თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია

თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლებთან – ვაზიანთან და ქსოვრისთან ახლოს მდებარეობს. ტაძარი ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარის ტერიტორიაზე დგას, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი ფართობი უჭირავს. ნასოფლარზე სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევები და სხვადასხვა სახისა და დანიშნულების კერამიკის ნატეხები გამოვლინდა. ნასოფლარის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია დიდი მარნის ნანგრევები. ჯვარპატიოსნის ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. იგი გარდამავალი პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ნაგებობა კოხტა პროპორციებით გამოირჩევა. მხატვრული გადაწყვეტა ლაკონური და დახვეწილია. ყურადღებას იქცევს ტაძრის რელიეფები. ინტერიერში შემორჩენილია IX და X საუკუნეების მოხატულობების მცირე ფრაგმენტები. თელოვანის IX საუკუნის ფრესკები ერთ-ერთი უადრესია ქართული მონუმენტური მხატვრობის ნიმუშებს შორის. XVIII საუკუნეში ტაძარი შეუკეთებიათ. განუახლებიათ გუმბათის კონუსი, გაუმაგრებიათ დასავლეთის მკლავის კედლები, ამოუშენებიათ დასავლეთის სარკმელი და სამხრეთის კარი, დასავლეთით კი სამრეკლო მიუშენებიათ. 1952 – 1954 წლებში ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდა: გაიწმინდა და გამაგრდა კონსტრუქციული ელემენტები, აღადგინეს კედლებისა და გუმბათის ყელის დანგრეული ნაწილები, მთლიანად შეიცვალა სახურავი, ასევე ეკლესიას, ძველი გეგმის მიხედვით, ახალი გალავანი შემოავლეს. თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია თავისი მხატვრული და საეტაპო ღირებულებით ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.

არქიტექტურა

თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია ტრიკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. აღმოსავლეთით შვერილი აფსიდია, სამხრეთისა და ჩრდილოეთის აფსიდები კი სწორკუთხედშია მოქცეული. სამივე აფსიდი ბემითაა დაგრძელებული. საკურთხევლის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია, რომლებსაც შესასვლელები ბემიდან აქვთ. პასტოფორიუმები აფსიდალურია. კვადრატიდან გუმბათის ყელის რვაკუთხედზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდება. ტრომპების კიდევ ერთი რიგით კი რვაკუთხედიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება. ნაგებობის ყოველ მკლავში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ პასტოფორიუმებსაც. გუმბათში ოთხი პატარა, მრგვალი სარკმელია. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონდა, სამივე დასავლეთის მკლავში, მკლავის დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. სამხრეთის შსასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. ტაძარს სამხრეთიდან მინაშენი ჰქონია, რომლისგანაც მცირე ნაშთი და ერთი კაპიტელია დარჩენილი. ინტერიერში შემორჩენილია IX და X საუკუნეების მოხატულობების მცირე ნაშთები. IX საუკუნეების ფრესკები გვხვდება საკურთხეველში, X საუკუნის მხატვრობა კი – დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში. საკურთხევლის კონქში გამოსახული ყოფილა ტახტზე მჯდომი ქრისტე (ქრისტე პანტოკრატორი, ყოვლისმპყრობელი ქრისტე) და მთავარანგელოზები. დღესდღეობით კონქის მოხატულობისგან უმცირესი ფრაგმენტებია გამოსახული და ძლივსღა შეიძლება სიუჟეტის გარჩევა. ქვედა რეგისტრში მოციქულთა გამოსახულებებია. ამავე რეგისტრის ცენტრში, სარკმლის თავზე, მედალიონია მაცხოვრის პორტრეტის გამოსახულებით (მანდილიონის გამოსახულება). მოხატულობა ხასიათდება მონუმენტურობითა და თბილი კოლორიტით, გამოყენებულია რუხი, ღია ვარდისფერი, მოწითალო – აგურისფერი, ლურჯი და მუქი წითელი ფერები. X საუკუნის მოხატულობიდან შემორჩენილია წმინდანთა გამოსახულებების ძალიან დაზიანებული ფრაგმენტები. კოლორიტი მსგავსია ადრეული მოხაყულობისა. საფასადო მორთულობა სადა და დახვეწილია. დასავლეთის შსასვლელის არქიტრავზე გამოსახულია ორი ხე (კიდეებში) და ორნამენტულ მოჩარჩოებაში მოქცეული მცირე ზომის ვარსკვლავისებური მეგალიონები და სამი ჯვარი (გოლგოთის კომპოზიციის ალეგორია). განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის შესასვლელის დასავლეთ მხარეს ჩასმული რელიეფური ქვა, რომელზეც გამოსახულია დანიელი ლომთა ხაროში. საინტერესოა, რომ აქ გვხვდება დანიელის ორი კომპოზიცია, მარჯვენა კლასიკურია – ცენტრში დანიელი, ორივე მხრიდან – ლომები, მარცხენა კომპოზიციაზე კი ცენტრში ჯვარი და თევზია (ქრისტეს სიმბოლო), ჯვრის ორივე მხარეს დანიელის თითო ფიგურაა ლომთან ერთად. აქვეა ირმები, რომლებიც პალმის ნაყოფს შეექცევიან (ხშირად გვხვდება დანიელის კომპოზიციებში). სამხრეთის ამოშენებული კარის თაღი და დასავლეთის სარკმელი შემკულია ძალიან ნატიფი მცენარეული ორნამენტებით. სადა დეკორი აქვს სამხრეთის სარკმელსაც. გუმბათი თაღედითაა დეკორირებული. გუმბათის სარკმლებს კი გვირილისებური საპირეები აქვთ. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტებისათვის და გუმბათისთვის გამოყენებულია კირქვის ან შირიმის თლილი კვადრები. ტაძარს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც თავდაპირველი გეგმის მიხედვით აშენდა.

იხილეთ ნახევრადთავისუფალი ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *