ქვათახევი

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ის დაშორებით. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. ქვათახევის ეკლესია ყურადღებას იქცევს ჰარმონიული პროპორციებითა და მაღალი ოსტატობით შესრულებული მორთულობით. ის მიეკუთვნება ძეგლთა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი…), რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები – გეგმა დამოკლდა და კვადრატს მიუახლოვდა, გუმბათის საყრდენად ბურჯების ერთი წყვილი დარჩა, მეორე – აღმოსავლეთის წყვილი კი საკურთხევლის კედლებს შეერწყა, გაქრა პატრონიკეები, შენობის კორპუსი რამდენადმე დადაბლდა, გუმბათის ყელი კი უფრო აზიდული გახდა. ქვათახევის მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. იგი მწიგნობრობის კერაც იყო, ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი. ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობისას მონასტერი დაარბიეს, ხოლო მონასტერში თავშეფარებული საეკლესიო პირები და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები, მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს ქრისტიანობის უარყოფაზე, ერთად გამოკეტეს და ტაძარს ცეცხლი წაუკიდეს. დაზიანებული მონასტერი მეფე ალექსანდრე დიდმა აღადგინა XV საუკუნეში. 1735-1740 წლებში, ლეკთა თავდასხმებით გამოწვეული უმძიმესი მდგომარეობის გამო, იგი დაიკეტა, მონასტერში დაცული სიწმნიდეები კი ახლოს მდებარე გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ტაძარი კვლავ მოქმედი გახდა, ასევე აღმოაჩინეს და მონასტერს დაუბრუნეს გადამალული განძი. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული, ასევე აქ ინახება იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი.

 

არქიტექტურა

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები.
მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, რომელიც გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც ბემითაა დაგრძელებული. საკურთხევლის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია, ისინი საკურთხეველს ბემის არეში უერთდებიან. სადიაკვნეცა და სამკვეთლოც აფსიდიანია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ჯვრის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები სამხრეთისა და ჩრდილოეთისაზე გრძელია. მკლავები გადახურულია კამარებით. დასავლეთ მკლავის გვერდებზე დაბალი ნავებია. ჯვრის ყოველ მკლავში გაჭრილია სამი სარკმელი – ორი მაღალი, ვიწრო ღიობი და მათ თავზე ერთი პატარა, წრიული სარკმელი. სადიაკვნესა და სამკვეთლოს თითო სარკმელი აქვთ. ინტერიერი შელესილია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და დასავლეთით. ორივე შესასვლელს კარიბჭე აქვს მიშენებული. სამხრეთის კარიბჭე ტაძრის თანადროულია, დასავლეთისა კი XVII საუკუნის II ნახევარში მიუშენებიათ. სამხრეთის კარიბჭე ოთხ სვეტზე დგას, გადახურულია სხივისებრი კამარით და დიდი, ღია თაღით უკავშირდება ეკლესიას. ფასადების მორთულობის ძირითადი ელემენტი შეწყვილებული სარკმლების მოჩუქურთმებული მოჩარჩოება და მათ შორის აღმართული ჯვარია. აღსანიშნავია ასევე აღმოსავლეთის ფასადის სამთავისისეული მორთულობა – ორი ნიში და ერთ ღერძზე განლაგებული ჯვარი, სარკმელი და რომბები. მდიდრული ჩუქურთმებითაა შემკული გუმბათი, ლავგარდნები და შეწყვილებული სარკმლები. ნაგებობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას და მოპირკეთებულია კარგად გათლილი კვადრებით.

სამონასტრო კომპლექსს გალავანი ევლება, რომელიც რთულ რელიეფს მიუყვება, ამიტომ მისი კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა. ჭიშკარი სამხრეთითაა. გალავანში  ჩართულია ნატეხი ქვით ნაგები ორსართულიანი კოშკი. იგი მთავარი ტაძრის სამხრეთით დგას. კოშკის ორივე სართული საცხოვრებელი იყო. ნაგებობა მრავალჯერ არის გადაკეთებული. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ნატეხი ქვით ნაგები სატრაპეზო დგას. მის დასავლეთ კედელში ორი დიდი ბუხარია შემორჩენილი. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ერთი სწორკუთხა სარკმელი. გალავანზე დასავლეთიდან XIX საუკუნით დათარიღებული სენაკებია მიშენებული.

მონასტრის ეზოში დგას 1872 წელს აგებული სამრეკლო, რომელიც ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ნაგებობა გეგმით ხუთწახნაგაა ყოველმხრივ თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. ნახევარწრიული თაღები წრიული ფორმის სვეტებზეა გადაყვანილი. სვეტები საფეხუროვან ბაზისებს ეყრდნობა და სადა პილასტრებით სრულდება. სამრეკლოს ფასადებს ასრულებს პროფილირებული ლავგარდანი.

ფოტო მასალის წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ფოტო არქივი.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *