ფრაგმენტებისგან შედგება, მათ შორის აქ ჩართულია სამხრეთის მცირე ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმლის მოჩარჩოების ფრაგმენტები (ჩარჩოს ქვედა ნაწილი თავის ადგილასაა, ერთი ფრაგმენტი კი მინაშენის სამხრეთ კედელშია მოთავსებული). კარიბჭის ორივე მხარეს რელიეფებით შემკული ბაზისებია, დასავლეთის ბაზისს ორმაგი გრეხილი ლილვი ეყრდნობა. ყურადღებას იქცევს ვაზის რელიეფი, რომელსაც აშკარად თაღოვანი მოხაზულობა აქვს და რკალის რადიუსიდან გამომდინარე შესასვლელის მორთულობა უნდა ყოფილიყო. აღნიშნული ვაზის რელიეფის ფრაგმენტი შესასვლელის გვერდით უადგილოდაა ჩართული. შესასვლელის თაღის ზემოთ კიდევ ერთი სარკმლის სათაურის ფრაგმენტია მოთავსებული. ფასადებს თაროსა და გრეხილი ლილვისგან შედგენილი, ფოთლოვანი მოტივით შემკული ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიის კედლები მოპერანგებულია სხვადასხვა ზომის სწორკუთხა, თლილი ქვებით, წყობა თარაზულია.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ს. გოგოლაურს. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *