ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის ეკლესია

ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის ეკლესია

ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა აზიდული პროპორციებით ხასიათდება. მხატვრულ ეფექტს ძირითადად ფირუზისფერი და მოყვითალო სუფთად თლილი ქვების წყობა ქმნის. განსაკუთრებით საყურადღებოა შესასვლელთა არქიტრავებზე გამოსახული ქრისტეს და ღვთისმშობლის ამაღლების რელიეფები. ქვემო ბოლნისის წმინდა გიორგის ეკლესია სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს, იგი ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია საქართველოში. დღესდრეობით გვერდითა ეკლესიები დანგრეულია. გვერდითა ეკლესიები, ცენტრალურთან შედარებით, უფრო ვიწრო და დაბალი იყო. სამხრეთის ეკლესია აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდით სრულდება და სამხრეთიდან ორ გეგმაში წრიულ ბურჯზე გადაყვანილი სამი თაღით იყო გახსნილი. ტაძარს ორი არქიტრავული შესასვლელი აქვს, ორივე სამხრეთიდან. მთავარი ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. გრძივი კედლები დაუნაწევრებელია. ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით (მოგვიანებით აგურითაა განახლებული). დარბაზი ოთხი სარკმლით ნათდება – თითო სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში, სამხრეთის კედელში კი ორი სარკმელია. სარკმლები განიერი და პარალელურწირთხლებიანია, რაც ადრეული შუა საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი. გვერდითა ეკლესიების აფსიდები ნალისებრი მოხაზულობისაა, უსარკმლო და სწორკუთხედშია ჩაწერილი. ჩრდილოეთის ეკლესიაში გასასვლელი ცენტრალური ეკლესიის ჩრდილოეთ კედელშია მოწყობილი. ტაძრის ფასადები სადაა, შემკულია მხოლოდ სარკმელთა თავსართები და შესასვლელთა არქიტრავები. კედლებს პატარა თაღებისგან შედგენილი კბილანა ლავგარდანი ასრულებდა. მარჯვენა შესასვლელის არქიტრავზე გამოსახული იყო ქრისტეს ამაღლების სცენა, რომლისგანაც ამჟამდ მხოლოდ ანგეოზთა ფრთების ნაწილია შემორჩენილი. მარცხენა კარის თავზე ტახტზე დაბრძანებული ღვთისმშობლის ორი ანგელოზის მიერ ამაღლებაა მოცემული, ეს კომპოზიციაც დაზიანებულია. რელიეფთა დამუშავება სიბრტყობრივ-ხაზოვანი ხასიათისაა. ქვემო ბოლნისის წმ. გიორგის ეკლესიასთან გეგმით ძალიან ახლოს დგას ვანათის ეკლესია, თუმცა მის მთავარ დარბაზს ექსტერიერში ხუთწახნაგა აფსიდი აქვს. 

 

 

იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *