საღამოს X საუკუნის დარბაზული ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარეობს. იგი ჰარმონიული, კოხტა პროპორციებით ხასიათდება. ყურადღებას იქცევს შესასვლელის საინტერესო მორთულობა, რომელიც ინდივიდუალურობით გამოირჩევა. ტაძარი თავისი ეპოქის ტენდენციებს ასახავს და განვითარებული შუა საუკუნეების ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. საღამოს X საუკუნის დარბაზული ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, აღმოსავლეთით სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებითა და მათ შორის გადაყვანილი დეკორატიული თაღებით. პილასტრებს სადა კაპიტელები და ბაზისები აქვს. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში თითო თაღოვანი ნიშია, სამხრეთისა მცირე ზომისაა, ჩრდილოეთისა – უფრო დიდი და მაღალი. ინტერირში კედლები, კამარის დასაწყისამდე, შეთეთრებულია, კამარა და თაღები დატოვებულია ქვის ბუნებრივ ფერზე. ეკლესია სამი თაღოვანი სარკმლით ნათდება – აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის. ფასადები სადაა. ტაძრის მორთულობას აღმოსავლეთის სარკმლისა და შესასვლელის რელიეფური დეკორი შეადგენს. აღმოსავლეთის სარკმელს ორმაგ ლილვებს შორის მოქცეული წნული ჩუქურთმის მოჩარჩოება აქვს. ძალიან საინტერესოა შესასვლელის ბალავრის ქვის რელიეფი. სხვადასხვაგვარი გეომეტრიული ჩუქურთმებით მორთულ ლილვოვანი თაღით გამოყოფილ ტიმპანის არეში მაღალი რელიეფით შესრულებული ყურძნის მტევნებია მოთავსებული. თაღის ორივე მხარეს ჯვრიანი რელიეფებია გამოსახული, მარცხნივ ჯვრიანი კვერთხია, მარჯვნივ კი – გოლგითის ჯვარი, ადამიანის ფიგურა და პალმის ხე. ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია, მოვარდისფრო და მორუხო, სუფთად თლილი ქვით, გადახურულია ლორფინით. საღამოს დარბაზულ ეკლესიასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ საღამოს იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია, მეორე დარბაზული ეკლესია და საღამოს ტბა.