შავი კლდეების ტბა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კახეთის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. იგი თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ტბა გამდინარეა. იგი ასევე ცნობილია გრძელი ტბისა და ხალახელის სახელით.
შავი კლდეების ტბის ბილიკი ერთ-ერთი მრავალფეროვანი და საინტერესოა საქართველოს სალაშქრო მარშრუტებს შორის. ლაგოდეხის ნაკრძალის ფაქტობრივად ხელუხლებელი ბუნება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, ალაზნის ველისა და კავკასიონის საოცარი ხედები, პატარა ტბები, ჭაობები და საბოლოოდ კლდეებს შორის გაწოლილი შავი კლდეების ტბა ნამდვილად ზღვა შთაბეჭდილებებსა და მოულოდნელობებითა და თავგადასავლებით სავსე ლაშქრობას გპირდებათ. გარდა ულამაზესი ხედებისა ამ ბილიკზე შესაძლოა შეხვდეთ: ჯიხვს, არჩვს, ირემს, როჭოს, კავკასიურ შურთხს, ბატკანძერს და სხვადასხვა არწივებს. მარშრუტი წრიულია და მისი სიგრძე 42 კმ-ა. ბილიკი რთულ კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან გზის უმეტესი ნაწილი მკვეთრი აღმართებია. შავი კლდეების ტბის ბილიკზე შეგიძლიათ როგორც საფეხმავლო, ასევე საცხენოსნო ტურის მოწყობა. ბილიკი მარკირებულია. სალაშქრო სეზონი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება. შავი კლდეების ტბა სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, მისი ნახევარი რუსეთის ტერიტორიაზეა, ამიტომაც მესაზღვრეებთან რეგისტრაციისთვის, აუცილებლად იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დღე პირველი
შავი კლდეების ტბის მარშრუტი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრიდან იწყება (ზღვის დონიდან 500მ). მარშრუტის დასაწყისში კავკასიაში საკმაოდ იშვიათი რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ. საწყისი წერტილიდან 1 კმ-ში მდინარე ლაგოდეხის ხევს გადაკვეთთ და ახალგაზრდა წმინდა რცხილნარში შეხვალთ. მალევე ქედის დასაწყისს მიადგებით და ხელუხლებელ წმინდა წიფლნარის კორომში შეაბიჯებთ. შემდეგ ქოჩალოს ქედს გაუყვებით. როცა სუბალპურ სარტყელში აღმოჩნდებით მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერ კორომს იხილავთ. აქედან კი უკვე პირველ საბანაკემდე – ტურისტულ თავშესაფარ მეტეომდე დაახლოებით ერთი საათის გზაა. შავი კლდეების ტბის ბილიკის პირველი 3 კმ ძალიან მარტივი გზაა. ამ მონაკვეთის განმავლობაში შეგხვდებათ წყარო, სადაც აუცილებლად უნდა შევსოთ წყლის მარაგი, რადგან მომდევნო 7 კმ-ის განმავლობაში, საბანაკემდე წყალი აღარ შეგხვდებათ. ეს 7 კმ მკვეთრი, ციცაბო აღმართების გავლა მოგიწევთ. “მეტეოსთან” ახლოს, დაახლოებით 500 მეტრში წყაროზე შეძლებთ წყლის ავსებას. ღამისთევა შეგიძლიათ როგორც ტურისტულ თავშესაფარში (ზღვის დონიდან 2000მ), ასევე “მეტეოსთან” მოწყობილ საკემპინგე ტერიტორიაზე თქვენი კარვით.
დღე მეორე
მეორე დღეს ტურისტული თავშესაფრიდან ბორჩალოს ქედზე გააგრძელებთ გზას. დაახლოებით 2 კმ-ის გავლის შემდეგ ალპურ ზონაში გადაინაცვლებთ, სადაც იშვიათი ჩლიქოსნებიც შეიძლება დააფიქსიროთ, როგორიცაა: ჯიხვი, არჩვი, ირემი, ასევე ფრინველებიც: როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და არწივები. მალევე “დემიდოვის ნაშლების” სახელით ცნობილ უღელტეხილზე ახვალთ, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ ითვლება. გზად პატარა-პატარა ტბებსა და ულამაზეს, ხავერდოვან ჭაობებს შეხვდებით. თვალწინ მთების, კლდეებისა და ალაზნის ველის საოცარი ხედები გადაგეშლებათ. მალე შეგხვდებათ მესაზღვრეთა ბანაკი – “მწყემსის ბინა”, წყლის ავსებას აქაც შეძლებთ. მესაზღვრეთა მანაკიდან კი ტბამდე მცირე გზაღა რჩება და თანაც უფრო მარტივი. საბოლოოდ კი დიდი მინდვრის ბოლოს კლდეებში მოქცეული შავი კლდეების ტბაც გამოჩნდება. რუკი კლდეები, ალპური მინდვრები და მოსარკული ტბა ულამაზესი, დაუვიწყარი სანახაობაა. ტბიდან გზას ტურისტული თავშესაფრისკენ, ,,დემიდოვის ბინისკენ“ (ზღვის დონიდან 2650მ) გააგრძელებთ და სწორედ აქ დაბანაკდებით (მანძილი ტბიდან ბანაკამდე 3კმ). დღის განმავლობაში გასავლელი გექნებათ 15,5 კმ.
დღე მესამე
მესამე დღეს “დემიდოვის ბინიდან” კვლავ ვიზიტორთა ცენტრისკენ გაემართებით. ტურისტული თავშესაფრიდან ვიზიტორთა ცენტრამდე 15 კმ-ა და ამჯერად დიდი, მკვეთრი დაღმართების ჩავლა მოგიწევთ. ზღვის დონიდან 2650 მ-დან 500 მ-მდე დაეშვებით. გზად გაშლილი სივრცეებითა და ულამაზესი ხედებით დატკბებით. შავი კლდეების ტბის ბილიკი ნამდვილად ერთ-ერთი წარუშლელი და მრავალფეროვანი იქნება თქვენს სალაშქრო გამოცდილებაში. საოცარი ხედები, ნისლების მოძრაობა, ულამაზესი ტყეები, უკიდეგანო სივრცეები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, ენდებური სახეობები და რა თქმა უნდა მშვენიერი, მოლივლივე შავი კლდეების ტბა ათასგვარი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აგავსებთ. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ…