შაშიანის სამება (შაშიანის სამების კომპლექსი) კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაშიანთან ახლოს მდებარეობს. იგი VI საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს სამების ტაძარს, სწორკუთხა ნაგებობას (სავარაუდოდ საძვალე), მარანს და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. ძეგლი აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას, სათანადო გამოკვლევას და რეაბილიტაციას. შაშიანის სამება გეგმით სამეკლესიიანი ბაზილიკაა და ადრეული შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ეკლესია გეგმარებითა და მხატვრული გადაწყვეტით ენათესავება კახეთში გავრცელებულ სამეკლესიიან ბაზილიკებს, თუმცა ინდივიდუალური ნიშნებითაც გამოირჩევა. მთავარი ეკლესია გვერდითა ეკლესიებს მხოლოდ მცირედით აღემატება სიმაღლით, ამიტომაც ნაგებობა დამჯდარი პროპორციებით ხასიათდება. ნაგებობის მთავარ მხატვრულ აქცენტს სამხრეთისა და ჩრდილოეთის ორთაღედები წარმოადგენს. ძეგლის ინდივიდუალური ნიშნებია: განსაკუთრებით მაღალი აღმოსავლეთის სარკმელი, სამხრეთის ეკლესიის ორრეგისტრიანი სარკმელი, ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე მდებარე მცირე ზომის, სწორკუთხა სათავსი და მთავარი ეკლესიის დასავლეთის განიერი, თითქმის მთელი კედლის სიგანის, თაღოვანი შესასვლელი (ამჟამად ამოშენებულია). ძეგლი დაზიანებულია, ჩამონგრეულია მთავარი ეკლესიისა და სამხრეთის ეკლესიის კამარები, ჩრდილოეთის ნავის ორთაღედი, აღნიშნული თაღების საყრდენი ბურჯიც ნაწილობრივ დანგრეულია, ნაგებობის კედლებზე სუროა მოდებული.
არქიტექტურა
შაშიანის სამება (შაშიანის სამების კომპლექსი) მოიცავს სამების ტაძარს, სწორკუთხა ნაგებობას (სავარაუდოდ საძვალე), მარანს და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. შაშიანის სამება სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს. მთავარი ეკლესია, გვერდითა ეკლესიებისგან ყრუ კედლებით არის გამიჯნული და თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება, ჩრდილოეთის ეკლესიასთან დამაკავშირებელი კარი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ეკლესიას მთავარი შესასვლელი დასავლეთით ჰქონია – ფართე ნალისებრთაღიანი ღიობი, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. მთავარი ეკლესია აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. გვერდითა ფრთების აღმოსავლეთ ნაწილებში პასტოფორიუმებია მოწყობილი, რომლებიც მთავარ დარბაზს საკურთხეველთან გაჭრილი კარით უკავშირდება. ჩრდილოეთის პასტოფორიუმს შესასვლელი დასავლეთიდანაც აქვს. სამხრეთის ეკლესია აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. გვერდითა ეკლესიები წრიული გეგმის მქონე მსხვილ ბურჯებზე გადაყვანილი ორთაღებებითაა გახსნილი, თაღები ნალისებრი მოხაზულობისაა. მთავარი ეკლესიის აფსიდში ძალიან მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომელიც მოგვიანებით ნაწილობრივ ამოაშენეს. აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში მცირე სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. სარკმლებია გაჭრილი პასტოფორიუმების აღმოსავლეთ კედლებშიც, ჩრდილოეთის პასტოფორიუმს მცირე ზომის სარკმელი აქვს, სამხრეთისას კი – ორრეგისტრიანი სარკმელი. გვერდითა ეკლესიები გადახურულია ცილინდრული კამარით (ჩრდილოეთის ეკლესიის კამარა თითქმის მთლიანად ჩამონგრეულია). ტაძრის აღმოსავლეთ კედელში, საფასადო მხარეს, მთავარ ტაძარსა და სამხრეთის პასტოფორიუმს შორის სწორკუთხა სათავსია (ფუნქცია ამ დროისთვის უცნობია). ეკლესიას დასავლეთით საკმაოდ ვრცელი მინაშენი ჰქონია, რომელიც ამჟამად საძირკვლის დონემდე დანგრეულია. მინაშენი უფრო გვიანი უნდა იყოს, რადგან მისი კედლის წყობას ეკლესიის კედლის წყობასთან ბმა არ აქვს. ფასადები სრულიად სადაა და თაროსებრი ლავგარდნით სრულდებოდა. ეკლესია ნაგებია დაუმუშავებელი ქვის ირეგულარული წყობით, სარკმლის წირთხლებზე გამოყენებულია თლილი შირიმი. კედლების ზედაპირი, შიგნიდან და გარედან, ბათქაშით იყო გასწორებული. ეკლესიის სამხრეთ აღმოსავლეთით დაბალი სწორკუთხა ნაგებობა დგას, რომელიც სავარაუდოდ საძვალე უნდა იყოს. ტაძრის გარშემო, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე, გვხვდება სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები (მარანი და სხვა).
იხილეთ სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒