ქსნის კვირაცხოვლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ქსანთან ახლოს. ძეგლი, სამშენებლო წყობისა და არქიტექტურული ფორმების მიხედვით, გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაუმუშავებელი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნიდან კი — მცირედ შეისრული, კვერცხისებრი ფორმის თაღით. არქიტრავადაც დაუმუშავებელი ქვაა გამოყენებული, მოსწორებული აქვს მხოლოდ ქვედა მხარე. შესასვლელის წირთხლები ნაწილობრივ დამუშავებული ქვებითაა ამოყვანილი. აღმოსავლეთ წირთხლში სწორკუთხა ფოსოა ამოღებული. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი, რომლის კუთხეები მეტ-ნაკლებად დამუშავებული ქვითაა გამოყვენილი. აფსიდი გადახურულია შეისრული, კვერცხისებრი ფორმის კონქით. კონქი მცირე ზომის, თხელი ქვებითაა ნაშენი. აფსიდის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში თითო გეგმაში ნახევარწრიული, მაღალი ნიშაა მოწყობილი, რომელთაც ორ-ორი ქვისგან შედგენილი ორკალთა გადახურვა აქვთ, რაც ისრული გადახურვის გამარტივებული ვარიაციაა. ჩრდილოეთ ნიშის გვერდით კიდევ ერთი მცირე ზომის, გეგმით სწორკუთხა, ორკალთა გადახურვის მქონე ნიშაა მოწყობილი. გრძივი კედლები ერთიანია, დაუნაწევრებელი. აფსიდში ნაწილობრივ შემორჩენილია შელესილობა. ეკლესიას ორი სარკმელი აქვს, ერთი აფსიდის ცენტრალურ ღერძზეა გაჭრილი, მეორე კი — სამხრეთ კედელში. სამხრეთის სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. აღმოსავლეთის სარკმელი პატარაა, დაბალი. მისი გადამხურავი, დაბრტყელებული ფორმის, თაღი ერთიან ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის წირთხლები გარედან შიგნითკენ ფართოვდება. ფასადები სადაა, მოურთველი. გარკვეულ მხატვრულ მახვილს წარმოადგენს შესასვლელის ფირუზისფერი არქიტრავი, რომლის თავზე თხელი ქვებია მიჯრით ვერტიკალურად დალაგებული, რაც თავისებურად აძლიერებს აქცენტს შესასვლელზე. მეორე მხატვრული მახვილი დასავლეთ ფასადზე კეთდება. ფასადის ფრონტონში სამი სწორკუთხა ქვისგან გამოყვანილი არარელიეფური, კედლის სიბრტყესთან გასწორებული ჯვარია. ჯვრის ფორმის უკეთ აღსაქმელად მკლავებს შორის არეები შევსებულია აგურის წყობით. ჯვრის განივ მკლავზე წარწერაა — ჲ(ესო)ჳ (იესუ) ქ(რისტ)ე (წარწერასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაგვიწია ბატონმა თ. ჯოჯუამ), წარწერის ნაშთი ჩანს ასევე ქვემოთ მიმართულ მკლავზეც. ეკლესია ძალიან დაზიანებულია, მთლიანად ჩამონგრეულია კამარა და ნაწილობრივ კედლებიც, ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთსა და დასავლეთ კედელში დიდი ბზარებია. ნაგებობას ამ ეტაპზე ძეგლის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით ჩამოჭრილი მიწიდან ჩანს ქვაყუთი.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- მშვილდაძე, მადონა და სხვები. ეკლესია კვირაცხოველი, ძეგლის სააღრიცხვო ბარათი. 2020. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში: