სანაგირე კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანთან ახლოს მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი აერთიანებს სამ ეკლესიას, გალავანს, მარანს და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა X საუკუნის, ღვთისმშობლის სახელობის, სამნავიანი ბაზილიკაა, რომელზეც მიშენებულია X-XI და XI-XII საუკუნეების მომცრო ეკლესიები. სანაგირეს სამნავიანი ბაზილიკა გამოირჩევა მონუმენტურობით, სისადავით და საინტერესო მხატვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტით. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია აზიდული, კარგად განათებული შიდა სივრცე, თავისი ფორმათა სიცხადით. ფასადები მოურთველია, ნაგებობის მხატვრულ სახეს დიდი, მთლიანი მასების განაწილება და საფასადე თაღები ქმნის. ყურადღებას იქცევს ტაძრის გეგმარება, ნავების გამყოფი საყრდენი ბურჯების წყვილი ისეა განლაგებული, რომ აღმოსავლეთის ნაწილი ორჯერ აღემატება დასავლეთისას. შესაბამისად, ნაცვლად ბაზილიკისთვის დამახასიათებელი საკურთხევლისკენ მიმართული რიტმულად დანაწევრებული სივრცეებისა, საკურთხევლის წინ წარმოიქმნება კვადრატთან მიახლოებული არე, რაც გუმბათიანი ნაგებობების გუმბათქვეშა სივრცის ასოციაციას ქმნის. გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს სანაგირეს გეგმის მსგავსებას ოზაანის გუმბათოვან ეკლესიასთან. ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების მოხატულობის ძალიან მცირე ფრაგმენტები. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ეკლესიები შედარებით გვიან მიაშენეს მთავარ ტაძარს, ისინი ქმნიან საინტერესო მთლიან ანსამბლს. ეკლესიის ეკვდერში, კედელში ჩაშენებულ ქვაზე მოთავსებულია XVIII საუკუნის მხედრული წარწერა: “გორგასალ ხელმწიფის აღმშნბლი, ქ. წმიდის სანაგირეთ მღვთის მშობლის ბრწყინვარე ეკლესია”. ადგილობრივი გადმოცემით, ეს წარწერა იმ წარწერის პირს წარმოადგენს, რომელიც მარმარილოს ფილაზე ყოფილა ამოკვეთილი და ამჟამად დაკარგულია.
ძეგლის აღწერა
სამონასტრო კომპლექსი სანაგირე მოიცავს: სამ ეკლესიას, გალავანს, მარანს და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. სანაგირეს მთავარი ტაძარი სამნავიანი ნაგებობაა. მთავარი ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, უფრო განიერი და მაღალია და აღმოსავლეთით შვერილი, ნალისებრი აფსიდით სრულდება. აფსიდის წინ ღრმა ბემაა. აფსიდის კონქსა და ბემის კამარას შორის მაღალი შუბლია. აფსიდის განაპირა ნაწილებში თითო სწორკუთხა ნიშია. აფსიდისა და ბემის კედლებს ორსაფეხურიანი ხარისხი შემოუყვება. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო პასტოფორიუმია (სადიაკვნე და სამკვეთლო). აღმოსავლეთით პასტოფორიუმებს ნახევარწრიული, შვერილი აფსიდი აქვთ. სადიაკვნეს შესასვლელი მხოლოდ დასავლეთიდან, ნავის მხრიდან აქვს, სამკვეთლო კი საკურთხეველსაც უკავშირდება. პასტოფორიუმების თავზე თითო სათავსია, დასავლეთით კარის ღიობებით, სავარაუდოდ, სათავსებში მისადგმელი კიბით ადიოდნენ. ნავები ერთმანეთისგან ბურჯების ერთი წყვილითა და მათზე გადაყვანილი ორ-ორი თაღითაა გამოყოფილი, აღმოსავლეთის თაღები სიგანით ორჯერ აღემატება დასავლეთისას. თაღების ქუსლებთან იმპოსტებია გამოყოფილი. შუა ნავის კამარა, ორ წყვილ პილასტრზე გადაყვენილ თაღებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის პილასტრები და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღი საკურთხევლის სივრცეს გამოყოფს. ჩრდილოეთის ნავის იატაკის ქვეშ საკმაოდ დიდი კრიპტაა მოწყობილი, რომელშიც ქვის კიბე ჩადის. საკურთხევლის აფსიდში სამი თაღოვანი სარკმელია, მთავარი ნავის გრძივ კედლებში სამ-სამი, დასავლეთ კედელში კი – ერთი. სარკმლები ჰქონია გვერდითა ნავებსაც, თუმცა, ერთი სარკმლის გარდა, ყველა მოგვიანებით მიშენებულმა ეკლესიებმა დაფარა. თითო სარკმელია გაჭრილი პასტოფორიუმების აფსიდებშიც. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, შემორჩენილია ფრესკების მცირე ფრაგმენტები. ეკლესიას დასავლეთით თანადროული, ორსართულიანი, კარიბჭე ერთვის. იგი, ინტერიერში, პილასტრების ორი წყვილითა და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღებით, სამ კვადრატულ ნაწილად იყოფა. შუა ნაწილი შეკრული კამარითაა გადახურული, გვერდითები კი – კოლოფა კამარით. გვერდითა სათავსებს დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელი აქვთ. მეორე სართულიც სამი სათავსისაგან შედგება. შუა სივრცე მთავარი ნავისკენ თაღოვანი ღიობითაა გახსნილი, დასავლეთით კი თაღოვანი სარკმელი აქვს, გვერდითა სათავსების დასავლეთ კედლებში თითო მრგვალი სარკმელია გაჭრილი. კარიბჭის ორფერდა სახურავი, ბაზილიკის გვერდითა ნავების გადახურვასთან არის შერწყმული. მთავარი ნავის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები თაღებითაა დეკორირებული, თაღების ზემოთ კი აგურით წყობის მონაცვლეობით შექმნილი არშიაა. აფსიდის სამი, პროფილირებული ჩარჩოთი შემკული, სარკმელი თაღებითაა გადაბმული. აფსიდის შევრილის ზემოთ, აგურის წყობაში, სწორკუთხედში მოქცეული ჯვარია გამოყვანილი, რომელიც ფონის სიბრტყის შეწევითაა მიღებული. ფასადები, ჩვეულებრივი და კუთხით შვერილი აგურის მონაცვლე წყობით მიღებული, მაღალი ლავგარდანით სრულდება. ეკლესია ნაგებია აგურითა და რიყის ქვით, სარკმლების წირთხლებში და შესასვლელის თაღზე გამოყენებულია შირიმი, შირიმითაა მოპირკეთებული აგრეთვე ტაძრის ჩრდილოეთ კედელი. მთავარი ტაძრის განაპირა ნავები კარით უკავშირდება მოგვიანებით მიშენებულ ეკლესიებს.
სანაგირეს მთავარ ტაძარს ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს X-XI საუკუნეების, აგურით ნაგები ეკლესია. ნაგებობის შუა ნაწილი გამოყოფილია ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი თაღებით, რომელიც, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაწილებთან შედარებით, შემაღლებულია და ორქანობა გადახურვა აქვს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაწილებს ცალფერდა სახურავითაა გადახურული. ინტერიერში სამივე ნაწილი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ეკლესია აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის ცენტრალურ ღერძზე მცირე სარკმელია გაჭრილი. კიდევ ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია, ორი კი – ჩრდილოეთ კედელში. საკურთხეველი ძირითადი სივრცისგან კანკელით გამოიყოფა. დასავლეთის ნაწილის ჩრდილოეთ კედელში, სწორკუთხა ნიშაა დატანილი. ტაძარი ჩრდილოეთიდან დიდი, განიერი, ორსაფეხურიანი თაღით ყოფილა გახსნილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ და პატარა თაღოვანი კარი დაუტოვებიათ.
სანაგირეს სამნავიან ბაზილიკას სამხრეთიდან, მთელ სიგრძეზე, XI-XII საუკუნეების დარბაზული ეკლესია აქვს მიშენებული. ნაგებობა საკმაოდ განიერი და ვრცელია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ეკლესიაში მოხვედრა შეიძლება ასევე დიდი ტაძრის სამხრეთ ნავიდან. დასავლეთის შესასვლელი სწორკუთხაა და შეღრმავებულ თაღოვან არეშია მოქცეული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. ტაძრის კამაროვანი გადახურვა პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ინტერიერი ოთხი სარკმლით ნათდება, აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია გაჭრილი, სამხრეთით კი – ორი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლებს პროფილირებული მოჩარჩოება აქვს. დასავლეთის სარკმლის ზემოთ ოთხი შეღრმავებაა, რომლებიც ჯვრის გამოსახულებას ქმნის, აღმოსავლეთის სარკმლის ორივე მხარეს კი თითო რელიეფური ანგელოზისებური გამოსახულებაა. ფასადებს სადა ლავგარდანი ასრულებს, რომელიც დახრილი სიბრტყითა და ლილვითაა შექმნილი. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები მოპირკეთებულია შირიმის თლილი ქვით. ნაგებობა გადახურულია ორქანობა სახურავით. სანაგირე, თავისი მხატვრული გადაწყვეტითა და გეგმარების თავისებურებებით ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლია. სამნავიანი ბაზილიკის კომპლექსთან ახლოს, დაახლოებით 30 მეტრში, მდებარეობს სანაგირეს ტეტრაკონქი და სხვა ნაგებობათა ნაშთები.
იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- თ. ბარნაველი – კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. 1961. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ბერიძე – ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტომი I. 2014. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- Г.Н.Чубинашвили – Архитектура Кахетии: исследование развития архитектуры в восточной провинции Грузии в IV-XVIII вв. 1959. Тбилиси. (მიჰყევით ბმულს).
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 1-I. 2013. თბილისი.
რესურსები ინტერნეტში:
- ვაზისუბნის ეკლესია. ძეგლის ბიბლიოგრაფია (შერეულია ვაზისუბნის “დავითიანის” ბიბლიოგრაფიული მასალაც). nplg.gov.ge ⇒
- სანაგირეს ბაზილიკა. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ვაზისუბნის სანაგირე. novators.ge ⇒
- სანაგირე. ka.wikipedia.org ⇒