თავისუფალი სვანეთის დროშა – ლემი (ლომი)

თავისუფალი სვანეთის დროშა – ლემი (ლომი)

“რაი ლომი და მოლაშქრე მოვიდეს, რომელიცა ხევი ანუ სოფელი არ მოჰყვეს მისითა აბჯრითა, იმა ხეუსა და სოფელსა მიუხდეთ ჩვენ ერთობილი ხევი”.

 

ლემი (ლომი) თავისუფალი სვანეთის დროშაა, რომელიც, გადმოცემით, წინ უძღოდა სვანეთის ლაშქარს ბრძოლის დროს. მისი მფლობელი იყო ხევის უფროსი, რომელსაც მელომე ეწოდებოდა. ლემი გამოჰქონდათ “ჰულიშობის” დღესასწაულზე. ამ დროს ტარდებოდა დროშიანი დოღი, რომელიც სამ დღეს გრძელდებოდა. თუ დოღში მელომე გაიმარჯვებდა, ეს ხევისთვის სასიკეთოდ მიაჩნდათ. დროშა ბოლო ხანებში სეტის წმ. გიორგის ეკლესიაში ინახებოდა, მისი ვერცხლის, ოქროთი დაფერილი, ჭედური ბუნი კი დაცულია სვანეთის მუზეუმში. ლემი ზოომორფული დროშაა, ეს არის ყვითელი აბრეშუმისგან შეკერილი ცხოველის ფორმა, რომელიც მოძრაობისას ჰაერით ივსება და ლომის სახეს იღებს. თუკი ჰულიშობას ლომი კარგად გაიბერებოდა და გაიშლებოდა ეს დიდი ბედნიერებისა და კარგი მოსავლის მომასწავებელი იყო. Read more