როგორ დავიწყოთ ლაშქრობა

ყელიწადი

თუკი ლაშქრობის დაწყება გსურთ და ინფორმაციას ეძებთ, ეს უკვე პირველი ნაბიჯია დიდი თავგადასავლებისკენ. როგორ დავიწყო ლაშქრობა? რა აღჭურვილობა მჭირდება? სად ვიპოვნო რუკები და საჭირო ინფორმაცია? რომელი მარშრუტი ავირჩიო დასაწყისისთვის? – ეს კითხვები ალბათ მთებში ხეტიალის ყველა მსურველს აწუხებს საწყის ეტაპზე. როცა ტვირთით გრძელი და რთული გზის გავლა გიწევს მცირე ნიუანსებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ ვეცდები პატარ-პატარა გამოსადეგი რჩევები გაგიზიაროთ. პირველ ნაწილს ზოგად მიმოხილვას დავუთმობ, ქვემოთ კი გაეცნობით კონკრეტულ ასპექტებს ცალკე თავებად. პირველი ლაშქრობისთვის ჯობია საშუალო სირთულის, თუმცა ლამაზი და შთამბეჭდავი მარშრუტი შეარჩიოთ, რომ ძალიანაც არ გაგიჭირდეთ და მშვენიერი ხედებით დაუვიწყარი ემოციებიც მიიღოთ. შეგიძლიათ გაყვეთ მოლაშქრეთა კლუბებს და გამოცდილების დაგროვების შემდეგ თავად დაგეგმოთ გასვლა მეგობრებთან ერთად. დასაწყისში არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ მარტო, ეს ზოგადადაც არასასურველია, რადგან მთაში მრავალნაცად ადამიანსაც შეიძლება ხიფათი შეემთხვას. იარეთ თანაბრად, ერთ ტემპში, რათა ენერგია მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. კარგია, თუ მარშრუტს საკვანძო მონაკვეთებად დაყოფთ. ყოველი მონაკვეთის გავლის შემდეგ დაძლეული გექნებათ კიდევ ერთი სირთულე და ამ დროს შეგიძლიათ საკუთარი თავი დამსახურებული დასვენებით დააჯილდოვოთ. აუცილებლად კარგად შეისწავლეთ მარშრუტი წასვლამდე. გაარკვიეთ წყლის რამხელა მარაგი დაგჭირდებათ, დამატებითი აღჭურვილობა ხომ არ არის საჭირო, რა სიმაღლის დაძლევა მოგიწევთ, დღეში რა მანძილის გავლა და ა.შ. კომფორტულად სიარულისთვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ჩაალაგებთ ჩანთას. ეცადეთ შედარებით მძიმე ნივთები ზურგის გასწვრივ განალაგოთ, რაც უფრო ახლოა სიმძიმე სხეულთან, მით უფრო მარტივია ჩანთის ტარება. ასევე, ნუ ჩადებთ ან მიამაგრებთ საგრძნობლად მძიმე აღჭურვილობას (მაგალითად კარავს) გვერდითა მხარეს, ან მეორე მხარესაც დაახლოებით იგივე სიმძიმის ნივთით გაათანაბრეთ. შესაძლოა ჩანთა თავიდანვე იდეალურად ვერ დაარეგულიროთ და სიარულის დაწყებიდან ცოტა ხანში იგრძნოთ რომ რაღაც რიგზე არ არის (მაგ.: წონა მხრებზე ზედმეტად გაწვებათ), ასეთ დროს გზად შეცვალეთ რეგულირება და საბოლოოდ მოიყვანთ თქვენთვის კომფორტულ მდგომარეობაში. სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და არ წაიღოთ ზედმეტი ბარგი. გახსოვდეთ, როგორი ჯან-ღონით სავსეც უნდა იყოს თქვენი თანამგზავრი, მთელი დღე რთულ ბილიკებზე სიარულით ისიც იღლება და დამატებითი ტვირთის აკიდება თავგანწირვის ტოლფასია. ეცადეთ არ იყოთ ძალიან წუწუნა და პრეტენზიული, ეს სხვებისთვისაც დამღლელია და თქვენც ხელს შეგიშლით სიამოვნების მიღებასა და ტკბობაში. იყავით მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ისწავლეთი თქვენი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოყენება. თუმცა არ უნდა დაივიწყოთ ისიც, რომ მთაში გუნდურობა და თანადგობა აუცილებელი პირობაა. თუკი ფიზიკურად არცთუ ძლიერი ხართ და ცხოვრების დიდ ნაწილს უმოძრაოდ ატარებთ, დაიწყეთ ვარჯიში, რათა თქვენი სხეული მიჩვეული იყოს ფიზიკურ დატვირთვას და უცებ დიდი სტრესი არ მიიღოთ. და რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ ლაშქრობისას ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი, სიყვარული და ნებისყოფაა.

 

სად ვიპოვნოთ რუკები

დღესდღეობით რუკებისა და მარშრუტის შესახებ სასარგებლო ინფორმაციის პოვნა ძალიან მარტივია. ამ თემაზე არსებობს რამდენიმე საიტი, ასევე Facebook-ში შექმნილია ჯგუფიმოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია. ამ ჯგუფში საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოლაშქრე და მოგზაურობით დაინტერესებული მრავალი ადამიანია გაერთიანებული. შეგიძლიათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვა და გამოცდილი ადამიანები გაგიზიარებენ თავიანთ აზრს და მოგცემენ სასარგებლო რჩევებს. რუკებისა და ნავიგაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენა შეგიძლიათ “ჯეოლენდში”. ქვემოთ გთავაზობთ ბმულებს, საიდანაც უფასოდ შეძლებთ რუკების გადმოწერას და გაეცნობით მარშრუტების მიმოხილვებს. ბილიკის შესასწავლად გირჩევთ გამოიყენოთ პროგრამა – Google earth pro. ამ პროგრამაში შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენ მიერ გადმოწერილი მარშრუტი და ნახოთ რა მონაკვეთზე როგორი რელიეფი შეგხვდებათ, რა მანძილები უნდა გაიაროთ, რა სიმაღლებრივი სხვაობის დაძლევა მოგიწევთ და ა.შ. პროგრამაში ასევე შეგიძლიათ თავადაც შეადგინოთ მარშრუტები. ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური GPS მოწყობილობა, ასევე მობილური ტელეფონი. მობილურისთვის გადმოწერეთ რომელიმე აპლიკაცია, რომელიც რუკების ოფლაინ რეჟიმში გამოყენების საშუალებას მოგცემთ, მთაში ბევრგან არ არის მობილური კავშირი.

 

სასარგებლო ბმულები

 

რა გვჭირდება ლაშქრობაში

  • სალაშქრო ფეხსაცმელი
  • ზურგჩანთა
  • კარავი
  • საძილე ტომარა
  • ლეიბი (პარალონი)
  • ტანსაცმელი: შარვალი, შორტი, მაისური, თბილი მოსაცმელი, მზის ქუდი, თბილი ქუდი, ქურთუკი, ხელთათმანები, წინდები, მზის სათვალე (ეცადეთ ტანსაცმელი შეარჩიოთ სინთეზური მასალის ან შალის)
  • პირველადი დახმარების ნაკრები (ლეიკოპლასტირი, ტკივილგამაყუჩებელი, ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება, სპირტი და ბამბა, ბინტი, ელასტიკური ბინტი. გაითვალისწინეთ თქვენი სპეციფიკური საჭიროებები, თუ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ)
  • დანა
  • ფანარი
  • საწვიმარი
  • ჩანთის საწვიმარი
  • სალაშქრო ჯოხები (ფაქტობრივად სანახევროდ შეგიმსუბუქებთ სიარულს)
  • ნავიგაციის საშუალებები
  • პირადი ჰიგიენის ნივთები
  • ხელის სადეზინფექციო საშუალება
  • მზისგან დამცავი
  • მწერებისგან დამცავი
  • ფაუერ ბანკი
  • დამატებითი ელემენტები ელექტრონული მოწყობილობებისთვის
  • სალაშქრო გაზქურა
  • ცეცხლგამძლე ჭურჭელი
  • წყლის ფილტრი
  • ცეცხლის დასანთები საშუალება (ასანთი, სანთებელა და ა.შ)
  • წყალი
  • საკვები
  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
  • ერთჯერადი ცხვირსახოცები
  • ნემსი და ძაფი

 

როგორ შევარჩიოთ და სად შევიძინოთ სალაშქრო აღჭურვილობა

სწორად შერჩეული სალაშქრო აღჭურვილობა კომფორტული ლაშქრობის წინაპირობაა. საჭირო ნივთები შეგიძლიათ შეიძინოთ სპორტულ მაღაზიებში (Extreme, The North Face Georgia და სხვა), გამოიწეროთ საიტებიდან (CampSaver.com, Amazon.com, ebay.com და სხვა) ან იყიდოთ ე.წ. “მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში”. ახალი სალაშქრო აღჭურვილობის შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მეორადი კი ბევრად შეღავათიანად შეგიძლიათ შეიძინოთ. ასევე შეგიძლიათ ჩაუსაფრდეთ ფასდაკლებებს სხვადასხვა საიტებზე.

ხარისხიანი და თქვენთვის შესაფერისი აღჭურვილობის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან უნდა განსაზღვროთ რა კატეგორიისა და სირთულის ლაშქრობებში აპირებთ წასვლას, ამის მიხედვით გადაწყვეტთ რა ტიპის აღჭურვილობა იყიდოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ შეისწავლოთ რომელი ბრენდის რომელი მოდელია ყველაზე კომფორტული და სანდო. ჰკითხეთ აზრი გამოცდილ ადამიანებს, რომელი ჩანთა თუ კარავი მოსწონთ და რა მხრივ. წაიკითხეთ მომხმარებელთა შეფასებები თქვენს შერჩეულ ნივთზე. ყოველწლიურად კეთდება ახალგამოსული მოდელების საუკეთესო ათეულები, შეგიძლიათ გადახედოთ სხვადასხვა წლების მიხედვით. გაითვალისწინეთ წინა წლების მოდელი არ ნიშნავს ცუდს და მიზნად ნუ დაისახავთ უახლესის ყიდვას. ნახეთ ვიდეოები, სადაც განიხილავენ სხვადასხვა სალაშქრო აქსესუარების დადებით და უარყოფით მხარეებს. ახლა კი მოკლედ მიმოვიხილავ რა უნდა გაითვალისწინოთ აღჭურვილობის შეძენისას. 

კარვები არსებობს სხვადასხვა წყალმედეგობის, სხვადასხვა ზომის, მასალის, წონისა და ოთხივე სეზონისთვის ან თბილი პერიოდებისთვის გათვლილი. ამ მონაცემების მიხედვით მერყეობს ფასიც და უნდა შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი. ნუ იყიდით ძალიან დიდს, ორკაციანი, ვფიქრობ, ოპტიმალური ვარიანტია. დიდი ზომის კარვები კარგია თუ მანქანით მიდიხართ საკემპინგე ადგილას და ზურგით თრევა არ გიწევთ. გირჩევთ კარავი ახალი იყიდოთ.

სალაშქრო ფეხსაცმელები არსებობს სხვადასხვა რელიეფისთვის გათვლილი. რთული რელიეფისთვის განკუთვნილ ბათინკებს უფრო სქელი ძირი და ძლიერი კორპუსი აქვს და უფრო მძიმეა, თუ მარტივ გასვლებს გეგმავთ, სჯობს მსუბუქი ფეხსაცმელი იყიდოთ. სალაშქრო ფეხსაცმელი რა თქმა უნდა წყალგაუმტარი უნდა იყოს და ძირებს უნდა ჰქონდეს კარგი მოჭიდება, რისთვისაც არსებობს სხვადასხვა მასალა. ცნობილია Vibram-ის ძირები (ეს არის ბრენდი და არა მასალა) და Gore-tex-ის წყალგაუმტარი მასალა. თუმცა ზოგიერთი სალაშქრო ფეხსაცმლის მწარმოებელი იყენებს საკუთარ ძირებს და თუკი ბათინკებზე ვერ იპოვნით წარწერას Vibram, არ ნიშნავს რომ არ ვარგა. გაითვალისწინეთ, სალაშქრო ფეხსაცმელი ცხვირთან ცოტა დიდი უნდა გქონდეთ, რომ დაღმართებში სიარულისას თითები არ დაგემტვრეთ და თავ-ბედი არ იწყევლოთ. ზოგიერთი ბრენდის ზოგიერთ მოდელს აქვს განსხვავებული ზომები გარშემოწერილობის მიხედვით: ვიწრო, საშუალო, განიერი, ასე რომ, თუ განსაკუთრებით ვიწრო ან განიერი ტერფი გაქვთ სჯობს ასეთი მოდელი შეარჩიოთ.

სალაშქრო ზურგჩანთები განსხვავდება ზომით, მასალით, დამჭერების მედეგობით და სხვადასხვა მსგავსი დეტალებით, რაც მათ ფასს განაპირობებს. ჩანთა თანაბრად უნდა ანაწილებდეს წონას სხეულზე და უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი. ზოგიერთ მოდელს აქვს უკეთესი ვენტილაცია ზურგის არეში. თუკი დიდ ექსპედიციებს არ გეგმავთ გიგანტური ჩანთა (80-100ლ და მეტი) არ გჭირდებათ. ერთდღიანი გასვლებისთვის 10-12 ლიტრიანიც საკმარისია. მნიშვნელოვანია ჩანთის ზომის ზუსტად შერჩევა, ზომაში არ ვგულისხმობ ლიტრაჟობას, ნებისმიერი ლიტრაჟობის ჩანთას აქვს ზომები, გათვლილი სხვადასხვა პროპორციების ადამიანებზე. ცნობილი ბრენდების ოფიციალურ საიტებზე შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ უნდა გაიზომოთ სხეული და რა ზომის ჩანთა იქნება თქვენთვის მორგებული და კომფორტული. სასურველია ჩანთას ჰქონდეს ცალკე განყოფილება საძილე ტომრისთვის, გვერდებზე მოხერხებული განყოფილება წყლის ბოთლისთვის და ჯიბეები, რათა ადვილად ხელმისაწვდომად გქონდეთ საუცბათო ნივთები.

საძილე ტომრები განსხვავდება ზომით, მასალითა და სისქით. არსებობს სინთეზური მასალისა და ბუმბულის ტომრები, ბუმბულისა უფრო მსუბუქი და თბილია. ნუ იყიდით სქელ საძილე ტომარას თუკი ალპურ ზონაში და ცივ ადგილებში არ აპირებთ ლაშქრობას. შეარჩიეთ თქვენი სიმაღლის შესაფერისი ზომის საძილე, ასე სითბოსაც უკეთ შეინარჩუნებთ და ზედმეტი წონის თრევაც არ მოგიწევთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *