სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდს ადრე ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. 3500-2500წწ) განვითარებული შუა საუკუნეების ჩათვლით (მე-10 – მე-13 სს). იგი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთაში, სამთავროს მონასტერთან ახლოს, მდ. არაგვის მარჯვება ნაპირზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდ. არაგვი, დასავლეთით – კოდმანის ვაკობი, სამხრეთით – მონასტრისხევი, ხოლო ჩრდილოეთით – ბაიათხევი. ფართობი 18 ჰა.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ელინისტური, გვიან ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების პერიოდის ნამოსახლარები. ადრე ბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია დაშლილი და ადგილგადანაცვლებული კულტურული ფენების მასალით. სამთავროს მინდორი სამაროვნად ქცეულა ძვ.წ. IIათასწ. Iნახ-ში. სამარხთა უმეტეს ნაწილში ქვაწრით შემოფარგლული ფართობის ცენტრში ჩადგმულია მოკლე ქვაყუთი, რომელშიც ასვენია ხელფეხმოკეცილი მიცვალებული, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. სამთავროზე გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის (ძვ.წ. XIV-VIსს.) 600-მდე სამარხი გაითხარა. მათ შორის გვიან ბრინჯაოს ადრეულსა და განვითარებულ ეტაპს (ძვ.წ. XIVს-ის IIნახ-დან XIს-ის ჩათვლით) განეკუთვნება 100-მდე სამარხი, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალ ხანას (ძვ.წ. Xს.) – 200-მდე სამარხი, ხოლო ადრე რკინის ხანის (ძვ.წ. IX-VIIსს.) დაახლოებით 300-მდე სამარხი; შედარებით მცირე ჯგუფი სამარხებისა ძვ.წ. VI-Vსს-ით თარიღდება. სამარხები მეტნაკლებად სწორკუთხა ორმოებია (1.2X0.6-2X1.8მ.; სიღრმე 1მ-ს აღწევს). ისინი ხის ძელებით ყოფილა გადახურული და მიწაყრილით მოზვინული. ზოგიერთისვის დამახასიათებელია ფსკერზე რიყის ქვის ერთპირი სწორკუთხა ან ოვალური წყობა. ორმოსამარხთა უმრავლესობა ინჰუმაციური და ინდივიდუალურია. დადასტურდა კენოტაფებიც. სამარხეული ინვენტარიდან გამოვლინდა იარაღ-საჭურველი, სამკაული და სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭელი.
სამთავროს სამაროვნის ჩრდილო-დასავლეთით, ბორცვზე დაზვერვითი სამუშაოების დროს (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) შესწავლილი იქნა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი -სამთავრო I. ოვალური ფორმის განმხოლოებული გორა წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ორი მხრიდან მას მშრალი ხევები ესაზღვრება, ხოლო გორის აღმოსავლეთის კალთები სამთავროს ველს უერთდება. ნამოსახლარის ნაშთები ძირითადად დადასტურდა გორის კალთებზე და თხემზე. გორა ათვისებული ჩანს გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან. ნამოსახლარი დაზიანებულია გვიანდელი სამარხებისაგან. ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული. ნახევრადმიწური ბანურ-სახურავიანი სახლები ნაგებია ნატეხი ქვითა და თიხით. კედლები შელესილია ალიზით, იატაკი თიხატკეპნილია. შენობათა დასავლეთის, ე.ი. ზურგის, მხარე კონგლომერატშია გაჭრილი. ამ მხარეს თახჩებია, ხოლო მარცხენა კუთხეში – ნატეხი ქვითა და ალიზით ნაგები ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელი. ღუმელზე მიშენებულ თაროებზე სამსხვერპლო-საკურთხევლებია გამართული. ნაწილი საკურთხევლებისა დამოუკიდებელია. ზოგიერთ საკურთხეველზე თიხით ნაძერწი ანთროპომორფული ქანდაკებები დგას. სახლების ერთ ნაწილში გვხვდება სამეურნეო ორმოები და კერები.
სამთავროში გვხვდება ასევე მიცვალებულთა ქვევრში დამარხვის წესი. სამარხად გამოიყენებოდა ჰორიზონტალურად ჩაფლული სამეურნეო დანიშნულების (საღვინე) ქვევრები. ზოგიერთ მათგანში დადასტურდა თანადამარხვის შემთხვევებიც. სამთავროს ველის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე გამოვლინდა ქვევრ-სამარხების თანადროული ნამოსახლარი. შენობების საძირკველი ნაგებია ნატეხი ქვით, ხოლო კედლები ალიზით. ბათქაშით შელესილ კედლებზე ოთხუკთხა პილასტრებია. შენობებს წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის სახურავი ჰქონია. აღნიშნული ნამოსახლარის ახლოს გამოვლინდა მარანი, რომელსაც მოკირწყლული იატაკი და კრამიტის სახურავი ჰქონია. ამავე პერიოდის ნამოსახლარები აღმოჩნდა სამთავროს სამხრეთ უბანზეც. ახ.წ. IV-V საუკუნეებში სამთავროზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის სამარხები: 1. ქვაყუთი (ორფერდა და ბანურსახურავიანი). 2. კრამიტსამარხები. 3. თიხისფილასამარხი (აგურფილა სამარხი). 4. ორმოსამარხი. 5. ქვათლილებით ნაგები სამარხი. 6. თიხის სარკოფაგი. 7. კომბინირებული სამარხი (სხვადასხვა მასალისაგან ნაგები). სამთავროზე ადრე შუასაუკუნეების პერიოდის (IV-VIII სს.) მარავალრიცხოვანი სამარხია აღმოჩენილი. ამ პერიოდის სამარხის ტიპებიდან ძირითადად წარმოდგენილია ქვაყუთები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. ქვაყუთები განსხვავდებიან წინა ეპოქის სამარხებისაგან. ისინი უფრო მაღალია, დიდრონი ლოდებისაგანაა შედგენილი და ზედა ნაწილში შევიწროებული. სამარხები კოლექტიურ-საოჯახო საკრძალავს წარმოადგენს. მიცვალებულები დაკრძალულია გაშოტილი, ქრისტიანული წესით. ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლართა ნაშთები დადასტურდა სამთავროს სამხრეთ ნაწილში. შუა საუკუნეების შენობათა კონტურები გამოვლინდა ფერდის ძირშიც, სამთავროს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს.
წყარო: memkvidreoba.gov.ge