სალხინო – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია

სალხინოს სასახლე

დადიანების საზაფხულო რეზიდენცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდებარეობს, მდინარე წაჩხურას ნაპირზე. სასახლე სამეგრელოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. დადიანების საზაფხულო რეზიდენცია განსაკუთრებით ცნობილია ულამაზესი ეზოთი და უმშვენიერესი, გრძელი ხეივნით. მყუდრო, ჩრდილიანი ეზო, სადაც დასასვენებელი სკამები და პარკიცაა მოწყობილი შესანიშნავია მშვიდად სეირნობისა და განტვირთვისთვის. 1825-1826 წლებში აქ უბრალო ხის ოდა იდგა, სადაც სამეგრელოს დედოფალი, ქვრივი ანა ცხოვრობდა. ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა კი სამეგრელოს მთავარმა, ლევან V დადიანმა დაიწყო არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით. ნაგებობამ საბოლოო სახე ლევანის შვილიშვილის, სალომე მიურატის დროს მიიღო. სასახლის მშენებლობაზე თურქები და ბერძნები მუშაობდნენ, ლეცავედან საჭირო მასალა გლეხებს მოჰქონდათ. მშენებლობის დროს გარდაცვლილა უფროსი ოსტატი თათარი ოსმანი. სასახლის პირველ სართულზე, დიდი დარბაზის ცენტრში, განთავსებული იყო ქვევრი და მუხის ხის სვეტებზე აყვანილი ფანჩატური მოჩუქურთმებული თაღით. დარბაზში იყო ასევე მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზეც ბახუსის ქანდაკება იყო მოთავსებული. სასახლის გვერდით სამეგრელოს მთავრის, კაცია II დადიანის მიერ 1782 აშენებული ღვთისმშობლის შობის ეკლესია დგას. დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში ბოლო დიდი ზეიმი 1897 წელს, ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს გაიმართა.

 

 

2 კომენტარი პოსტზე - “სალხინო – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია

  • აგვისტო 17, 2020 at 6:52 pm
    Permalink

    სალომე დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილი იყო

    Reply
    • აგვისტო 17, 2020 at 7:05 pm
      Permalink

      შვილიშვილი უნდა ეწეროს, გავასწორებთ ახლავე. მადლობა კომენტარისთვის 🙂

      Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.