თავისუფალი სვანეთის დროშა – ლემი (ლომი)

“რაი ლომი და მოლაშქრე მოვიდეს, რომელიცა ხევი ანუ სოფელი არ მოჰყვეს მისითა აბჯრითა, იმა ხეუსა და სოფელსა მიუხდეთ ჩვენ ერთობილი ხევი”.

 

ლემი (ლომი) თავისუფალი სვანეთის დროშაა, რომელიც, გადმოცემით, წინ უძღოდა სვანეთის ლაშქარს ბრძოლის დროს. მისი მფლობელი იყო ხევის უფროსი, რომელსაც მელომე ეწოდებოდა. ლემი გამოჰქონდათ “ჰულიშობის” დღესასწაულზე. ამ დროს ტარდებოდა დროშიანი დოღი, რომელიც სამ დღეს გრძელდებოდა. თუ დოღში მელომე გაიმარჯვებდა, ეს ხევისთვის სასიკეთოდ მიაჩნდათ. დროშა ბოლო ხანებში სეტის წმ. გიორგის ეკლესიაში ინახებოდა, მისი ვერცხლის, ოქროთი დაფერილი, ჭედური ბუნი კი დაცულია სვანეთის მუზეუმში. ლემი ზოომორფული დროშაა, ეს არის ყვითელი აბრეშუმისგან შეკერილი ცხოველის ფორმა, რომელიც მოძრაობისას ჰაერით ივსება და ლომის სახეს იღებს. თუკი ჰულიშობას ლომი კარგად გაიბერებოდა და გაიშლებოდა ეს დიდი ბედნიერებისა და კარგი მოსავლის მომასწავებელი იყო.

ექვთიმე თაყაიშვილი დროშას შემდეგნაირად აღწერს: “ტარი თავდება ზემოდ ფართო შუბით, რომელიც ვერცხლიდან არის ჩამოსხმული და მასთან ოქროთია დაფერილი. ხეტარი დროშისა ზემო ნაწილზე შეძერწილია ვერცხლის ფურცლით – ბასმით. ამაზე ჩამოკიდებულია მატერიიდან შეკერილი ლომის სახე და როცა ცხენოსან კაცს ეს დროშა უკავია ხელში და ცხენი გაჩქარებით, თოხარიკით მიჰყავს, ან აჭენებს, მატერია იშლება ჰაერში ლომის სახით”. მკვლევარი კამილა ტრევერი უძველეს წარსულში ეძებს ლემის ფესვებს. ის სვანეთის დროშას დრაკონის სახის დროშებს მიაკუთვნებს, რომლებიც II საუკუნეში პართელებს, სკვითებსა და სარმატებს ჰქონდათ.

ცნობილი ეთნოგრაფი და ისტორიკოსი – ვერა ბარდაველიძე ლემს უკავშირებს სვანეთში და ზოგადად საქართველოს მთაში გავრცელებულ მგლის კულტს. მას აღწერილი აქვს მგლის რიტუალურ მოკვლასთან დაკავშირებული პროცესია სვანეთში – აშანგელო. პროცესიას წინ მგლის მკვლელი მიუძღოდა, რომელსაც გრძელი ლატანი ეკავა, წვერზე მიმაგრებული ნადირის ტყავით. საწესო მსვლელობის მონაწილენი სოფელს სიმღერით შემოივლიდნენ და ყველა მოსახლესთან ჩერდებოდნენ. მოსახლეობა პროცესიის წინამძღოლს თოფისწამალს ან ტყვიას აძლევდა. „მგლის მოკვლისათვის ტყვიისა თუ თოფისწამლის მიცემა, ეჭვგარეშეა, სიმბოლიურად გამოხატავდა თანამესოფლეთა მონაწილეობას მგლის მკვლელობაში. მაშასადამე, ეს მნიშვნელოვანი დეტალი წარმოგვისახავს ნადირის კოლექტიურად მოკვლის ფორმას. ხოლო ის გარემოება, რომ საწესო პროცესია უშუალოდ ნადირის მოკვლას უკავშირდებოდა (იგი მარტო მგლის მოკვლის გამო იმართებოდა), ამჟღავნებს კოლექტიური მოქმედების პირვანდელ ხასიათს და ამ მოქმედების ობიექტის მნიშვნელობას: როგორც ჩანს, ეს ტოტემური ცხოველის საწესო მოკვლა უნდა ყოფილიყო. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ტოტემური გადმონაშთის განუყრელ ნაწილად ლატანი და მის წვერზე მიკრული მგლის ტყავი გვევლინება, რაც, ვგონებთ, შეუძლებელია სვანური დროშის პროტოტიპად არ მივიჩნიოთ” – ვ. ბარდაველიძე.

 

ლემის აღწერილობა

ლემი შეკერილი იყო ყვითელი აბრეშუმისგან, თუმცა უფრო ახლო წარშულში ბამბის ქსოვილისგან შეკერილ დროშას იყენებდნენ. ძველი აბრეშუმის დროშა მოიძია ექვთიმე თაყაიშვილმა, თბილისში ჩამოიტანა და მუზეუმს გადასცა. ლომის მთელი სხეულის სიგრძე, კუდის ჩათვლით, 2 მ და 24 სმ-ა. დროშას ჰქონდა ცხოველის ფორმა, მოძრაობისას ჰაერით ივსებოდა და იბერებოდა. ცხოველის თავსა და ტორებზე ნაჭრით გამოსახული იყო ჯვრები, სახის არე ნაწილობრივ მოქარგული იყო. ლომს ჩაკერებული ჰქონდა ყურები, რომელიც ჰაერით ავსებისას იცქვიტებოდა.

დროშის გრძელი ხის ტარი სრულდებოდა ფართე ვერცხლის თავით. ბუნი შემკულია ჭედურობით და დაფერილია ვერცხლით. ერთ მხარეს ამოტვიფრულია წარწერა: “უბედნიერენ ღმერთმან ერთობილსა ხევსა ბედნიერსა სუანეთისასა ლომი და დროშის თავი დროშითურთ, ჩემ დიდისა მონასტრისა წინამძღურისა გრიგოლ კოპასძისაგან მოხსენებული”. წარწერის გევრდით გამოსახულია უღრის მთავარანგელოზი, ბუნიკის მეორე მხარეს კი – წმ. იონა ლატალისა და წმ. გიორგი სეტისა.

უვაროვას აღწერით ლომს ჰქონდა დაღრენილი პირი, რომელშიც ვერცხლის ენა და კბილები იყო ჩადგმული. ეს პირი საკმაოდ რთულადაა მოწყობილი. იგი ქვედა და ზედა ყბისგან შედგება, რომლებიც 6 მმ-ის სისქის მასიური მავთულისგანაა დამზადებული. ყბებს აერთებს ვერცხლის პატარა ცხირები, რისი საშუალებითაც პირი მოძრაობს. ყბაზე შერჩენილია სამკუთხა ვერცხლის კბილები, ენა XX საუკუნეში უკვე დაკარგული იყო. ექვთიმე თაყაიშვილი ბუნიკზე ამოტვიფრული წარწერის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს, რომ დროშას ადრე დროშას ჰქონდა მთლიანად ვერცხლისგან ჩამოსხმული ლომის თავი. ჩამოუსხმული ლომის ფიგურა ნაპოვნი არ არის, თუმცა სეტის საეკლესიო ქონების აღწერის საბუთებში ვკითხულობთ: “აუწერეთ ზე მთავარ მოწამისა ხატები. ორმოცდაშვიდმეტი ხატი ყოველი უფროს და უმცროსი. ერთი ლომისა თავი”.

 

მელომე

მელომე განსაკუთრებულად საპატიო თანამდებობა იყო, ის ითვლებოდა ხევის მამად, მისი მეუღლე კი ხევის დედად. საყურადღებოა, რომ ისინი არამხოლოდ ხევს, სეტის მოწამესაც (წმ. გიორგის) იშვილებდნენ: “დაგიწერე და მოგახსენე წერილი ესე თქუენ თავად მთავარმოწამესა და ერთობილსა ხევსა მე ვახთანგიანმან ბენდე და ჩემმან ცოლმან მარიამ მტკიცე და უქცეველი, ყოვლისა მიზეზისაგან უმიზეზოი, რაისა გინდა ჟამისა შემოსრულობისთუინ შეუცვალებელი, მას ჟამსა, ოდეს ჩემითა ნებითა მთავარმოწამე სეტისა და ერთობილი ხევი გიშვილე”. მელომის თანამდებობა არჩევითი იყო, თუმცა მას ერთი გვარის წარმომადგენელთა შორის ირჩევდნენ. მედროშის განკარგულებაში იყო მთელი ლაშქარი, თუ მას რამე გაუჭირდებოდა ლომი უნდა მიეტანა ხალხში – “რაი ლომი და მოლაშქრე მოვიდეს, რომელიცა ხევი ანუ სოფელი არ მოჰყვეს მისითა აბჯრითა, იმა ხეუსა და სოფელსა მიუხდეთ ჩვენ ერთობილი ხევი”. მელომის წინააღმდეგობა არ ეპატიებოდა მამისაგან შვილს, ძმისაგან ძმას, თუ მელომეს ვინმესთან შუღლი ჰქონდა, პასუხის გამცემი იყო მთელი ხევი – “ვისც წაეკიდო, რაც იმას საქმე მოჰყვ[ეს], იმისი პირი და პასუხისა გამცემი და გარდამ[–ლე] [———-] ხევი ვართ”. რაც შეეხება მის ვალდებილებებს, როგორც ჩანს, ეს უფრო ქონებრივი ტიპის იყო, მელომის ქონება ხევის ქონებად ითვლებოდა: “მას ჟამსა ოდეს ჩემითა ნებითა მთავარმოწამე სეტისა და ერთობილი ხევი გიშვილე, დაგათუალე ჩემი სახლი, მამულ-ეკლესიანი, მ[–]ვარი, ტყე და ველი, უძრავი და მოძრავი, უძებარი და საძებარი, ყ[ოვ]ლისა კაცისგან უცილობლად ჩემი თან დამითულია”.

 

გამოყენებული წყაროები: ქართული დროშები – სარა ბარნაველი, სვანეთის საისტორიო ძეგლები – პავლე ინგოროყვა, ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან. დროშა „ლემ“, მგელი-ძაღლი – ვერა ბარდაველიძე.
შავ-თეთრი ფოტოების ავტორი: დიმიტრი ერმაკოვი.
ვიდეო კადრები აღებულია რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმიდან – მიხეილ ხერგიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.