თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი 1966 წელს დაარსდა და პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმია კავკასიაში. მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართული ეთნოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია. მუზეუმი საქართველოს ეთნოკულტურის მრავალფეროვნებას ასახავს. იგი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა – საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. ღია ცის ქვეშ მუზეუმი 50 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. აქ 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობაა ექსპონირებული საქართველოს შემდეგი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, სვანეთი, ქართლი, კახეთი. ერთი ზონა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს ეთმობა, რომელთა შორისაა V-VI საუკუნეების სიონის ბაზილიკა და აკლდამა, ძვ. წ. II ათასწლეულის დოლმენი აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია. მუზეუმის პირველი ექსპონატი სწორედ თიანეთის სოფელ სიონში აღმოჩენილი ქვის აკლდამა იყო, რომელიც სიონის დაგუბების გამო დაშლილი და მუზეუმში გადმოტანილი ეკლესიის ქვეშ მდებარეობდა. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნახავთ მოჩუქურთმებულ ოდა სახლებს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს, ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ ეთნოგრაფიულ მასალასა და ულამაზეს დარბაზულ სახლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორის ყველაზე ძველი XVII საუკუნის ჯავახური დარბაზია. გარდა კულტურული მნიშვნელობისა, ეთნოგრაფიულ მუზეობს შესანიშნავი გარემო აქვს და საუკეთესოა მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად განტვირთვისთვის, ქალაქის აურზაურისგან თავის დასაღწევად.
მუზეუმში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად შეისწავლონ ტრადიციული სამჭედლო და სამეთუნეო ტექნოლოგიები.