სამშვილდის კანიონი

სამშვილდის კანიონი

სამშვილდის კანიონი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ სამშვილდის მიდამოებში, 548-605 მეტრზე ზღვის დონიდან. იგი მდინარე ხრამის (ქცია) შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ 5-6 კილომეტრის სიგრძის ღრმა კანიონისებრ ხეობისა და მდინარე ჭივჭავის 3-4 კილომეტრის სიგრძის კანიონის ერთობლიობას წარმოადგენს. კანიონის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მეტრია. სამშვილდის კანიონის სიახლოვეს მდებარეობს მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლი სამშვილდის ნაქალაქარი, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ძეგლებისგან შედგება. აქ ნახავთ ათასწლეულების წინანდელ მეგალითებს, ტაძრებს, ნამოსახლარებსა და ციხე-სიმაგრეს. ციხე მდინარეების, ხრამისა და ჭივჭავის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე დგას და აქედან კანიონზე შესანიშნავი ხედები იშლება. სამშვილდის კანიონს წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ ესტუმროთ. იგი ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს და უამრავ მნახველს იზიდავს. ბუნების მშვენიერებისა და საინტერესო ძეგლების ერთობლიობა შთამბეჭდავ და დაუვიწყარ მოგზაურობას გპირდებათ.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *