გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარეობს. ძეგლი რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას მოიცავს – VIII-IX სს, XII ს და XIII-XIV სს. VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება ერთოთახიანი, ბუხრიანი სანადირო სახლი, რომელიც სასახლის მთლიანობაშია ჩართული, ძირითადი ნაწილი XII საუკუნეშია აგებული, XIII-XIV საუკუნეებში კი სასახლის გაფართოება მიმდინარეობს, ამ პერიოდს მიეკუთვნება დასავლეთის მინაშენები და სასახლის ეკლესია. გეგუთის სასახლე საქართველოში დღემდე მოღწეული ყველაზე მასშტაბური სასახლეა. იგი საინტერესო გეგმარებითა და კომპოზიციით ხასიათდება და ქართული საერო არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნიმუშია. გეგუთის სასახლე წერილობით წყაროებში პირველად VIII საუკუნეში იხსენიება, ჯუანშერის თხზულებაში – “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, წყაროებში იგი უფრო ხშირად გვხვდება XII საუკუნიდან და ძირითადად გიორგი III-სა და თამარ მეფის სახელებს უკავშირდება. XVIII საუკუნეში სასახლე ძალიან დაზიანდა, საბოლოო ნგრევა კი XIX საუკუნის 30-იან წლებში განიცადა, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობის ქვები საშენ მასალად გაზიდა. ვარაუდობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ეგრისის სამეფოს პერიოდში იყო სამეფო ნაგებობები, რომლებიც მოგვიანებით განადგურდა. მიუხედავად დიდი დაზიანებისა გეგუთის სასახლე დღესაც მასშტაბურად გამოიყურება და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 

არქიტექტურა

გეგუთის სასახლე გეგმით კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელის ღერძი დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. შენობის სქელი კედლების კუთხეებში ცილინდრული კოშკებია ჩართული, კედლების შუა ნაწილში კი ნახევარწრიული კონტრფორსები. მთავარი შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთის კედელშია მოწყობილი, რომელიც აქცენტირებულია მასიური შვერილებით. შენობის ცენტრში ჯვრისებრი მოხაზულობის საზეიმო დარბაზი გამოიყოფა, რომელსაც 14 მეტრის დიამეტრის მქონე გუმბათი აგვირგვინებდა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა დიდი ტრომპების საშუალებით ხორციელდებოდა. ჯვრის მკლავები შეისრული კამარებითაა გადახურული. მკლავებიდან სამი ერთმანეთის ტოლია, ერთი დანარჩენებს ორჯერ აღემატება და ის, სავარაუდოდ, სამეფო ტახტის განსათავსებლად იყო განკუთვნილი. მთავარი დარბაზი გასასვლელებით უკავშირდება საცხოვრებელ და დამხმარე ოთახებს (საწოლი, სალარო, სამზარეულო, მარანი და სხვა). პირვანდელი ბუხრიანი სანადირო სახლი სასახლის აღმოსავლეთ ნაწილშია ჩართული. სასახლის ინტერიერი შელესილი და, დიდი ალბათობით, მოხატული უნდა ყოფილიყო. შენობის ცოკოლი და სამ მეტრამდე სიმაღლის კედლები ნაგებია თლილი ქვით, შემდეგ აგურის წყობა გრძელდება. მოგვიანებით მიშენებულ ნაწილში გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, რომელთა შორის განსაკუთრებით კარგადაა შემორჩენილი აბანო. სასახლის სამხრეთით გაითხარა IV-V საუკუნეების შენობის ნაშთი. არსებობს ვარაუდი, რომ ეს შენობა ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო. 

გეგუთის სასახლის ეკლესია საკმაოდ დიდი ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი სამია – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ტაძარი უაფსიდოა, თუმცა აღმოსავლეთის კუთხეები ინტერიერში მცირედით მომრგვალებულია. საკურთხევლის მომრგვალებულ კუთხეებში ჩასმულია სარეზონატორო ქვევრები. დარბაზი გადახურული იყო კამარით, რომელიც პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა. ეკლესია ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ყველა კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. ინტერირში კედლები აგურითაა ამოყვანილი და შელესილი ყოფილა, კონტრფორსები და თაღები თლილი ქვის იყო. ფასადები მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვით. მორთულობა არ შეიმჩნევა. ეკლესია ძალიან დაზიანებულია, ჩანგრეულია კამარა, მორღვეულია კარისა და სარკმლის ღიობები, თითქმის სრულად შემოცლილია საპერანგე წყობა.

 

 

გელათის სოხასტერი

გელათის სოხასტერი

გელათის სოხასტერი

გელათის სოხასტერი იმერეთში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ზე, გელათის მონასტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისგან 200 მეტრის დაშორებით, შემაღლებულ ადგილას. ძეგლი თარიღდება XII საუკუნით, მოიცავს ასევე XVI ს-ის სამშენებლო ფენებს. სოხასტერი ეწოდებოდა ბუნებრივ ან საგანგებოდ გაკეთებულ შენობას, სადაც ბერები განმარტოებულ, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდნენ. გელათის სოხასტრის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: “კვალად არს გელათის პირისპირ, აღმოსავლეთად, მონასტერი გუნბათიანი, დიდშენი, სოხასტერად ხმობილი. უზის წინამძღვარი”. ისტორიულ წყაროებში მონასტრის შესახებ ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. მიიჩნევა, რომ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა ქსენონის აგების შესახებ გელათის სოხასტერს უნდა ეხებოდეს: “და კუალად სხუა მოიგონა საქმე, შემსგავსებული მოწყალისა და ტკბილისა ღმრთისა სახისა, კაცთმოყუარებისა თუისისა: აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი, თუითოსახითა სენითა განცდილნი, და მოუმზადა ყოველი საჴმარი მათი, უნაკლულოდ, უხუებით, და განუჩინა შესავალი და საღვაწი მათნი ყოვლადვე. თუით მივიდის და მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს უყვის, თუითოეულსა მამებრ სწყალობდის და ნატრიდის, განამჴნობდის მოთმინებისა მიმართ, მონახის თუისითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი მათი, პინაკი და ყოველი საჴმარი მათი, მოსცის თუითოეულსა ოქრო საყოფინ და განკრძალულნი ზედამდგომელნი მათნი, და განაგის ყოველი საქმე მათი დიდად და შუენიერად ღმრთისმსახურებით”. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კომპლექსი თავიდან სამკურნალოს, ქსენონს წარმოადგენდა და სოხასტერი გვიან შერქმეული სახელია, მას შემდეგ, რაც ანსამბლმა პირვანდელი ფუნქცია დაკარგა. კომპლექსი ცუდ მდგომარეობაშია, დაწყებულა ეკლესიის რესტავრაცია, თუმცა ძალიან უხეშად, ლავგარდნის მცირე ნაწილი გარედან შეცემენტებულია, მკვეთრად და ცუდად იქცევს ყურადღებას ასევე ახალი იატაკი და კანკელი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებს არ აქვს გადახურვა და წვიმისას წყალი დგება. გელათის სოხასტერი თავისი კომპოზიციითა და არქიტექტურული თავისებურებებით მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს სათანადო ყურადღებას.

 

ძეგლის აღწერა

გელათის სოხასტერი სამი ძირითადი მონაკვეთისგან შედგება: წინა ეზო, ეკლესიის ტერიტორია და შიდა, მთავარი ეზო. ანსამბლი მოიცავს მაცხოვრის ეკლესიას, სამსართულიან შენობას, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებსა და გალავანს. წინა ეზო მოწყობილია ეკლესიის ტერიტორიისა და მთავარი ეზოსკენ მიმავალი კარიბჭის წინ. აქედან პირდაპირ შეიძლება მოხვედრა, როგორც ეკლესიის ტერიტორიაზე, ასევე შიდა ეზოში. ეკლესიის ტერიტორიაზე შესასვლელი კარი არქიტრავითაა გადახურული. წინა ეზოს კარიბჭე სამხრეთ-დასავლეთ კუთზეშია მოწყობილი და წრიული გეგმის მქონე კოშკებითაა ფლანკირებული. კომპლექსის მთავარი ნაწილი ეკლესიის ტერიტორიაა, რომელიც, დანარჩენ ნაწილებთან შედარებით, 1,5 მეტრით მაღალზეა განლაგებული. ტაძრის ეზოს ერთი მეტრის სიმაღლის კედელი აქვს შემოვლებული. ეკლესიის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში, წინა ეზოს მოსაზღვრედ ორი სხვადასხვა ზომის, გეგმაში სწორკუთხა სათავსია. ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში მომცრო ზომის, მინაშენებიანი დარბაზული ეკლესია დგას. წინა ეზოდან მთავარ ეზოში შესასვლელის მარჯვნივ წრიული გეგმის მქონე ნაგებობა დგას, რომელიც სწორკუთხა სათავსის ადგილას აუშენებიათ. მთავარი ეზოს სამხრეთ ნაწილში, წინა ეზოს მოსაზღვრედ, მიჯრით განლაგებული სამი სწორკუთხა სათავსი ყოფილა. მთავარ ეზოში, მთლიანი კომპლექსის ცენტრში, ეკლესიის ტერიტორიის კედელთან, სამსართულიანი, კოშკის ტიპის საცხოვრებელი ნაგებობა დგას, რომელიც, სავარაუდოდ, კომპლექსის (სავარაუდოდ, ქსენონის) წინამძღვრის საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. შიდა ეზოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კოშკები და რამდენიმე სათავსია განლაგებული. გარდა ეკლესიისა და სამსართულიანი შენობისა, კომლექსის ყველა შენობა ნაგებია დაუმუშავებელი, უხეშად ზედაპირმოსწორებული ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია თლილი ქვაც (კუთხეებში, თაღზე, წირთხლებზე და ა.შ.). 

გელათის სოხასტრის მაცხოვრის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკვდერებითა და დასავლეთის ნართექსითა და სტოა-გალერეით. ტაძარი XII საუკუნეშია აგებული, ნართექსი და გალერეა კი XVI ს-ში. შენობა ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი გამოყოფილია აფსიდის მხრებითა და სატრიუმფო თაღით. აფსიდის მხრები კაპიტელებით სრულდება, რომელთა პროფილს თარო და წრეთარგი შეადგენს. აფსიდში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა განთავსებული. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა, მოხატულობისგან უმცირესი ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი (მოხატულობა გვიანდელია). ეკლესიის გრძივ კედლებში სწორკუთხა გასასვლელებია, რომლითაც ის გვერდითა მინაშენებს უკავშირდება. კარის ღიობი დასავლეთითაც არის, რომლითაც ეკლესია დაკავშირებულია ნართექსთან. ორივე მინაშენი აღმოასვლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება და ორივეგან აფსიდში ტრაპეზის ქვა დგას. ნართექსთან კარითაა დაკავშირებული ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებიც, თუმცა ჩრდილოეთის მინაშენის დასავლეთ შესასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ და ამჟამად იქ მოხვედრა მხოლოდ ეკლესიიდანაა შესაძლებელი. ნართექსიდან სამხრეთის მინაშენში შესასვლელს თაღოვანი გადახურვა აქვს, თაღს დაბრტყელებული ფორმა აქვს. ნართექსი მსხვილ პილასტრებზე გადაყვანილი თაღებით სამ ნაწილადაა გაყოფილი (პილასტრებს დახრილი სიბრტყისა და თაროსგან შექმნილი მასიური კაპიტელები აქვს), სამხრეთის ნაწილს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დამხრობილი მეოთხედსფერული გადახურვა აქვს, სავარაუდოდ ასეთივე გადახურვა უნდა ჰქონოდა ჩრდილოეთის ნაწილსაც, თუმცა ამჟამად მორღვეულია. მოხატული ყოფილა ნართექსიც. ამ სათავსის ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. ნართექსი არქიტრავული გასასვლელით ღია კარიბჭეს უკავშირდება, კარი ორივე მხრიდან თაღებშია მოქცეული. კარიბჭე მთლიანი ნაგებობის სიგანესთან შედარებით, უფრო მოკლეა. ნართექსის მსგავსად ისიც სამ ნაწილიდაა თაღებით გაყოფილი. კარიბჭე სამხრეთითა და ჩრდილოეთით თითო დიდი თაღით, დასავლეთით კი უფრო მომცრო, მსხვილ ბურჯზე დაყრდნობილი, ორი თაღითაა გახსნილი. ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა, არ აქვს არავითარი მორთულობა. ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესიის მხატვრულ ეფექტს დიდი ზომის თლილი ქვების წყობა და კარიბჭის თაღები ქმნის. ეკლესიას აზიდული პროპორციები ჰქონია, თუმცა მინაშენებმა შენობის პროპორციები შეცვალა და ეს აზიდულობა აღარ აღიქმება. ნართექსს ორფერდა გადახურვა აქვს, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენების გადახურვებს ერწყმის, კარიბჭეს კი ცალფერდა გადახურვა აქვს.

საცხოვრებელი კოშკური ნაგებობა სამსართულიანია. პირველ სართულზე შესასვლელი კარი აღმოსავლეთის მხრიდანაა გაჭრილი. ოთახის სამხრეთ კედელში ფართო ნიშაა. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სარკმელი. მეორე და მესამე იარუსებისგან შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კედელი და დასავლეთ კედლის ნაწილი. მეორე იარუსს კარი ეკლესიის მხარეს აქვს გაჭრილი. ამ სართულზე კედლებში ღრმა ნიშებია მოწყობილი, გვხვდება კედელში მოთავსებული საპირფარეშოც. მესამე სართულის კარიც ეკლესიისკენ იყო მიმართული. სამხრეთ კედელში მოწყობილია ბუხარი. სართულშუა გადახურვა კოჭოვანი იყო. საცხოვრებელი ნაშენია სუფთად თლილი ქვით. ნაგებობის სტრუქტურიდან ჩანს, რომ საქართველოს მონასტრებში არსებული კოშკებისგან განსხვავებით (უბისა, მარტვილი და ა.შ.), იგი უბრალოდ ვერტიკალური განლაგების მქონე საცხოვრისს წარმოადგენდა და მესვეტეობისთვის და განდეგილად ცხოვრებისთვის არ იყო განკუთვნილი. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი თაღოვანი ხიდი

ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი ხიდი

ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი ხიდი

ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი ხიდი იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ჭიშურაზე. ხიდის ბურჯზე ჩასმულია თაღით დეკორირებული წარწერიანი ქვა, რომელიც გვამცნობს, რომ იგი აგებულია 1667 წელს, გელათელი ეპისკოპოსის Read more

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია

ტაბაკინის ძლევის წმინდა გიორგის ეკლესია (ტაბაკინის მონასტერი) იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მდებარეობს. გიორგი ჩუბინაშვილი ძეგლის ყველაზე ადრეულ ფენას VI-VII საუკუნეებით ათარიღებს, მომდევნო ეტაპი X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, არის მოგვიანებით გადაკეთების კვალიც (გვიანდელია კამარები, ჩანს უხეშად შეკეთებული კონკრეტული ნაწილებიც, ასევე გვიან შუა საუკუნეებშია გაჭრილი სამხრეთის შესასვლელი და სარკმელი). ნაგებობა საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტით, აზიდული პროპორციებითა და ჰარმონიული კომპოზიციით ხასიათდება. ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობა, რომელიც Read more