ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის მონასტრის ასახვევთან ახლოს, დახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ძეგლის დათარიღებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პირვემკვლევრები ჭაბუკაურის სამნავიან ბაზილიკას IV საუკუნით ათარიღებენ, თუმცა გამოთქმულია მოსაზრებები უფრო გვიანი ხანით დაარიღებაზე (VI ს.). კომპლექსი მოიცავს დიდ სამნავიან ბაზილიკას, მოგვიანებით მინაშენ მომცრო ზომის ტაძარსა და დარბაზულ სამლოცველოს. ხუროთმოძღვრული ანსამბლი 1998-2006 და 1015-2019 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. 1998-2003 წლებში არქეოლოგიურ სამუშაოებს ლ. ჭილაშვილი ხელმძღვანელობდა, 2004 წლიდან კი – ნ. ბახტაძე. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ჭაბუკაურის ბაზილიკა უნდა იყოს IV საუკუნეში მეფე თრდატის მიერ ნეკრესში აგებული ეკლესია. არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოვლინდა, რომ კომპლექსი აგებულია წარმართული ტაძრის ადგილას.
ჭაბუკაურის ბაზილიკა 34 მ-მდე სიგრძისა და 15 მ-მდე სიგანის სამნავიანი ბაზილიკაა. ეკლესია ნაგებია კირქვის საშუალო ზომის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. ღიობთა კუთხეებისთვის, სვეტისთავებისა და თაღებისთვის გამოყენებული იყო თლილის შირიმის ქვები. კედლები 1,1-დან 1,2 მ-მდე სისქისაა. შესასვლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ჩრდილოეთის შესასვლელი ცენტრიდან აღმოსავლეთითაა გაჭრილი, სამხრეთისა კი – ცენტრიდან დასავლეთით. გრძივ კედლებში გაჭრილი კარის ღიობების ამგვარი განლაგება, შესაძლოა, შიდა სივრცის სქესის მიხედვით განივ დაყოფაზე მიანიშნებდეს. გათხრებისას დასავლეთის შესასვლელთან რკალურად ნათალი შირიმის ქვები გამოვლინდა, რაც შესასვლელის ნახევრწრიულთან მიახლოებული ფორმის გადახურვაზე ან ასეთივე ფორმის ტიმპანის არსებობაზე უნდა მიანიშნებდეს. ტაძრის შიდა სივრცე გეგმაში კვადრატული ფორმის ბურჯების 5 წყვილით სამ ნავადაა დაყოფილი. გათხრებისას ტაძრის ინტერიერში აღმოჩენილი შრიმის ქვისგან ნათალი თაღის ფრაგმენტების გაზომვითა და თაღის ზომის გამოთვლის მონაცემებზე დაყრდნობით, ნ. ბახტაძე მიიჩნევს, რომ ბურჯებზე გრძივი მიმართულებით თაღები იყო გადაყვანილი. საკურთხეველი მართკუთხა ფორმისაა, უაფსიდო. მის ორივე მხარეს უაფსიდო დამხმარე სათავსია, რომლებიც დასავლეთის კარის ღიობით შესაბამის ნავებს უკავშირდებიან. საკურთხევლის იატაკის ქვეშ სწორკუთხა მოხაზულობისვე კრიპტა გამოვლინდა. კრიპტაში აღმოჩნდა კონქის ნანგრევი, ჩანს საკურთხეველი კონქით ყოფილა გადახურული, თუმცა სწორკუთხედიდან ნახევარწრიულ მოხაზულობაზე გადასვლისთვის რა შუალედური კონსტრუქციული ელემენტი იყო გამოყენებული უცნობია. საკურთხევლის ცენტრში ოთხფეხა ტრაპეზის მაგიდა მდგარა, გათხრებისას გამოვლინდა მაგიდის, ალებასტრისგან დამზადებული, მოჩუქურთმებული, საყრდენი კაპიტელების ფრაგმენტები, ბოლოებგაგანივრებული ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულებით. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შელესილი და წითლად შეღებილი ყოფილა. იატაკი მოგებული ყოფილა ფიქლით. ცოტა მოგვიანებით დასავლეთიდან ტაძრისთვის რიყის ქვით ნაგები ნართექსი თუ კარიბჭე მიუშენებიათ. ნ. ბახტაძე მიიჩნევს, რომ ნაგებობას ხის კონსტრუქციაზე დაყრდნობილი კრამიტის გადახურვა ჰქონია.
სამნავიანი ბაზილიკის დანგრევიდან გარკვეული დროის შემდეგ, მის ჩრდილოეთ კედელზე უფრო მომცრო ზომის ეკლესია მიაშენეს (21.1 მ. X 10.2 მ.). მშენებლობისას გამოუყენებიათ ბაზილიკის შემორჩენილი კედლები, დანარჩენი ნაწილი კი ბაზილიკის ნაშალი სამშენელო ქვით ამოუყვანით. ნაგებია სუსტ კირხსნარზე. ტაძარი გეგმარებით ახლოს დგას ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკების ჯგუფთან. შესასვლელი სამია – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. საკურთხეველი, დარბაზთან შედარებით, სამი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი შემოუყვება, რომლის ცენტრში მღვდელმთავრის სავარძელი იყო მოწყობილი. სამხრეთიდან დარბაზს სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავში ბურჯებს შორის კედლების ჩამატებით მიღებული გალერეა ეკვრის. დარბაზს გალერეები აკრავს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაც, თუმცა ისინი გარშემოსავლელად არ იკვრება, ერთმანეთისგან კედლებით არიან გამიჯნული. ჩრდილოეთის გალერეის აღმოსავლეთით აფსიდალური სათავსია გამოყოფილი, რომელიც სამხრეთის კარით მთავარ დარბაზს, დასავლეთის კარით კი გალერეას უკავშირდება. გალერეის ჩრდილოეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. ეკლესიის ნგრევის ფაზის დროინდელ ფენაში გამოვლინდა შაჰ ჰორმიზდ IV-ის (579-590 წწ.) და იმპერატორ ფლავიუს ფოკას (602-610 წწ.) თითო მონეტა. როგორც ჩანს, ამ ტაძარს VII ს-ის II ნახევარში შეუწყვეტია ფუნქციონირება.
სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით დარბაზული ტიპის სამლოცველო გამოვლინდა. იგი ნაგებია კირქვით მაღალი სიმკვრივის დუღაბზე. შესასვლელი სამია – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდი ექსტერიერში მცირედით ვიწროა, დარბაზთან შედარებით. სამლოცველოს იატაკი მოგებული იყო კარგად გამომწვარი თიხის ფილებით. ნ. ბახტაძე მიიჩნევს, რომ სამლოცველო სამნავიანი ბაზილიკის ფუნქციონირების ხანაშივე უნდა იყოს აგებული.
იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒
იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ნ. ბახტაძე, ვ. მამიაშვილი, ბ. გაბეხაძე და ჯ. ჩხვიმიანი – ნაქალაქარ ნეკრესის უძველესი ქრისტიანული ტაძრები. თბილისი, 2020. (მიჰყევით ბმულს).
- ნ. ბახტაძე – „ნეკრესის ნაქალაქარზე გამოვლენილი ჭაბუკაურის ბაზილიკის დათარიღებისათვის“. ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში N19, 2010. (მიჰყევით ბმულს).
- დ. თუმანიშვილი – გზაჯვარედინზე: წერილები, ნარკვევები. თბილისი, 2008.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა 1-I. თბილისი, 2013. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- “ჭაბუკაურის” სატაძრო კომპლექსი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი. ka.wikipedia.org ⇒