ბაზილიკისა და გუმბათოვანი ტაძრის ტიპები საქართველოში

საქართველოში IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, რამაც დიდი გავლენა იქონია, როგორც ქვეყნის განვითარებასა და საგარეო ორიენტაციაზე, ასევე ქართულ ხუროთმოძღვრებაზე. ქრისტიანულმა ეკლესიამ არქიტექტორებს გარკვეული ამოცანა დაუსახა: უნდა შექმნილიყო სარწმუნოებრივი რიტუალისთვის განკუთვნილი საგანგებო შენობა, რომელიც ბევრ მლოცველს დაიტევდა. ამ ამოცანის გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, ერთბაშად ვერ მოხერხდა. პირვანდელი ეკლესიები ძალიან მცირე ზომისაა, ეკლესიაში მღვდელი შედიოდა, მლოცველები კი გარეთ იდგნენ. დროთა განმავლობაში იხვეწება გეგმარება და კონსტრუქციები, ხუროთმოძღვრები ეძებენ ახალ ფორმებს, ატარებენ ექსპერიმენტებს, საბოლოოდ კი ქართული სატაძრო ხუროთმოძღვრება იღებს ჩამოყალიბებულ სახეს და მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. ქრისტიანულ საკულტო არქიტექტურაში ნაგებობათა ორი ტიპი გავრცელდა: ბაზილიკა და გუმბათოვანი ნაგებობა. პირველი ქრისტიანული სატაძრო ნაგებობები ბაზილიკებია, გუმბათოვანი ტაძრები მხოლოდ VI საუკუნეში იკიდებს ფეხს და წამყვან ადგილსაც იკავებს განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ საქართველოში გავრცელებულ ბაზილიკისა და გუმბათოვანი ტაძრის ტიპებს.

 

ბაზილიკა

ბაზილიკა წაგრძელებულ, გეგმით სწორკუთხედის ფორმის, უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია წაგრძელებული აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი. საქართველოში ბაზილიკის რამდენიმე ტიპია გავრცელებული: ერთნავიანი ბაზილიკა (იგივე დარბაზული ეკლესია), სამნავიანი ბაზილიკა და სამეკლესიიანი ბაზილიკა.

სხალთის ტაძარი (დარბაზული ეკლესია შვერილი აფსიდით)

დარბაზული ეკლესია ერთი ნავისგან შედგება, რომელსაც ზოგჯერ ეგვტერები და გარშემოსავლელიც აქვს. ერთნავიანი ბაზილიკები გავრცელებულია მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში. დარბაზული ეკლესიის ნიმუშებია: აკვანება, სხალთის, სპეთის, ეხვევის ტაძრები და სხვა.

ურბნისი (სამნავიანი ბაზილიკა)

სამნავიანი ბაზილიკა ბურჯებით გამოყოფილი სამი ნავისგან შედგება. გვერდითა ნავები უფრო ვიწრო და დაბალია შუა ნავთან შედარებით. სამნავიანი ბაზილიკის მნიშვნელოვანი ნიმუშებია: ბოლნისის სიონი, ურბნისის სიონი, კაწარეთის სამება და სხვა.

დმანისის სამეკლესიიანი ბაზილიკა

სამეკლესიიან ბაზილიკაში სამნავიანისგან განსხვავებით ნავები გამოყოფილია კედლებით და არა ბურჯებით. ბაზილიკის ეს ტიპი მხოლოდ საქართველოში გვხვდება. სამეკლესიიან ბაზილიკაში ერთ შენობაში ერთმანეთთან კარებით დაკავშირებული 3 სამლოცველო ეკლესია ერთიანდება, რომლებშიც დღის განმავლობაში ცალ-ცალკე რამდენიმეჯერ ატარებდნენ წირვას. ამ ტიპს მიეკუთვნება: დმანისის სიონი, ზეგაანის ყოვლადწმინდის ბაზილიკა, ნეკრესის ბაზილიკა და სხვა.

ქილდის ორნავიანი ბაზილიკა

გვხვდება ასევე ორნავიანი ბაზილიკები, თუმცა იგი ცალკე ტიპად არ გამოიყოფა, რადგან სრულიად იმეორებს სამნავიანი ბაზილიკის სტრუქტურას, იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ ერთი გვერდითა ნავი აქვს. ორნავიანი ბაზილიკა ბურჯებით გამოყოფილი ორი ნავისგან შედგება, მას შესაძლოა ჰქონდეს დამატებით მინაშენი (ეკვდერი, სტოა). გვერდითა ნავი ამ შემთხვევაშიც უფრო დაბალი და ვიწროა მთავარ ნავთან შედარებით. ორნავიანი ბაზილიკის ნიმუშებია: ტაბაკინის, ქოჩალოსა და ქილდას ეკლესიები და სხვა. ცალკე აღვნიშნავთ აგრეთვე დარბაზული ეკლესიის თავისებურ ვარიაციას – ე.წ. “ღია ეკლესიას”.

აზმანის ეკლესია (ღია ეკლესია)

ღია ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც დასავლეთიდან, ზოგჯერ კი სამხრეთიდან, დიდი თაღითაა გახსნილი. ღია ეკლესიებს მიეკუთვნება: თოკის მცირე სამლოცველო, აზმანის ეკლესია, უჯარმის ჯვარპატიოსნის მცირე ეკლესია, მცხეთის ანტიოქიის ტაძარი და ა.შ. საკურთხეველი ბაზილიკებში, როგორც წესი, ნახევარწრიული ან ნალისებრი მოხაზულობისაა, თუმცა გვხვდება სწორკუთხა საკურთხევლებიც, ასეთია, მაგალითად: ზედაზნის მცირე ეკლესია. აფსიდი ბაზილიკებშიც და გუმბათოვან ნაგებობებშიც შესაძლოა იყოს სწორკუთხედში ჩაწერილი ან ვლინდებოდეს გარე მასებში (შვერილი აფსიდი) წახნაგოვანი ან ნახევარწრიული ფორმით.

ურბნისი (სამნავიანი ბაზილიკა)

 

გუმბათოვანი ტაძარი

VI საუკუნიდან ქართულ ხუროთმოძღვრებაში ადგილს იმკვიდრებს გუმბათოვანი ტაძარი. საქართველოში გუმბათოვანი ეკლესიის რამდენიმე ტიპი გვხვდება, პირველ რიგში განვიხილავთ ჯვარ-უმბათოვან ნაგებობებს.

სამწევრისი (ერთკონქიანი თავისუფალი ჯვარი)

ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა – თავისუფალი ჯვრისა და ჩახაზული ჯვრის ტიპის. ისინი შეიძლება იყოს ცენტრალურგუმბათოვანი ან დასავლეთის მკლავი იყოს უფრო გრძელი დანარჩენებთან შედარებით. ცენტრალურგუმბათოვან ტაძრებს ჯვრის ყველა მკლავი თანაბარი ზომის აქვთ და გუმბათი ცენტრშია აღმართული. თავისუფალი ჯვრის შემთხვევაში ჯვრის ფორმა გარე მასებში მიწის დონიდანვე ვლინდება,

სამთავისი (ჩახაზული ჯვარი)

ჩახაზული ჯვრის გეგმა კი სწორკუთხედშია ჩაწერილი და ჯვრის ფორმა სივრცეში იქმნება. თავისუფალი ჯვრის ტიპის ტაძრებია: იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, სამწევრისი, ერელაანთ საყდარი, დაშბაშის წმ. გიორგის ეკლესია და სხვა. ჩახაზული ჯვრის ტიპს მიეკუთვნება: სვეტიცხოველი, ალავერდი, სამთავისი და სხვა. ამ ორ ძირითად ჯგუფში ერთიანდებიან შემდეგი ქვეტიპები, რომლებიც დაყოფილია აფსიდების რაოდენობის მიხედვით: ერთკონქიანი, ტრიკონქი და ტეტრაკონქი. სამივე მათგანი შეიძლება იყოს, როგორც თავისუფალი, ასევე ჩახაზული ჯვრის ტიპის. ერთაფსიდიანის შემთხვევაში აფსიდით მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავი სრულდება, დანარჩენი კი სწორკუთხაა,

ოშკი (ტრიკონქი)

ტრიკონქის შემთხვევაში მხოლოდ დასავლეთის მკლავია სწორკუთხა, ტეტრაკონქს კი ოთხივე მხარეს აფსიდი აქვს. ცალკე გამოვყოფთ კუთხისოთახებიან ტეტრაკონქს, რომელიც ტეტრაკონქის გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს. ამ ტიპის უმნიშვნელოვანესი ნაგებობა მცხეთის ჯვარია, ჯვრის მონასტერს მოყვა მსგავსი გეგმის მქონე ძეგლთა აგება სხვადასხვა კუთხეში (ატენის სიონი, მარტვილის მონასტერი, ძველი შუამთა).

მცხეთის ჯვარი

მცხეთის ჯვრის უშუალო წონამორბედია ნინოწმინდის ტაძარი. ტეტრაკონქის უნიკალური და გრანდიოზული ნიმუშია ბანას ტაძარიც. გუმბათოვანი ნაგებობის არაჯვრული ტიპებიც არსებობს, ესენია მრავალაფსიდიანი ტაძარი (ექვსაფსიდიანი და რვააფსიდიანი) და კუპელჰალე.

კაცხის ტაძარი (მრავალაფსიდიანი)

მრავალაფსიდიან ნაგებობებს ინტერიერში ყვავილისებური მოხაზულობა აქვთ,  ექსტერიერში კი მრავალწახნაგას წარმოადგენენ. მრავალაფსიდიანი ტაძრის მნიშვნელოვანი ნიმუშებია: კაცხის ტაძარი, ბოჭორმის ტაძარი, გოგიუბა, კიაღმის ალთი და სხვა. კუპელჰალე გახლავთ დარბაზული ნაგებობა, რომელზეც გუმბათია აღმართული. მას ასევე ეწოდება გუმბათიანი დარბაზი, ეს ტერმინი გიორგი ჩუბინაშვილმა დაამკვიდრა ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში. კუპელჰალეს საყურადღებო მაგალითებია: დვანის წმ. გიორგის ეკლესია, სოლომონ-ყალა, ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია და სხვა.

არმაზციხის წარმართული ტაძარი

აქვე გავავლოთ ერთი პარალელი ქრისტიანულ მრავალაფსიდიან ტაძრებსა და არმაზციხის წარმართულ ტაძარს შორის, შიგა სივრცის გარე მასებში გამოვლენასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრისტიანული პერიოდის მრავალაფსიდიანი ტაძრები ჩაწერილია მრავალწახნაგაში, არმაზციხის ექვსაფსიდიანი ტაძარი კი სწორკუთხედშია ჩაწერილი. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოჭორმაცა და არმაზციხეც მრავალაფსიდიანია, ისინი ექსტერიერში სრულიად განსხვავებულად გამოიყურებიან. აქვე დავამატებ, რომ საუკუნეთა განმავლობაში არქიტექტურა მიისწრაფვოდა მასების შემსუბუქებისკენ, როგორც კონსტრუქციული, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით. სწორედ ამ სწრაფვამ განაპირობა თუნდაც ნიშების გაჩენა ეკლესიათა ფასადებზე. აქედან გამომდინარე არმაზციხის ტაძრისა და შუასაუკუნეების მრავალაფსიდიანი ტაძრების გეგმათა თავისებურებები არქიტექტურული ევოლუციის ერთგვარ მაგალითადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

კაცხის ტაძარი (მრავალაფსიდიანი)

 

სამწევრისი (თავისუფალი ჯვარი)

 

სამთავისი (ჩახაზული ჯვარი)

6 კომენტარი პოსტზე - “ბაზილიკისა და გუმბათოვანი ტაძრის ტიპები საქართველოში

  • ივნისი 11, 2020 at 10:29 am
    Permalink

    მადლობა. ძალიან საინტერესოდ, ამომწურავად არის მოცემული ყველაფერი…

    Reply
    • ივნისი 11, 2020 at 6:12 pm
      Permalink

      დიდი მადლობა, ძალიან მიხარია თუ საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის

      Reply
  • სექტემბერი 22, 2020 at 10:57 pm
    Permalink

    კარგი იდეა გაგიცოცხლებიათ ამ გვერდის შექმნით! ღვთის მფარველობას გისურვებთ!

    Reply
    • სექტემბერი 23, 2020 at 6:37 am
      Permalink

      დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია, თუ მოგწონთ. ასეთი შეფასებები ყველაზე დიდი სტიმულია, რომ კვლავ აქტიურად განვაგრძო ამ საიტზე და გვერდზე მუშაობა.

      Reply
  • სექტემბერი 25, 2020 at 8:30 pm
    Permalink

    მადლობა დიდი

    Reply
    • სექტემბერი 26, 2020 at 1:08 pm
      Permalink

      მადლობა თქვენ, მიხარია, თუ მოგეწონათ <3

      Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.