სამწევრისის ტაძარი

სამწევრისის ტაძარი

სამწევრისის ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მდებარეობს. იგი VII საუკუნის I მესამედით თარიღდება და ადრეული შუასაუკუნეების ქართული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია. იგი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს სისადავით, დახვეწილობით, უნაკლო პროპორციებით, შესრულების მაღალი ოსტატობით, სიმკაცრისა და სინატიფის შერწყმით და ლაკონური, მაგრამ მეტყველი, ფორმებით. ეს გამოკვეთილობა, დასრულებულობა და სიცხადე იგრძნობა როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. სამწევრისის ტაძარში ნათლად იგრძნობა მხატვრული მომწიფება და ის უდავოდ ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლია. ეკლესიის ფასადებზე ორი წარწერაა შემორჩენილი: ერთი X საუკუნით თარიღდება და სოფელ სამწევრისში არხის გაყვანას გვაუწყებს; მეორე კი უშუალოდ ტაძარს ეხება – “მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნეს ღმერთმან”. XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელს, მერაბ ციციშვილს, სამწევრისის ტაძარი შეუკეთებია და იგი წმინდა გიორგის სახელზე უკურთხებიათ, ეკლესიას თავდაპირველად წმინდა ჯვარი ეწოდებოდა. წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა. ძეგლი 1940 წლის ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა. მოგვიანებით მას სარებილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და ამჟამად ტაძარი აღდგენილია.

 

არქიტექტურა

სამწევრისის ტაძარი თავისუფალი ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდ ვლინდება, როგორც ინტერიერში, ასევე გარე მასებში. ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც 1925 წელს სოფლის მოსახლეობას მოუნგრევია. კარიბჭის აგებისას დაზიანებულა ტაძრის პორტალის ზედა ნაწილი, რაც აძნელებს მისი თავდაპირველი სახის აღდგენას. ჯვრის აღმოსავლეთის მკლავი აფსიდალურია, დანარჩენები კი – სწორკუთხა. ნაგებობის აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია. ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ განიერი თაღია დამატებული. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდება. სპეციფიკურია, რომ გუმბათქვეშა კვადრატი მკლავების თაღებს ზემოთაც გრძელდება, ამის გამო, ტრომპები თაღებს კი არ ეყრდნობა, არამედ უფრო მაღლაა, უშუალოდ გუმბათის სფეროს ქვეშ. ჯვრის მკლავები გადახურილია ცილინდრული კამარებით. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია. სარკმლების განთავსება მხატვრულად გააზრებულია, მათი განლაგების დონე თანდათან მაღლდება აღმოსავლეთისთიდან დასავლეთისკენ, ამით შიდა სივრცის თანაბარი განათებაა მიღწეული. ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის მხატვრულ-ტექნიკური გამომხატველობა თლილი ქვის მოზრდილი კვადრებით ოსტატურად ამოყვენილი კედლის სიბრტყეებით მიიღწევა. ფასადებზე დეკორით აქცენტირებულია მხოლოდ შესასვლელი და სარკმლები. გუმბათის ყელში გაჭრილი ვიწრო სარკმლები მოურთველია, რადგან ისინი ქვევიდან ძნელად იკითხება. ფასადებს პატარა თაღებისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნაგებობა სამსაფეხურიან ცოკოლზე დგას, რომლის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება. ეკლესია ნაგებია მონაცრისფრო-მოყვეთალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით.

 

 

იხილეთ თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესიები ⇒ 

 

6 კომენტარი პოსტზე - “სამწევრისის ტაძარი

  • მარტი 29, 2021 at 11:19 pm
    Permalink

    მართლაც ძალიან აღტაცებული დავრჩი ამ იმფორმაციის წაკითხვის შემდეგ. ნამდვილად ძალიან ლამაზი ეკლესიაა. აუცილებლად ვესტუმრები” ანგს,,

    Reply
    • მარტი 30, 2021 at 12:24 am
      Permalink

      ძალიან მიხარია, თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია <3 ნამდვილად ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია სამწევრისის ტაძარი ?

      Reply
  • მარტი 29, 2021 at 11:21 pm
    Permalink

    მართლაც აღტაცებული დავრჩი ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ. მართლაც ძალიან ლამაზი ეკლესიაა . აუცილებლად ვესტუმრები მას.

    Reply
    • მარტი 30, 2021 at 12:22 am
      Permalink

      ძალიან მიხარია, თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია <3 ნამდვილად ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია სამწევრისის ტაძარი 🙂

      Reply
      • მარტი 20, 2023 at 11:21 am
        Permalink

        გამარჯობა
        თქვნ თუ გაქვთ ინფორმაცია მესამე ტაძარზე რომელიც სამწევრისის ერთ-ერთი წევრია
        1) სამთავისი მდებარეობა იგოეთი
        2) სამწევრისი მდებარეობა ქარელი ს.სამწევრისი
        3) არ ვიცი და მაინტერესებს ძალიან სადაა თუ გაქვთ ინფორმაცია

        Reply
        • მარტი 21, 2023 at 12:02 am
          Permalink

          გამარჯობა. თქვენ ალბათ გულისხმობთ გადმოცემას სამთავისთან დაკავშირებით, იოანე ბაგრატიონის “კალმასობის” მიხედვით, ააგეს ოთხი ტაძარი, შეადარეს და სამთავისი დანარჩენ სამს სჯობდა, სამთავეს სჯობიაო და სამთავისი უწოდეს. დანარჩენი სამი ძეგლი იყო წილკანი, მეტეხი და რუისი. სამწევრისს არ უკავშირდება ეს გადმოცემა.

          Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *