თბილისის ჭრელი აბანო (ორბელიანის აბანო)

თბილისის ჭრელი აბანო (ორბელიანის აბანო)

თბილისის ჭრელი აბანო (ორბელიანის აბანო) თბილისის ძველ უბანში, აბანოთუბანში, აბანოს ქუჩის ბოლოში მდებარეობს. იგი XVII საუკუნით თარიღდება. შენობის განაპირა სვეტებს დეკორატიული, გუმბათოვანი ფანჩატურები XIX ს-ში დაადგეს, სახეცვლილია საფასადო დეკორიც. ჭრელი აბანო აღმოსავლური ტიპის აბანოა. გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ზოგადად, აღმოსავლურ გავლენას განიცდის. ორბელიანების აბანო ყურადღებას იქცევს ფერადი შორენკეცებით შემკული, ორნამენტული ფასადით, იგი ძლიერ აქცენტს ქმნის აბანოს ქუჩის კომპოზიციაში. ნაგებობის ცენტრალური, ვერტიკალური მართკუთხედის ფორმის, ფასადი დეკორატიული სვეტებითაა ფლანკირებული, რომლებიც მინარეთისებრი, პატარა გუმბათოვანი ფანჩატურებით სრულდება. ფასადის ძირითადი არე სწორკუთხედში მოქცეული, ღრმა შეისრული თაღია, რომელიც ორ იარუსადაა გაყოფილი. მეორე იარუსზე აივანია მოწყობილი. თაღის სწორკუთხა მოჩარჩოება პატარა შეისრულთაღოვანი ნიშებისგან შედგება. ორივე სართულზე სამი შეისრულთაღოვანი ღიობია (ზედა სართულზე განაპირა ღიობები სარკმლებია), თითოეულში ჭვირული კარია ჩასმული, ტიმპანის არეში კი – ვიტრაჟებია. ორნამენტულ მორთულობაში გვხვდება, როგორც გეომეტრიული, ასევე მცენარეული მოტივები. ფერთა გამაში ჭარბობს ლურჯის სხვადასხვა ტონალობები, რომელიც შეხამებულია მოვარდისფრო პასტელურ ტონთან, დეტალების დამუშავებაში გამოყენებულია ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერები, რაც მსუბუქ კონტრასტს და ცოცხალობას ქმნის. თაღსა და სწორკუთხა ჩარჩოს შორის მოქცეული არე მცენარეული, ხვეულა მოტივითაა მორთული, თაღის შეღრმავება – კალეიდოსკოპიური დეკორით, სვეტები და ნიშები რომბებით. ფასადის დანაწევრება რიტმული და სიმეტრიულია. ხალიჩისებრი, ფერადოვანი დეკორი შენობის მკვეთრად გამოხატულ ფორმებს გარკვეულად არბილებს, კონტრასტს ასუსტებს. აბანოს დანარჩენი ფასადები სრულიად სადაა. ინტერიერიც აღმოსავლური აბანოსთვის სახასიათოა. შენობის კორპუსის უკანა ნაწილი საფეხურებად დაბლდება. აბანოს ფუნქციონირებისთვის გამოიყენება გოგირდოვანი თერმული წყალი. ჭრელი აბანო (ორბელიანის აბანო) დღესდღეობით კეთილმოწყობილი და მოქმედია.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.