შიომღვიმის მონასტერი (შიომღვიმე) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპლექსი სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს, VI საუკუნიდან XVIII საუკუნემდე. შიომღვიმის მონასტერი ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, შიო მღვიმელმა დაარსა VI საუკუნის შუა ხანებში. თავდაპირველად მან გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება: “…დასავლით კერძ დედაქალაქსა მცხეთასა, და პოვა ჴევი ღრმაჲ ფრიად ფიცხელი, უდაბნოჲ ურწყული და ნაკლულევანი ყოველთა საჴმართაგან. და ჰაერი ზაფხულისაჲ ფიცხელ, და აგრეთვე ზამთრისაჲ უფიცხლეს. და პოა მან მცირე ქვაბი, და დაჯდა მას შინა დაყუდებით”. დროთა განმავლობაში ასურელი მამის გარშემო სამონასტრო თემი შეიკრიბა. მონასტრის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა ეკლესიის აგება. სწორედ შიო მღვიმელის მოღვაწეობის ხანას მიეკუთვნება კომპლექსის უადრესი ნაგებობა — იოანე ნათლიმცემლის სახელობის მცირე ზომის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ქართული გუმბათოვანი სატაძრო ხუროთმოძღვრების საწყისი ხანების დამახასიათებელი ნიმუშია. ეკლესიის აშენების ამბავი ცნობილია შიო მღვიმელის ცხოვრების ტექსტიდან. ერთი ვარიანტის მიხედვით, ბერები “ეტყოდეს ნეტარსა შიოს, რათა უბრძანოს მათ აღშენებად წმიდა ეკლესია”; მეორე ვარიანტის მიხედვით კი, თავად შიომ უთხრა ევაგრეს: “შვილო ევაგრე, უწყოდე, რათა მიერითგან განმრავლებად არიან ძმანი უდაბნოსა ამას. ამისთვისცა ჯერ არს, რათა ეკლესია აღვაშენოთ, სადაცა გჳბრძანოს ჩუენ ღმერთმან”. შიო მღვიმელის ცხოვრებაში საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ მშენებლობას თვითონ შიო ხელმძღვანელობდა: “…დასცა სათხარი მამამან ჩუენმან წმიდამან შიო, და აღაშენა ეკლესიაჲ სადიდებელად ღმრთისა”. ეკლესიის აგების შემდეგ შიომ განმარტოება გადაწყვიტა, მონასტრის წინამძღვრად ევაგრე დაადგინა, თავად ღრმა და ბნელი მღვიმე შეარჩია და მთელი სიცოცხლე იქ გაატარა. ანდერძის თანახმად იგი ამავე მღვიმეში დაკრძალეს, რომელსაც XI საუკუნის დასასრულს დარბაზული ეკლესია დააშენეს.
XI საუკუნის შუა წლებში შიომღვიმე თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს. მეფე ბაგრატ IV-მ დასახამარებლად მონასტერს, კლდეკარის მახლობლად მდებარე მამული ბორცვისჯვარი უბოძა. XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისაგან დევნილმა მოღალატე ფეოდალმა ძაგანმა თავი შიომღვიმეს შეაფარა, თუმცა ბერებმა იგი შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. ასეთი ერთგულებისთვის დავითმა მონასტერი მთლიანად თავის საპატრონოდ გამოაცხადა და აქ ღვთისმშობლის დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგო (1103-33 წწ.). ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობა მან ბერ არსენს დაავალა (სავარაუდოდ არსენ იყალთოელს). 1123 წელს შირვანზე გალაშქრების წინ დავით აღმამშენებელმა მონასტერს დამოუკიდებლობა, სასამართლო შეუვალობა და დიდი ქონება უბოძა. სამეფო კარის მხარდაჭერით შიომღვიმე ძლიერ ფეოდალურ საეკლესიო სენიორიად იქცა. თამარის ეპოქაში შიომღვიმის მამულები გაიზარდა და მონასტერი შეწირულობებით კიდევ უფრო გამდიდრდა. 1202 წელს თამარის ნებითა და ანტონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თაოსნობით სოფელ სხალტბიდან შიომღვიმეში წყალსადენი გაიყვანეს. შიომღვიმე ერთ-ერთ მსხვილ სამეურნეო-ფეოდალურ ორგანიზაციად იქცა, მონასტერი გაცხოველებულ ვაჭრობა-აღებ-მიცემობას ეწეოდა. XIII საუკუნის შუა ხანებში მონასტერი ხვარაზმელებმა დაარბიეს, თუმცა იგი მალევე კვლავ გაძლიერდა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ შიომღვიმე მეფისადმი თავდადებისათვის ერთ-ერთ დიდგვაროვან ფეოდალს ზევდგინიძე-ამილახვარს გადასცა და ამ დროიდან XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებამდე მონასტერი ამილახვართა საძვალე იყო. XI-XIV საუკუნეებში შიომღვიმეში მაღალ დონეზე იდგა სამეცნიერო-მწიგნობრული მოღვაწეობა. XII საუკუნეში შიომღვიმეში ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მეცნიერი არსენ იყალთოელი. აქ მოღვაწეობდნენ ასევე ცნობილი ისტორიკოსები არსენი და ბასილი ვაჩეს ძე. შიომღვიმის მონასტერს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონია. 1393 წელს, მონასტერი თემურლენგმა ააოხრა. XIV საუკუნიდან მონასტრისადმი დიდ მზრუნველობას იჩენდნენ, როგორც ამილახვრები, ასევე მეფეები ალექსანდრე I (1412-42), სვიმონ I (1558-1600), როსტომი (1632-58), გიორგი XI (1678-88 და 1703-09) და სხვა. 1614-16 წლებში, შაჰ-აბასის შემოსევისას, მონასტერი კვლავ აოხრდა. ამ დროს უნდა დანგრეულიყო დავით აღმამშენებელის მიერ აგებული დიდი ტაძარიც. იგი 1678 წელს აღადგინეს გივი ამილახვარმა და მისმა მეუღლემ თამარმა. ოსმალთა ბატონობის პერიოდში (1722-35), გარდა ოსმალებისა, მონასტერს ლეკებიც არბევდნენ. დაზიანებული შიომღვიმის ტაძრები 1773 წელს გივი ამოლახვარმა და მისმა მეუღლემ ბანგუამ შეაკეთებინეს. 1735 წელს, შაჰ-ნადირის ლაშქარმა შიომღვიმე მნიშვნელოვნად დაანგრია და ბერებიც ამოხოცა. მრავალგზისი შემოსევების და დარბევების შედეგად შიომღვიმე დაუძლურდა. მართალია მონასტრის საკეთილდღეოდ კვლავ იღვწოდნენ ქართველი მეფეები (ერეკლე II, გიორგი XII) და სასულიერო პირნი, მაგრამ მონასტრის ძლიერება აღარ აღმდგარა.
მონასტერი, როგორც ფეოდალური მეპატრონე, ექსპლუატაციას უწევდა გლეხებს. შიომღვიმის ამილახვართა ხელში გადასვლის შემდეგ, მონასტრის ყმა ვალდებული გახდა სამონასტრო გადასახადთან ერთად, სამეფო და თვით საამილახორო გამოსაღებებიც გადაეხადა, რის გამოც გლეხები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი კარ-მიდამო და სხვას შეკედლებოდნენ, ან გადასახადზე უარი ეთქვათ. ასეთ გლეხებს მონასტერი სასტიკად სჯიდა. 1804 წელს გადასახადებით შეწუხებულ შეიარაღეულ გლეხებს მონასტერი დაურბევიათ.
ძეგლის აღწერა
შიომღვიმის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, შიო მშვიმელის მღვიმესა და მასზე დაშენებულ ეკლესიას, მღვიმე-ეკლესიას, ღვთისმშობლის ტაძარს, სამრეკლოს, სატრაპეზოს, კლდეში ნაკვეთ ქვაბებსა და ჯვრის ამაღლების ეკლესიას.
იოანე ნათლისმცემლის ეკლესია VI საუკუნის 50-60-იანი წლებით თარიღდება. იგი მცირე ზომის, თავისუფალი ჯვრის ტიპის, გუმბათოვანი ნაგებობაა. შიომღვიმის ეკლესია იმ პირველ ნაგებობათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებშიც ქართული გუმბათოვანი ტაძრის სტრუქტურა ჩამოყალიბებული სახით ვლინდება. ნაშენია ნატეხი ქვითა და მოსწორებული რიყის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან იყო, ამჟამად გადაკეთებულია. ეკლესიის ¾ ნაწილი მიწაშია ჩაფლული. ტაძრის დასავლეთ მკლავი დანარჩენ მკლავებზე გრძელია, შესაბამისად, დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძი ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძს აღემატება. ექსტერიერში ოთხივე მკლავი სწორკუთხაა, ინტერიერში კი აღმოსავლეთის მკლავი საკმაოდ ღრმა აფსიდით სრულდება. მკლავების კამარები ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა და მასში ოთხი სარკმელია გაჭრილი. გუმბათის ყელი ჯვრის მკლავების კუთხეებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიტან რვაწახნაგაზე გადასვლა კუთხეებში განლაგებული, ერთმანეთის თავზე მოთავსებული ორ-ორი თაღით ხორციელდება. გუმბათის ყელი რვაწახნაგა შეკრული კამარითაა გადახურული. აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. ეკლესიაში შემორჩენილია, XI საუკუნით დათარიღებული, ღია მწვანე ფერის მკვრივი ტუფისაგან გამოკვეთილი კანკელი, რომელიც მოგვიანებით მეტად უხეშად შეუკეთებიათ. ეკლესიის ინტერიერში XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის დაკვეთით შესრულებული მოხატულობაა. ფასადებს მარტივი, დახრილი სიბრტყის პროფილის მქონე ლავგარდანი ასრულებს. ტაძარი სრულიად მოურთველია. გუმბათი რვაწახნაგა პირამიდითაა გადახურული, მკლავებს კი ორკალთა გადახურვები აქვთ. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით. შიომღვიმის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, ისევე, ამ დროისთვის სახასიათო მასიური პროპორციები აქვს, რასაც ამძაფრებს ნაწილობრივ მიწით დაფარული სიმაღლე, მკლავების მცირედ დაქანებული ფრონტონები და განიერი გუმბათის ყელი, რომლის სიგანე მინიმუმ ორნახევარჯერ სწარბობს სიმაღლეს. ინტერიერშიც კი, სადაც კედლები სრული სიმაღლით ჩანს, პროპორციები საკმაოდ დამჯდარია. შიომღვიმის ეკლესიის არქიტექტურული თემის ვარიანტებს ვხვდებით ასევე V-VI საუკუნეებით დათარიღებულ ერელაანთ საყდარსა და იდლეთის ნათლიმცემლის ეკლესიაში. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ორი პატარა სამწირვლო, სწორკუთხა სათავსი, დარბაზული ეკლესია, კარიბჭე-სამრეკლო და ორი საძვალე-სამლოცველო ეკვრის. სწორკუთხა სათავსში აღმოსავლეთით ერთი ნიშია, რომელიც საკურთხევლის მოვალეობას ასრულებდა. ნიშში შემორჩენილია წმინდანის გამოსახულება.
შიოს სამწირველო-ეკლესია ნათლისმცემლის ეკლესიას დასავლეთიდან ეკვრის. იგი XI საუკუნით თარიღდება. ეკლესია იმ მღვიმე-ჭის თავზე დგას, რომელშიც წმ. შიომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა. ის შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრის მიქაელის (1072-1123) ინიციატივით აიგო. ნაგებობა 1733 წელს, გივი ამილახორს და მის მეუღლეს ბანგუას განუახლებიათ. ამ შეკეთებას მიეკუთვნება სამხრეთის ფასადის კუთხესთან მდებარე გასამაგრებლად ამოყვანილი თაღი, ასევე ეკლესიის შეისრულთაღიანი განიერი გასასვლელი და მის თავზე გაჭრილი სარკმელი, რითაც სამწირველო-ეკლესია ნათლისმცემლის ეკლესიას დაუკავშირდა, როგორც მისი დასავლეთ მკლავის გაგრძელება. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიასა და შიოს სამწირვლო-ეკლესიას შორის გამყოფ კედელზე მხედრული წარწერაა. სამწირველო-ეკლესიის ჩრდილოეთით თაღებით გახსნილი კარიბჭეა. თაღები შუაში სვეტს ეყრდნობა. კარიბჭეში შესასვლელი ამჟამად მხოლოდ დასავლეთის თაღიდანაა. კარიბჭე აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. ეკლესიის დასავლეთით ფასადზე, სარკმლის ზემოთ ჯვრის რელიეფია, რომლის მკლავებზე და სამ მხარეს ასომთავრული წარწერებია მოთავსებული.
მღვიმე-ეკლესია გზის მარჯვენა მხარეს, კონცხზე დგას. იგი XI საუკუნით თარიღდება და დაშენებულია მღვიმეზე, სადაც შიო პირველად დაბინავდა. შესასვლელი ერთია, ჩრდილოეთიდან. დასავლეთ კედელში გაჭრილია ერთი სარკმელი. XIX საუკუნის 90-იან წლებში მღვიმე-ეკლესია გადაუკეთებიათ. კედლები შელესილი და შეთეთრებულია. დასავლეთის ფასადზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი — “იესო ქრისტე”.
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი კომპლექსის ყველაზე მასშტაბური ნაგებობაა და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას. იგი XII საუკუნით თარიღდება, დავით აღმაშენებელმა ააშენა 1103-33 წლებში. თავდაპირველად ტაძარი გუმბათოვანი ყოფილა. 1668 წელს, გივი ამილახვრის თაოსნობით თითქმის მთლიანად დანგრეული ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის სახით აღადგინეს. იგი კვლავ განახლდა 1733 წელს გივი ამილახვრის მიერ (სხვა გივი ამილახვარი). დავით აღმაშენებლის მიერ აგებული ტაძრიდან შემორჩენილია გეგმა, აღმოსავლეთის აფსიდი კონქითა და სამი სარკმლით, სამკვეთლო და სადიაკვანე ძველი გადახურვით, გუმბათქვეშა ორი ბურჯი და სამხრეთის კედლისაკენ გადასული თაღი. საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი დაგრძელებულია ბემით. სამკვეთლო და სადიაკვანე დასავლეთით დარბაზს უკავშირდებიან, ისინი უკავშირდებიან ასევე ბემასაც. ეკლესიას დასავლეთით ნართექსი აქვს, რომლის თავზე მონასტრის წინამძღვრის ოთახია, რომელიც ტაძარს სარკმლით უკავშირდება. ტაძრის ინტერიერი შელესილი და მოხატულია. დასავლეთისა და სამხრეთის ფასადებზე შესასვლელები დეკორირებულია. დასავლეთ კარიბჭეზე ორსართულიანი კოშკია მიშენებული, რომელში ასასვლელის თავზეც დაზიანებული წარწერაა. წარწერა გვამცნობს, რომ 1733 წელს გივი ამილახორს მონასტერი მთლიანად განუახლებია.
ჯვრის ამაღლების ეკლესია მონასტრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კლდოვანი მთის წვერზე დგას. იგი XII საუკუნით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურით. შესასვლელი ერთია, ჩრდილოეთიდან. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. გრძივი კედლები ერთიანია, დაუნაწევრებელი. აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში თითო საშუალო და თითო პატარა ნიშია. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელია გაჭრილი აფსიდში და სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში. ინტერიერში შემორჩენილია XIII საუკუნის მოხატულობა, თუმცა აფსიდში და სამხრეთის კედელზე უფრო ადრინდელი მოხატულობის კვალიც ჩანს. ყოველ კომპოზიციას ახლავს განმარტებითი ასომთავრული წარწერა. რეგისტრები არათანაბარი და არეულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში — თორმეტი მოციქულის ნახევარფიგურები, მესამე რეგისტრში — ეკლესიის მამები, აღმოსავლეთის სარკმლის ქვემოთ — ხატი მანდილისაი, სარკმლის წირთხლებზე — დიაკვანთა ფიგურები. დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთიდან ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთამდე სადღესასწაულო ციკლის სცენებია: ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და ჯვარცმა. ქვედა რეგისტრში ისტორიული თემები და ცალკეული ფიგურებია. სამხრეთ კედელზე წინასწარმეტყველთა წელსზედა გამოსახულებებია, მათ ქვემოთ — წინასწარმეტყველის მთლიანი ფიგურა, სარკმლის ქვემოთ — წმინდანის ნახევარფიგურა. კედლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია მესვეტე ორ ანგელოზთან ერთად, ხოლო მის გვერდით — ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა. დასავლეთ კედელზე — ამაღლება და სულთმოფენობა. ჩრდილოეთის კედელი ძალიან დაზიანებულია. კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში ეკლესიის მამათა ფიგურებია, მათ ქვემოთ კი მოპირდაპირე, სამხრეთის კედლის ფიგურა მეორდება. ეკლესიის ფასადები მარტივი ლავგარდნით სრულდება. ეკლესიას ჩრდილოეთიდან უფრო გვიანდელი კარიბჭე-სამრეკლო ეკვრის. მისი პირველი სართული ეკლესიაში შესასვლელი კარიბჭეა, მეორე სართულზე კი სამრეკლოს ფანჩატურია.
სამრეკლო აგებულია 1733 წელს გივი ამილახვრის მიერ. იგი ორსართულიანია და ნაგებია ნატეხი ქვით. პირველი სართული კვადრატულია, მეორე სართული კი აგურის შეისრული თაღებით გახსნილი ექვსწახნაგა ფანჩატურია. ერთ მხარეს თაღში ბუხარია ჩაშენებული. სამრეკლოს სართულზე ასასვლელი კიბე მის აღმოსავლეთით მდებარე სამწირველოს დასავლეთ კედელს ასდევს.
სატრაპეზო იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით, 10 მეტრის მოშორებით დგას. ნაგებობა სამ სამშენებლო ფენას მოიცავს, რომელთაგან უძველესი VII-IX საუკუნეებით თარიღდება, შემდეგი ფენა XII საუკუნეს განეკუთვნება, უკანასკნელი კი XVII საუკუნისაა. სატრაპეზო სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებული გეგმაში სწორკუთხა შენობაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. გრძივი კედლები კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი მძლავრად შვერილი პილასტრებით. პილასტრების ზედა საფეხურებზე კამარის საბჯენი ისრული ფორმის თაღებია გადაყვანილი, ქვედა საფეხურებზე კი შეისრულივე ფორმის დეკორატიული თაღებია გადაყვანილი. თაღებში სხვადასხვა ფორმისა და ზომის თახჩებია. ჩრდილო-აღმოსავლეთის თაღთან, კედელში ჩასმულია მცირე ზომის ფილა ჯვრის რელიეფური გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერით. სამხრეთის კედელში სამი მაღალი და განიერი სარკმელია გაჭრილი. ამდენივე მცირე ზომის, შიგნიდან სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმელია აღმოსავლეთის კედელში. დასავლეთის კედელში გაჭრილია საფეხურებიანი ვიწრო გვირაბი, რომელიც მცირე ზომის ფრონტონიან კარიბჭეს უერთდება. აღმოსავლეთის კედელში ხვრელებია წყლის მილებისთვის. სატრაპეზოს კედლები შელესილი და მოხატული ყოფილა. ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით. კედელში ჩართულია ჯვრის გამოსახულებიანი XI საუკუნის ფილები. ფასადებს ექვსრიგად ხერხისებურად დაწყობილი აგურის განიერი ლავგარდანი ასრულებს. დასავლეთით მცირე ზომის კარიბჭეა, საიდანაც სატრაპეზოს დასავლეთ კედელში გაჭრილ გვირაბში შეიძლება შესვლა.
კლდეში ნაკვეთ ქვაბებს მონასტრის ბერები საცხოვრებლად და სახიზრად იყენებდნენ. სხალტბის ქედის ფერდობზე 100-ზე მეტი მღვიმეა. თავდაპირველად ბუნებრივი გამოქვაბულები გამოუყენებიათ, შემდეგ კი მონასტრის ზრდასთან ერთად, ბერებს მღვიმეები გამოუკვეთავთ კიდეც. მღვიმეები გარკვეული სისტემით არის განლაგებული, შექმნილია რამდენიმე ჰორიზონტალური მწკვრივი, რომლებშიც 3-4 გამოქვაბულია. ერთ მწკრივში მდებარე გამოქვაბულები ერთმანეთს გვირაბისებრი ან აივნისებრი გასასვლელებით უკავშირდებიან. გამოქვაბულებში ვერტიკალური გვირაბებით და ხის ასატანი კიბეებით ადიოდნენ.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ნ. ანდღულაძე. “შიომღვიმის მონასტერი”. ძეგლის მეგობარი N30. 1972. (მიჰყევით ბმულს).
- ვ. ბერიძე. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტომი I, ტომი II. თბილისი, 2014. (მიჰყევით ბმულებს: ტომი I; ტომი II).
- ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი V. თბილისი, 1990.
- გ. ჩუბინაშვილი. ქართული ხელოვნების ისტორია, ტომი I. თბილისი, 1936. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- შიომღვიმე. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- შიომღვიმის კომპლექსი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- შიომღვიმე. dzeglebi.ge ⇒
- შიომღვიმე. saunje.ge ⇒
- შიომღვიმის მონასტერი. novators.ge ⇒
- შიომღვიმე. ka.wikipedia.org ⇒