სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

სვანეთის მუზეუმი

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სვანეთში, მესტიაში მდებარეობს. იგი 1936 წელს დაარსდა. მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X საუკუნის მაცხოვრის ხატი, XI საუკუნის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII საუკუნის ორმოცი მოწამის ხატი და ჯვარცმის ხატი, ღვთისმშობლის IX—X საუკუნეების ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები — IX—XIV საუკუნეების სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI—XIII საუკუნეების ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
მუზეუმში პირველი დარბაზი სვანეთში აღმოჩენილ ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ მასალას ეთმობა. მას მოსდევს ნუმიზმატიკური კაბინეტი, IX-XVIII საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძური, IX-XIX საუკუნეების ნაბეჭდი წიგნების, სასულიერო და საერო ხელნაწერების ექსპოზიცია. მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპოზიციებს ეთმობა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *