თეჯისის მენჰირი

თეჯისის აია კონსტანტინი

თეჯისის მენჰირი ძვ.წ. II-I ათასწლეულების მეგალითია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისში მდებარეობს. თეჯისში ორი ეკლკესიაა, წმ. გიორგისა და აია კონსტანტინი (წმ. კონსტანტინე). სწორედ აია კონსტანტინის ეკლესიაში, რომელსაც მეგალითური გალავანი აქვს შემოვლებული, დგას მენჰირი. მისი სიმაღლე 3.80 მეტრია. მენჰირს გარშემორტყმული ჰქონია კრომლეხი (მეგალითური ნაგებობების ერთ-ერთი ტიპი – წრიულად ან კვადრატულად განლაგებული ქვის ფილები), რომლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. თეჯისის მენჰირზე ქრისტიანულ პერიოდში ჯვარი ამოუტვიფრავთ. ტაძარი იმდენად პატარაა, რომ შიგნით მენჰირის შეტანა შეუძლებელი იქნებოდა, იგი ქვა-სვეტის გარშემო შემოუშენებიათ. ეკლესიის მიმდებარედ ჩანს წრიული წყობის მეგალითური ნაგებობების ნაშთები. ეკლესიის მცირე ზომის გამო შიგნით ასეთი გრანდიოზული ძეგლის ნახვა იმდენად მოულოდნელია, რომ უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. აია კონსტანტინი და მასთან მდებარე მეგალითები ძალიან ლამაზ ადგილას არის აგებული, გარშემო შესანიშნავი ვრცელი ხედებია, იქვეა მშვენიერი ფიჭვნარიც. თეჯისში მდებარე წმ. გიორგის ეკლესიასაც მეგალითური გალავანი აქვს.
მენჰირი ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობაა, იგი ვერტიკალურად მდგარ ლოდს წარმოადგენს. მათი სიმაღლე ხანდახან 20 მეტრსაც კი აღწევს. მენჰირებზე ხანდახან სიმბოლური დატვირთვის მქონე გამოსახულებებია ამოტვიფრული. ამ მონოლითების ზუსტი დანიშნულება დადგენილი არ არის, შესაძლოა მათ საკულტო დანიშნულება ჰქონდათ, სასაზღვრო ნიშნებს წარმოადგენდნენ, მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებული ან რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით დგამდნენ. ეს ქვები მთელ მსოფლიოშია გაბნეული, სხვადასხვა სიმაღლის, ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული.

 

როგორ მივიდეთ

სოფელ თეჯისში მოსახვედრად წალკის გზიდან სოფელი ბარეთისკენ უნდა გადაუხვიოთ, გზად ბარეთის ტბის ხედითაც დატკბებით. თეჯისამდე მიდის სამანქანე გრუნტის გზა, თუმცა ბოლო მონაკვეთზე ძალიან ცუდი გზაა და თუ შესაბამისი მანქანით არ ხართ წასული სჯობს ის სოფლის თავზე დატოვოთ და ფეხით განაგრძოთ. თეჯისის მენჰირი სოფლის თავზე, თეჯისის აია კონსტანტინის ეკლესიაში დებარეობს, ფეხით გასავლელი დაახლოებით 500 მეტრი გექნებათ. წალკის გზიდან სოფელ თეჯისამდე 11 კმ-ა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.