ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი

ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი

ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი

ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის მონასტრის ასახვევთან ახლოს, დახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ძეგლის დათარიღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პირვემკვლევრები ჭაბუკაურის სამნავიან ბაზილიკას IV საუკუნით ათარიღებენ, თუმცა გამოთქმულია მოსაზრებები უფრო გვიანი ხანით დაარიღებაზე (VI ს.). კომპლექსი მოიცავს Read more

ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა

ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა

ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა

ვეძისხევის სამეკლესიიანი ბაზილიკა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარეობს, ისტორიული სოფელი ვეძისხევის ტერიტორიაზე. იგი VI საუკუნით თარიღდება. Read more

დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსი

დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსი

დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსი

დოლოჭოპის სატაძრო კომპლექსი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, რაიონული ცენტრიდან 6-7 კმ-ის დაშორებით, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. იგი მრავალფენიანი არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია და მოიცავს I ბაზილიკური ტიპის ტაძარს, რომელსაც ნ. ბახტაძე ე.წ. სამეკლესიიან ბაზილიკათა ჯგუფს მიაკუთვნებს, II ეტაპის დიდ სამნავიან ბაზილიკას, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი ზომის ბაზილიკაა დღემდე გამოვლენილთა შორის, III ეტაპის მცირე ზომის ეკლესიასა და ადრეული შუა საუკუნეების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს. ნ. ბახტაძე პირველ ტაძარს IV საუკუნით ათარიღებს, დიდ ბაზილიკას V საუკუნით, III ეკლესიას კი – VI საუკუნით. დოლოჭოპის დიდ ბაზილიკას ნ. არონიშიძე VI საუკუნის შუა ხანებით ათარიღებს. კომპლექსის ადგილას ქვითკირის კედლების ნაშთები ს. ჯანაშიას სახ. მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მეცნიერთა ჯგუფმა 2004 წელს აღმოაჩინა, თუმცა ძეგლზე მასშტაბური არქეოლოგიური სამუშეოები 2012 წლიდან დაიწყო, რის შედეგადაც ეტაპობრივად გამოვლინდა სატაძრო მშენებლობის სამი ფენა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. 

 

ძეგლის აღწერა

დოლოჭოპის დიდი ბაზილიკა (დურუჯისპირა ბაზილიკა) 36 მეტრის სიგრძის და 18.5 მეტრის სიგანის (გრძივი გალერეების გარეშე) სამნავიანი ბაზილიკაა. ეკლესია ნაგებია ფლეთილი და რიყეზე ნარჩევი დიდი ზომის ქვებით, კონსტრუქციული ნაწილებისთვის გამოყენებულია შირიმი. ტაძარს სამი მთავარი, განიერი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარდა ამისა სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო დამატებითი შესასვლელიცაა გაჭრილი. დასავლეთიდან ტაძარში მოხვედრა მხოლოდ უფრო ადრეული ნაგებობის გავლით იყო შესაძლებელი. ნავები ერთმანეთისგან ხუთი წყვილი ჯვრული გეგმის მქონე ბურჯით იყოფა. მთავარი ნავი, გვერდითებთან შედარებით, ორჯერ განიერია. იგი აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებრი, დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძე ოდნავ გაწელილი და მცირედით დეფორმირებული მოხაზულობის, აფსიდით სრულდება. აფსიდი კონქით ყოფილა გადახურული. აფსიდს სასულიერი პირთა ჩამოსაჯდომი ოთხსაფეხურიანი მერხი შემოუყვება. აღმოსავლეთ კიდეში მერხზე სამეუფეო ტახტია დაფუძნებული. საკურთხევლის მართკუთხა ამბიონი აღმოსავლეთის ბურჯებამდეა გამოწეული. ამბიონზე ასასვლელად სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან სამსაფეხურიანი კიბეებია მოწყობილი. საკურთხევლის იატაკის ქვეშ 15 კვ. მ. ფართობის კრიპტა გამოვლინდა. საკურთხევლის ორივე მხარეს კვადრატს მიახლოებული ფორმის დამხმარე სათავსებია, რომლებიც შესაბამის ნავებს კარით უკავშირდებიან. ჩრდილოეთ სათავსს ჩრდილოეთიდანაც ჰქონია შესასვლელი, რომელიც მოგვიანებით გაუუქმებიათ. ინტერიერი შელესილი და წითლად შეღებილი ყოფილა. იატაკი მართკუთხა ფორმის კერამიკული ფილებით ყოფილა მოგებული. ტაძარს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მთელს სიგრძეზე თანადროული გალერეები ეკვრის. ორივე გალერეის აღმოსავლეთ ნაწილში აფსიდით დასრულებული ეკვდერებია მოწყობილი, ჩრდილოეთის აფსიდი ნალისებრია, სამხრეთისა კი – ნახევარწრიული. სამხრეთ ეკვდერი აღმოსავლეთით მცირედით სცდება ტაძრის აღმოსავლეთ კედლის ხაზს. ჩრდილოეთ გალერეის დასავლეთ ნაწილი ხუთი თაღით ყოფილა გახსნილი. თაღები კერამიკული ფილებით ყოფილა გამოყვანილი, რომელთა სისქეც ცალ მხარეს მცირდება. ძეგლზე გამოვლენილი ხის ნაშთებისა, მოზრდილი ზომის სამსჭვალების დიდი რაოდენობისა და ანტეფიქსთა ფორმების საფუძველზე, ნ. ბახტაძე მიიჩნევს, რომ ტაძარს კოჭოვანი გადახურვა ჰქონდა, კრამიტის საბურველით. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია სწორკუთხა ფორმის, ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებული ღრმულები, რომლებიც ხის ძელების ჩასამაგრებელ ფოსოებადაა მიჩნეული. ნაგებობის სარკმლები, თაღები და გადახურვები შემორჩენილი არ არის. 

ძეგლზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოჩნდა, რომ დოლოჭოპის დიდი ბაზილიკა უფრო ადრეული ტაძრის ადგილას ყოფილა აგებული. დოლოჭოპის I (მცირე) ტაძარი 25 მ-მდე სიგრძისა და 15 მ-მდე სიგანის ნაგებობას წარმოადგენს, დარბაზულ სივრცეს საკურთხევლის გასწვრივ მდებარე დამხმარე სათავსებითა და სამმხრივი გალერეით. საკურთხეველი სწორკუთხაა, უაფსიდო და, დარბაზთან შედარებით, ვიწროა. გვერდითა სათავსები გრძივ გალერეებზე განიერია და მცირედით შეჭრილია მთავარი ეკლესიის სწორკუთხედში. სათავსები ტაძრის სივრცისგან იზოლირებულია და მხოლოდ გალერეებს უკავშირდება დასავლეთის ღიობებით. ძეგლზე ზუსტად დადგინდა ორი შესასვლელის განლაგება – დასავლეთისა და ჩრდილოეთის, თუმცა მთლიანი გეგმარებითი სტრუქტურის საფუძველზე და საქართველოს ეკლესიებში შესასვლელთა მოწყობის გავრცელებული ტრადიციის გათვალისწინებით,  საფიქრებელია, რომ შესასვლელი სამხრეთითაც უნდა ყოფილიყო. იმ ადგილას, სადაც სამხრეთის შესასვლელი უნდა ვივარაუდოთ, მოგვიანებით საძვალე და ბემა მოეწყო, რაც შეუძლებელს ხდის ამ მონაკვეთის მოწყობის დაზუსტებას. ყოველ მხარეს, ეკლესიის ძირითადი სივრცის შესასვლელების გასწვრივაა გაჭრილი გალერეათა შესასვლელებიც. ტაძარი ნაგები იყო ფლეთილი კირქვით. კედლები, როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში, შელესილი იყო კირით. პროფ. ნ. ბახტაძე, ძეგლზე გემოვლენილი ანტეფიქსების მახასიათებელთა საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ნაგებობას კოჭოვანი გადახურვა უნდა ჰქონოდა – ხის კონსტრუქციებზე დაყრდნობილი კრამიტის საბურველი. ეკლესიას თიხატკეპნილი იატაკი ჰქონია. დოლოჭოპის მცირე ტაძარი მხოლოდღა გეგმის დონეზეა შემორჩენილი, შესაბამისად სარკმლების რაოდენობასა და განლაგებაზე, ღიობთა გადახურვის ფორმაზე, ასევე ნაგებობის სივრცით გადაწყვეტაზე, მთავარი ეკლესიისა და გალერეების სიმაღლეთა შეფარდებაზე მსჯელობა სადღეისოდ შეუძლებელია. ნ. ბახტაძე დოლოჭოპის მცირე ტაძარს სამეკლესიიან ბაზილიკათა ჯგუფს მიაკუთვნებს, თუმცა, ვფიქრობ, ამ ნაგებობის გეგმარების რაობა დამატებით განხილვას საჭიროებს, რადგან, მიუხედავად მსგავსებისა, ამავე დროს გარკვეული გეგმარებითი თავისებურებებით იგი ძეგლთა აღნიშნული ჯგუფისგან ძირეულად განსხვავდება. 

ტაძრის დასავლეთით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობა იდგა, რომელიც დოლოჭოპის დიდი ბაზილიკის მშენებლობისას ახალი ეკლესიის „ფსევდო-ნართექსი“ გამხდარა (გამოვლენილი მასალის მიხედვით, ნაგებობას სამეურნეო დანიშნულება ჰქონია). შენობის პირვანდელი დანიშნულების შესახებ გამოთქმულია ვარაუდი, რომ ის საეპისკოპოსო სასახლე უნდა ყოფილიყო. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ასევე გამოირკვა, რომ დოლოჭოპის მცირე ტაძარი არქიტექტურულ კომლექსში ყოფილა ჩართული, რომელიც თავდაცვითი ზღუდეებით და სხვადასხვა დამხმარე შენობებით გარშემორტყმულ, მინიმუმ 2500 კვ.მ-ის ფართობის შიდა ეზოს მოიცავდა. სატაძრო კომპლექსი და მისი შემადგენელი ელემენტები ამ ეტაპზე სრულად გამოკვლეული არ არის და სამომავლო არქეოლოგიურ კვლევებს საჭიროებს. 

დოლოჭოპის დიდი ბაზილის დანგრევის შემდეგ ბაზილიკის შუა და ჩრდილოეთის ნავების ნაწილი, აღმოსავლეთიდან მეოთხე წყვილ ბურჯამდე, სახელდახელოდ აღუდგენიათ და ბევრად მცირე ზომის ეკლესია გამოუყვანიათ. შენარჩუნდა საკურთხევლის აფსიდი და ჩრდილოეთის პასტოფორიუმი. ამოუშენებიათ ბაზილიკის მთავარი და ჩრდილოეთის ნავების გამყოფ ბურჯებს შორის არეებიც. შედეგად ეკლესიას, ბურჯებით გაყოფილი ორი ნავის ნაცვლად აქვს მთავარი დარბაზი და კედლით გამოყოფილი ჩრდილოეთის ნავი (გალერეა). აღდგენისას შეუნარჩუნებიათ ასევე ჩრდილოეთის ეკვდერი. 

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: