სამშვილდე

სამშვილდის ნაქალაქარი

სამშვილდე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი განლაგებულია სოფელ სამშვილდის მახლობლად, მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე. სამშვილდის ნაქალაქარს უძველესი ისტორია აქვს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და ვრცელი სამაროვნები ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს მიეკუთვნება. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის მრავალ საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებს მოიცავს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია VIII საუკუნის  ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძარი – სამშვილდის სიონი. სამშვილდე საერისთავოს ცენტრი იყო, იგი ასევე საუფლისწულო სამყოფელსაც წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, IV საუკუნეში მეფე ასფაგურის ასული სამშვილდეში იზრდებოდა. არაბების ბატონობის დროს იგი თბილისის საამიროს ემორჩილებოდა. XI-საუკუნეში ბაგრატ IV-მ ქალაქი გაათავისუფლა. დიდი თურქობის დროს ციხე-ქალაქი თურქების ხელში აღმოჩნდა. 1110 წელს დავით აღმაშენებელმა ქალაქი საქართველოს შემოუერთა, 1123 წელს კი იგი ბრძოლებში გამარჯვებულ ივანე ორბელს უბოძა. ნახევარი საუკუნის მანძილზე სამშვილდე ორბელიანთა ხელში იმყოფებოდა, თუმცა მათი აჯანყების შემდეგ იგი კვლავ მეფეს დაექვემდებარა. XIII საუკუნეში მონღოლებმა სამშვილდე აიღეს. 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა ჯეჰან-შაჰი, მან ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა. ისტორიული წყაროების თანახმად სამშვილდემ ქალაქის ფუნქცია XVII – საუკუნის II-ნახევრამდე შეინარჩუნა, შემდგომ კი მხოლოდ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. 1747 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და აჯანყებულ ბატონიშვილ აბდულ-ბეგს შორის, რომელიც მეფემ თბილისთან სასტიკად დაამარცხა. აჯანყებულები სამშვილდეში გამოიკეტნენ. 1748 წელს ერეკლე მეორემ სამშვილდე აიღო და შემდგომ საუკუნის ბოლომდე იგი მეფის საიმედო დასაყრდენად იქცა. ამავე პერიოდში განახლდა გალავანი, გალავნის შიგნით აშენდა სასახლე და აბანო. სამშვილდეს დიდი სტრატეგიული და ეკომონიური მნიშვნელობა ჰქონდა. აქედან გადიოდა თრიალეთში, ჯავახეთში, ბოლნისში, დმანისში, თბილისში, კლდეკარში და ე.წ. „წითელი ხიდისკენ“ მიმავალი გზები. ხრამის ხეობაში დღემდეა შემორჩენილი ამ ძველი საურმე გზის ნაკვალევი, რომელიც ქვაფენილით არის მოკირწყლული, რაც იმ პერიოდის მაღალგანვითარებაზე მეტყველებს. სამშვილდე მრავალსაუკუნოვანი ძეგლებითა და სამშვილდის კანიონის ულამაზესი ხედებით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, იგი ქართული კულტურის ერთგვარ რეტროსპექტივადაც შეგვიძლია აღვიქვათ.

 

სამშვილდის კომპლექსი

სამშვილდის კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის მრავალ კულტურულ-ისტორიულ ძეგლს მოიცავს. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის მეგალითებს, ნამოსახლარებსა და სამაროვნებს, შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრესა და საყოფაცხოვრებო ნაგებობების ნაშთებს. სამშვილდის კომპლექსი ასევე მოიცავს რამდენიმე ტაძარს: სამშვილდის სიონი, წმ. გიორგის ეკლესია, პალატის ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, ეკლესია შვერილი აფსიდით, მდინარე ხრამის მხარეს მდებარე ეკლესია – თეოგენიდა. ციხე-ქალაქს სამი მხრიდან ღრმა ხეობები მიუდგომელს ხდიან, დასავლეთიდან კი მას ხევიდან-ხევამდე გადაჭიმული გალავანი იცავს. გალავნის საერთო სიგრძე 2,5 კმ-ია. ქალაქი სამ ნაწილად იყოფა – აღმოსავლეთით, კონცხის ბოლოს, შიდაციხეა, შუა ნაწილი კედლებით შემოზღუდული ციხეა, ხოლო დასავლეთით საკუთვრივ ქალაქი. გალავნის გარეთ შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.  
ქალაქის შუა ნაწილი გამოყოფილია გალავნით რომლის ალაყაფის კართან სამი მეტრის სიგანის ქვის ფილებით მოკირწყლული მთავარი ქუჩა იწყება. მთავარი ქუჩიდან მიიმართებიან ვიწრო ჩიხები, რომლებიც საკარმიდამო ნაკვეთებს გამოყოფენ. ნაქალაქარზე შემორჩენილია რამდენიმე ორსართულიანი სახლის ნანგრევი. პირველი სართული სავარაუდოდ მარანს და სამეურნეო საწყობს ეთმობოდა. მეორე სართულზე კი საცხოვრებელი ოთახებია კედლის ნიშებითა და ბუხრებით.
შიდა ციხე მძლავრი გალავნითაა გამოყოფილი. შემორჩენილია მისი ძველი, 6 მეტრის სისქის დასავლეთის ნაწილი. შესამჩნევია, რომ დროთა განმავლობაში გალავანი სიმაღლეში მატულობდა და 10-12 მეტრს მიაღწია. ბოლო ფენები გალავნის საბრძოლო ნაწილის განიერ ტალანს და სარბენ ბილიკებს ქმნიან. გვიანდელ პერიოდში შეკეთებისას ციხე-სიმაგრის გვერდებზე მიუშენებიათ დიდი მრგვალი ბურჯები. შესასვლელის თავზე გაჩნდა სათოფურები და სალოდეები. გაგრძელდა კედლები ხევებისა და მთების კალთების გასწვრივ. ციხის შიგნით ააგეს ორსართულიანი სასახლეები და აგურის ოთხსათავსიანი აბანო ტრომპებზე ამოყვანილი გუმბათით. გამუდმებული ბრძოლების გამო საჭირო გახდა არა მარტო ციხეების გამაგრება, არამედ სასახლეებისა და დამხმარე ნაგებობების ციხის გალავნის შიგნით მოქცევა. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის ორი უზარმაზარი აუზი, გათვალისწინებული ხანგრძლივი ალყისთვის. შიდა ციხის ტერიტორიაზე დგას სამი მოზრდილი ეკლესია, რომელთაგან ერთ-ერთი სამშვილდის სიონია.
სამშვილდის სიონი VIII საუკუნის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა “აღაშენა სიონი სამშუილდისა”, ეს ტაძარი აღარ არსებობს. მის ადგილას 759-777 წლებში ახალი ეკლესია ააგეს, რომელიც ამჟამად დანგრეულია. შედარებით უკეთ ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილია შემონახული. აღმოსავლეთ ფასადზე დაცული წარწერის ფრაგმენტებში ტაძრის აშენების ისტორიაა მოთხრობილი, მოხსენიებული არიან ისტორიული პირები – ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე V კოპრონიმე და ლეონ IV ხაზარი. ამ წარწერის საშუალებით ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა გახდა შესაძლებელი. ეკლესია კომპოზიციითა და დეტალებით წრომის ტაძარს ენათესავება. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია საკურთხეველი, სადიაკვნე და სამკვეთლო. გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ სვეტს ეყრდნობოდა. წრომისაგან განსხვავებით სამშვილდის სიონში გეგმა გართულებულია – სამხრეთით და ჩრდილოეთით ტაძარს გასდევდა გრძელი გალერეები, რომელთაც აღმოსავლეთით დამოუკიდებელი ეგვტერები ჰქონდათ. ასევე რამდენადმე შეცვლილია ფასადების დამუშავების სისტემა – გარდა შუა მაღალი ნიშებისა შექმნილია დამატებითი დაბალი ნიშები, რითაც უფრო რბილი, ჰარმონიული გადასვლაა მიღწეული. კედლების სუფთა წყობა, მკვეთრი, ზუსტი პროფილები, შესანიშნავი პროპორციები, თავშეკავებული დეკორი და ქვის თბილი, ყვითელი ფერი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სამშვილდის სიონის დასავლეთით დგას სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მუქი ბაზალტის კვადრებითაა ნაგები. ეკლესია თავისი ხასიათით, არქიტექტურითა და დეკორატიული დეტალების მიხედვით X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება. სიონის აღმოსავლეთით დგას დარბაზული ეკლესია შვერილი აბსიდით. იგი ნაგებია უხეში გათლილი ქვით. ინტერიერში აქა-იქ გადარჩენილ ნალესობაზე მშვენიერი ფრესკული ფერწერის ფრაგმენტებია შემორჩენილი. კარის თაღის ფერწერაზე არსებული წარწერის მიხედვით ეკლესია აგებულია XII საუკუნის დასაწყისში. ორივე ნაგებობაში გამოყენებულია სამშვილდის სიონის ტაძრის ქვები. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ამჟამად მას მთლიანად შემოცლილი აქვს ქვის პერანგი, აღარ არსებობს წარწერაც, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილს აქვს აღწერილი. ამ წარწერის მიხედვით ეკლესია აუგია ვახტანგ V-ის მეუღლის, დედოფალ ელენეს აღმზრდელს – ზილიფხანს, 1672 წელს. ეკლესიის შიდა ეზო ქვის ხანით ყოფილა შემოსაზღვრული. პალატის ეკლესია სამშვილდის ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე მდებარეობს. რომელი წმინდანის სახელზეა აგებული ეს ტაძარი ცნობილი არ არის. ტაძრის ინტერიერში აღმოაჩნდა მცირე ზომის საფლავის ქვა მხედრული დამწერლობით შესრულებული ეპიტაფიით. წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაკრძალულ ყოფილა „მცირეწლოვანი ყრმა ოთარი, ერასტის ძე“. ხელოვნების ისტორიკოსის გ. გაგოშიძის მიხედვით აღნიშნული ყრმა ყაფლანიშვილ-ორბელიშვილთა გვარის უდროოდ გარდაცვილი წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ კარის ეკლესიაში დაუკრძალავთ. გათხრებმა აქ გარდა ეპიგრაფიკული ძეგლისა გვიანდელი შუასაუკუნეების არქეოლოგიური მასალა და მოზრდილი ზომის არქიტექტურული დეტალებიც გამოავლინა. გალავნის მახლობლად ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია დგას. ტაძრის ინტერიერში სანთლების ალისაგან გაჭვარტლული მენჰირია, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულს მიეკუთვნება. მასზე გამოკვეთილია ჯვარი და სომხური წარწერა – სუმბათ ერისთავთ-ერისთავი“. ეს წარწერა XI საუკუნით თარიღდება, ტაძარი კი მომდევნო პერიოდშია აგებული. კიდევ ერთი მენჰირი გალავნისკენ მიმავალ გზაზე დგას. მდინარე ხრამის მხარეს კიდევ ერთი ეკლესია, „თეოგენიდა“ დგას. ეკლესია სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. ტაძრის ახლოს შეიმჩნევა ტეტრალითი – ერთმანეთზე დალაგებული სამი დიდი ლოდი, რომლებიც ეყრდნობიან მეოთხე ლოდს – საფუძველს. ტეტრალითიც წინარექრისტიანული პერიოდისაა. ბალახებში ჩანს ბორბლები და საწნახელის ღარიანი ქვები. 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *