თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია

თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მთის ფერდობზე, კოწახურასა და საყდრიანის ხევის თავში. ტაძარი გვიანი შუასაუკუნეებით თარიღდება, თუმცა აქ მონასტერი VI საუკუნეში დაუარსებია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს – თადეოზ (თათე) სტეფანწმინდელს. იგი წლევის მთაზე, მღვიმეში ცხოვრობდა. მთაზე ორ ქვაბულს ახლაც დაინახავთ, თუმცა სავარაუდოდ აქ უფრო ვრცელი გამოქვაბულთა კომპლექსი უნდა ყოფილიყო. მღვიმეები ამჟამად მიუდგომელია. ვარაუდობენ რომ თადეოზ სტეფანწმინდელი სწორედ თეთრახევის მონასტერშია დასაფლავებული, თუმცა საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ვახუშტი ბაგრატიონი მონასტრის შესახებ წერს: “კასპს ზეით, წლევის მთაში, არს მონასტერი მამებას, სტეფან წმიდისა, თათესაგან, იგ მამათაგანის, ქმნული. დაფლულია წმიდა თათე მუნ. იტყვიან ამის ნაწილის აღმოსლვასა, ვითარცა წმიდის შიოსას”. ახლანდელი ეკლესია გვიან ფეოდალურ ხანაში ძველი მონასტრის ადგილას აუგიათ. თეთრახევის მამების ტაძარი ძალიან დაზიანებულია, მისი დიდი ნაწილი ჩამონგრეულია, ჩაქცეულია კამარა და ფასადის ქვებიც ამოცვენილია.

 

არქიტექტურა

თეთრახევის მამების მონასტრის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. აღმოსავლეთით მას ღრმა, ნახევარწრიული აფსიდი აქვს. აფსიდის მხრების წინ ბემაა, ჩრდილოეთ მხარის ბემას მარტივი, თაროსებრი კაპიტელი აქვს შემორჩენილი, რომელსაც გრძივი კედლების მიმდებარე თაღის ქუსლი ეყრდნობა. გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღისა და კედლის მიმდებარე თაღების ქუსლები ეყრდნობოდა. დასავლეთი კედელი, რომელიც მთელ სიმაღლეზეა შემორჩნილი, სრულიად გლუვია. დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. აფსიდში გაჭრილია ფართო, ქვის ფილით გადახურული სარკმელი, რომელიც გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა, ასევე ქვის ფილებით გადახურული ნიშია. სარკმლის კვალი ჩანს სამხრეთ კედელშიც. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ფასადებს შორის დასავლეთისა ყველაზე უკეთაა შემორჩენილი. კედლის ცენტრალურ ნაწილში შეიმჩნევა კარის კვალი, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. ამავე ფასადზე შემორჩენილი ფრონტონის ნაწილი შეკეთების დროს აგურით ამოუშენებიათ. ნაგებობის ჩრდილოეთ კედელი კონტრფორსითაა გამაგრებული. დასავლეთის კედელში ყურადღებას იქცევს ორი ქვა, რომლებიც მთლიანად გაქვავებული ნიჟარებისგან შედგება. გაქვავებულ ნიჟარებს ბევრგან შეხვდებით, თუმცა სამშენებლო წყობაში გამოყენებულ განამარხებული ნიჟარების კვადრებს ხშირად ვერ ნახავთ. ტაძარს სამხრეთიდან ეკვრის მინაშენი. ეკლესიის სამხრეთ ნაწილში, მინაშენის გაგრძელებაზე ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კამაროვან კარიბჭე-გასასვლელს წარმოადგენს და სამხრეთით თაღითაა გახსნილი. იგი ეკლესიისგან განსხვავებული წყობათაა ნაგები. მეორე სართული – სამრეკლო მთლიანად აგურისაა. შემორჩენილია სამი ბურჯის ფრაგმენტი. ბურჯების განლაგების მიხედვით ჩანს, რომ სამრეკლოს ფანჩტური ოთხივე მხრიდან ღიობებით იყო გახსნილი. სამწუხაროდ ძეგლის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება. ვფიქრობ, ეკლესია მოიცავს რამდენიმე სამშენებლო ეტაპს, შეინიშნება წყობათა სხვადასხვაობა და პერიოდული აღდგენების კვალი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *