საწალიკე

საწალიკეს მთა რაჭის ქედზე, რაჭისა და იმერეთის საზღვარზე მდებარეობს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება. მისი სიმაღლე 1996 მეტრია. მთის კლდოვანი მასივები, ყვავილოვანი მინდვრები და ვრცელი ხედები იმერეთსა და რაჭაზე ულამაზეს სანახაობას ქმნის. იგი ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო სალაშქრო ადგილია. საწალიკეზე მისასვლელი რამდენიმე ბილიკი არსებობს, აქ მოხვედრა შესაძლებელია, როგორც რაჭიდან, ასევე იმერეთიდან. ჩვენ შემოგთავაზებთ მარშრუტს, რომელიც იმერეთიდან, სოფლების – ზედა ჭალოვანისა და ვანის დამაკავშირებელი გზიდან იწყება. ბილიკის სიგრძე ჯამში 14 კმ-ა და მის გავლას ერთ დღეში შეძლებთ. გირჩევთ სალაშქროდ შეარჩიოთ მზიანი ამინდი, რადგან ნაწვიმარზე გზა ძალიან ტალახიანია და სიარულს ართულებს. მარშრუტის დასაწყისში წყაროა, შეივსეთ მთელი გზისთვის სამყოფი წყალი, ცხელ პერიოდებში წყაროები შრება და დიდი ალბათობით წყალი აღარ შეგხვდებათ. ლაშქრობა დაიწყეთ დილიდან, რათა საღამომდე უკან დაბრუნება მოასწროთ, უწყლო ადგილას დაბანაკება ძალიან მოუხერხებელია. რადგან ბილიკი ერთდღიანია დიდი ბარგის ტარება არ მოგიწევთ, მხოლოდ წყალი, მცირედი საკვები და საწვიმარი უამინდობისთვის. მარშრუტი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე იწყება და 1996 მეტრზე სრულდება, 790 მეტრიანი სიმღლის სხვაობის დაძლევა მოგიწევთ 7 კმ-ის განმავლობაში. მთამდე გზის ნახევარზე უფრო მეტს ტყიანზე დადიხართ, სწორედ ამ მონაკვეთში გიწევთ მკვეთრი აღმართების ავლა, შემდეგ კი სუბალპურ ზონაში გადიხართ და ბილიკი ძალიან მარტივდება. მთლიანობაში მარშრუტი მარტივია. თუკი ყვავილობის პერიოდში გადაწყვიტეთ ლაშქრობა, ათასგვარი ყვავილებით მოფენილ დიდ მინდვრებს გაივლით, რაც ნამდვილად სამოთხისებურ გარემოს ქმნის. საწალიკეზე ასულებს საოცარი ხედები, უსასრულო სივრცეები გადაგეშლებათ თვალწინ, გადახედავთ იმერეთსა და რაჭას, კარგი ხილვადობისას რაჭის კავკასიონსაც დაინახავთ. მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე კლდოვანია და რელიეფის თავისებურებებით ეს მხარე განსაკუთრებით მიმზიდველია. უკან დაბრუნებისას მთელი გზა დაღმართია და ბევრად სწრაფად ფარავთ, ვიდრე ამოსვლისას, საბოოდ კი ისევ ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, საწყის წერტილში ბრუნდებით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.